1985 წელს, ლამბორგინის ქარხანაში ლეგენდარული Countach-ის შეცვლაზე დაიწყეს ფიქრი,
ავტომწარმოებლის V12-იანი სუპერქარების ხაზის ბოლო მოდელი უკვე საკმაოდ ძველდებოდა,
შესაბამისად, ბაზარზე მოთხოვნამაც მკვეთრად დაიკლო.
მიუხედავად ამისა,
პროექტი 132 ხუთი წელი იმყოფებოდა დამუშავების პროცესში,
მისმა ბიუჯეტმა კი 6 მილიარდი იტალიური ლირა შეადგინა.
Lamborghini Countach - 1974–1990
ვინც ცოტათი მაინც ჩახედულია ამ ავტომწარმოებლის ისტორიაში,
ეცოდინება ფერუჩიო ლამბორგინის კორიდასადმი სიყვარულის შესახებაც.
Countach-ის გარდა, მის თითქმის ყველა მოდელს კორიდასთან დაკავშირებული სახელი ერქვა...
ტრადიცია მის უკანასკნელ პროექტზეც გავრცელდა.
დეტალები წყაროების მიხედვით განსხვავდება, საერთო ისტორია კი ერთია:
- მადრიდში, 1869 წლის 11 ივლისს, ვერაგუას ჰერცოგის მძვინვარე ხარსა
და ტორეადორ ელ ჩიკოროს შორის დაუნდობელი ბრძოლა გაიმართა...

ცხოველი, ცნობილი თავისი დაუნდობლობით, არანორმალური ძალითა და ტანჯული ცხოვრებით,
ისტორიაში
Diablo-ს (
ესპ. ეშმაკი) სახელით შევიდა.
რა თქმა უნდა ამ ყველაფერთან ერთად, ჰერცოგის ხარი საკმარისად აგრესიული აღმოჩნდა იმისათვის,
რომ ლამბორგინის სუპერქარის დასახელება გამხდარიყო...
ავტომობილის დიზაინი (ისევე როგორც მისი 2 წინამორბედის) შემუშავებულ იქნა მარჩელო განდინის მიერ. დიზაინზე და კომფორტზე მკვეთრი გავლენა - კერძოდ კი აგრესიული, კუთხოვანი დეტალების ამოღება განპირობებული იყო კრაისლერის მოთხოვნით, რომელმაც კომპანია 1987 წელს შეიძინა. მიზანი იყო შექმნილიყო უფრო ჰუმანური, კომფორტული, ნაკლებად მოძალადე და აგრესიული ავტომობილი, რომელიც საზოგადოების მაღალ ფენებში დისკომფორტის იმიჯს არ შექმნიდა. ეს ყველაფერი კრაისლერის ღრმა კომერციულ ოცნებებში დარჩა, რადგან წარმოებაში ჩაშვების შემდეგ უკვე ნათლად ჩანდა რომ მარჩელო განდინიმ დიაბლოს სული მიჰყიდა...
Lamborghini-ს ახალი სუპერქარი პუბლიკის წინაშე 1990 წლის 21 იანვარს მონტე კარლოში, 'Hotel de Paris'-ში წარსდგა. 240'000$-ზე მეტი ღირებულების თაობაზე მომხმარებლებს საკმაოდ სპარტანული ავტომობილი მიეწოდებოდათ: ჩვეულებრივი აუდიო სისტემა CD Player-ით, მექანიკური-არაელექტრო შუშის ამწევები, რეგულირებადი მაგრამ არა ელექტრო სავარძლები და არავითარი ABS-ი. ამ ყველაფრის მიზანი დიაბლოს ისედაც მაღალი წონის შემცირება იყო. დამატებითი პაკეტები მოიცავდა: მყიდველის სურვილით შეკერილი სავარძლებს, უკანა სპოილერს, საბარგო ჩემოდნებს და ექსკლუზიურ Breguet-ის საათს, რომლის ღირებულებაც 10,500$-ს შეადგენდა.

