"ახალგაზრდა ადვოკატების" ორგანიზებით, თემაზე: "საზოგადოებრივი უსაფრთხოება და არასამთავრობო ორგანოზაციები" მრგვალი მაგიდა გაიმართა. სადისკუსიო შეხვედრაზე 20-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ეროვნული უსაფრთხოების საკითხზე იმსჯელა და საქართველოს მთავრობას საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის საკითხზე ერთობლივი განცხადებით მიმართა.
"მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივი უსაფრთხოების, სტაბილურობისა და სამოქალაქო უფლებების დაცვის პროცესში საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს განსაკუთრებული მოვალეობა აკისრიათ. შესაბამისად, მესამე სექტორის მხრიდან შესაძლო არეულობაში მონაწილეობა პირდაპირ ზიანს მიაყენებს სამოქალაქო ინსტიტუტებს. შესაბამისად, საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას განსაკუთრებული ყურადღება მართებს, რათა საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის საკითხებზე მიიღოს კანონით ნებადართული პრევენცია და განახორციელოს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის ძირეული დებულებების დაცვისთვის მოქმედებები", - ნათქვამია მიმართვის ტექსტში.
მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს მიმდინარე სამოქალაქო სამართლებრივ პოლიტიკურ პროცესებში არასამთავრობო ორგანიზაციების როლზე.
"მივმართავთ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს გამოიჩინონ განსაკუთრებული სამართლებრივი პასუხისმგებლობა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა მათი საქმიანობის, ოპოზიციური მიზნების გამოყენებისთვის. მნიშვნელოვანია სამოქალაქო ჩართულობა, თუმცა დაუშვებელია სამოქალაქო შეხედულებების ფორმირება კანონის უზენაესობის დარღვევით განხორციელდეს. მივიჩნევთ, რომ თუკი არსებობს რომელიმე ჯგუფის მიმართ ანტიკონსტიტუციურ ქმედებებისადმი დავალება და განხორციელების სურვილი, აუცილებელია საჯარო გახდეს ასეთი მოქმედებებისთვის მტკიცებულებები", - ნათქვამია განცხადებაში.
"ახალგაზრდა ადვოკატების" ხელმძღვანელის არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შორის საზოგადოებრივი უსაფრთხოების, სტაბილურობისა და სამოქალაქო უფლებების დაცვის საკითხზე დიალოგი ხელს შეუწყობს ობიექტურად შეფასდეს არსებული გამოწვევები და მდგომარეობა. მისი თქმით, დაუშვებელია საზოგადოებრივი ინსტიტუტები და მათი საქმიანობა გამოყენებული იყოს ისეთი მიზანმიმართული ქმედებისთვის, რომელიც საზოგადოებრივ სიმშვიდეს საფრთხეს შეუქმნის. "ახალგაზრდა ადვოკატები" საკითხთან დაკავშირებით დიალოგის ინიციატივით გამოდის, რათა საზოგადოებამ თავად შეაფასოს მოვლენები, რომელიც ქვეყნის განვითარების მნიშვნელობას ეხება.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...-gaimartha.html