V12-იანი სუპერქარების ახალი სტანდარტული მოდელის კონსტრუქცია უკანა წამყვანი და რა თქმა უნდა ცენტრალურძრავიანი იყო, მისი ტექნიკური მახასიათებლები კი ასე გამოიყურებოდა:
ძრავა: - Lamborghini V12 [Dual Overhead Cams] მოცულობით 5.7 ლიტრი, ცილინდრზე 4 კლაპანი [სულ 48]
კომპიუტერით კონტროლირებადი multi-point fuel injection, რომელიც Weber-თან და Marelli-სთან თანამშრომლობით შეიქმნა.
გადაცემათა კოლოფი: 5 სიჩქარიანი მექანიკა
სიმძლავრე: 499 ცხენის ძალა (499 PS [DIN], 492 HP [SAE])
მაბრუნებელი მომენტი: 579 ნიუტონ მეტრი (427 ft•lbf)
0-100 კმ/სთ: 4 წამზე ნაკლები
წონა: ~1600 კგCountach-ისგან განსხვავებით უკანა საჰაეროები კუზაოში ინტეგრირებულია, რომელთა მეშვეობითაც ჰაერი რადიატორებისკენ და ძრავისკენ მიემართება. უკანა ბამპერი კი უზრუნველყოფს ცხელი ჰაერის გამოდინებას 12 ცილინდრიანი ძრავის მიმდებარე სივრციდან. კარნიზის უკანა და წინა ბამპერის დამატებითი საჰაეროები აგრილებს უკანა და წინა მუხრუჭებს, რომლებიც დაფარულია 17 ინჩიანი ნახევრად ალუმინის OZ-ის დისკებით და Pirelli P Zero საბურავებით. სუპერქარში სხვადასხვა სახის მეტალია გამოყენებული - მგზავრების ადგილს იცავს გამაგრებული მეტალის კონსტრუქცია, სხვა კუზაოს ნაწილებს კი მჩატე ლითონი - ძირითადად ალუმინი. სიგანი იგივე გამოვიდა რაც Countach-ის და ავტომობილის პარკირებაც არ იყო ადვილი, თუმცა წინამორბედივით კარების კონსტრუქცია იყო აწ უკვე ე.წ. Lambodoors-ი. ახალი სუპერქარის ხილვადობა წინამორბედზე ბევრად უკეთესი იყო. თუნდაც იმიტომ რომ უკანა ფანჯარას ძრავი აღარ ეფარებოდა.
Diablo იყო ლამბორგინი... და მიუხედავად ყველაფრისა არა მხოლოდ სახელით - დაბალი, განიერი და უკიდურესად სწრაფი. მისი topspeed-ი 325 კილომეტრ საათით განისაზღვრა, თუმცა Nardo-ს ტრეკზე, Sandro Munari-მ 340 კილომეტრ საათის განვითარება შეძლო. მიღწეულ იქნა როგორც Countach-ის შეცვლის მთავარი საბაბი (320 კმ/სთ-ზე მაღალი მაქს. სიჩქარე), ასევე მთავარი მიზეზიც - იტალიურმა სატანამ Ferrari F40 დაამარცხა და სუპერქარების ბაზარზე პირველი ადგილი დაიკავა (Bugatti EB110-ს და Jaguar XJ220-ს გამოსვლამდე).
1990 წლის ივნისში, პროექტის დაწყებიდან ზუსტად 5 წლის შემდეგ, შემკვეთებმა უკვე მიიღეს იტალიური სუპერქარები. დიაბლო კარგად იყიდებოდა და კომერციული თვალსაზრისით პრობლემა არ შექმნია. მან ბევრი ტესტი და შემოწმება გაიარა სხვადასხვა ჟურნალებისა და ავტოსფეროს მიერ, ყოველთვის წარმატებით და დადებითად. თუმცა რამდენიმე პრობლემა მაინც არსებობდა: პირველ რიგში ეს იყო ჰიდრავლიკის არ ქონდა და მეორე რიგში ეს იყო "სცეპლენიის" სიმძიმე - ანუ პრობლემები, რომელებიც ლამბორგინის ამ მოდელამდეც აწუხებდა. საკითხი საბოლოოდ 1993 მოიხსნა, როდესაც დიაბლოს ახალი ვერსია - Diablo VT გამოვიდა.
Viscous
Traction ვერსიაში გაუმჯობესებული იქნა ძირითადად კომფორტი და მართვადობა. ავტომობილზე დაყენებული იქნა AWD სისტემა, რომელიც დაახლოებით მაბრუნებელი მომენტის 25%-ს წინა საბურავებზე ანაწილებდა. 1995 წელს გამოჩნდა Roadster ვერსიაც.
ლამბორგინის 30-ე წლისთავის აღსანიშნავად 1994-1995 წლებში შეზღუდული სერიით გამოდიოდა Diablo
Special
Edition 30 (სულ 150 ერთეული, სიმძლავრე - 530 HP) და მისი მოდიფიკაცია Diablo SE30 Jota (სულ 28 ერთეული, 6 სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფით, სიმძლავრე - 603 HP). Jota თავისი კარბონის ნაწილებით, სტანდარტულ დიაბლოზე დაახლოებით 150 კგ-ით მჩატე იყო. გარეგნულად განსხვავებული ბამპერები, აეროდინამიკური ღობეები და სახურავზე 2 საჰაერო, თუმცა მის გარეშეც საკმაოდ ადვილი იყო სტანდარტული დიაბლოსგან გამორჩევა. SE30-ში და Jota-ში Lamborghini-მ გადაწყვიტა არ დაეყენებინა VT-ს მსგავსი AWD და დაკიდების სისტემა. თუმცა Special Edition ვერსიებში დაკიდების სისტემის სიმაგრე სალონიდან ელექტრონულად მართვადი იყო.
Diablo VT, VT Roadster, SE30, SE30 Jota
ლამბორგინის ყველაზე სწრაფი ავტომობილის შექმნა დღემდე საკმაოდ გასაიდუმლოებულია. არსებობს რამდენიმე წყარო რაც ადასტურებს, რომ გადაწყვეტილება იქნა მიღებული Diablo VT-ში ძრავის მოცულობის 7 ან 8 ლიტრამდე გაზრდისა. გამოთვლების მიხედვით, stock კომპრესიაზე 640 ცხენის ძალის მიღება იქნებოდა შესაძლებელი.
იდეა არ მოიწონეს და აირჩიეს სხვა ალტერნატივა: ორი Garret T4 ტურბინა, სპეციალურად შექმნილი Intercooler-ი, კლაპნები, ცილინდრები და ა.შ. დინამომეტრზე გატესტვის დროს ტურბინის მაქსიმალურ წნევაზე ამოღებული იქნა 1170 HP, რაც ავტომობილის წინა ხიდის ვისკომუფტას ნაწილებად ამსხვრევდა. Diablo
VT Twin
Turbo-ს სიმძლავრე საბოლოოდ 600 HP-ით განისაზღვრა 6 PSi წნევაზე და 750 HP-ით 9 PSi წნევაზე.
რამდენიმე წლის წინ Platinum Motors Ca.-მ Diablo VTTT გასაყიდად გამოიყვანა, 100-მდე 3.2 წამის აჩქარების მქონე 750 ცხენისძალიანი მონსტრის ფასი არც თუ ისე ცოტა იყო (500'000 $).
ყველა ვერსიას ძრავთან ახლოს აქვს ემბლემა, სადაც ნაჩვენებია ავტომობილის ნომერი და იმ ადამიანის სახელი და გვარი, ვისთვისაც სპეციალურად იქნა აწყობილი VTTT.
არსებობს დაუზუსტებელი ინფორმაცია, რომ სულ გამოშვებულია 6-იდან 7-მდე Twin-Turbo ვერსია, ჭორების მიხედვით ერთ-ერთ მათგანს 1000 ცხენის ძალაზე მეტი სიმძლავრე აქვს...
Diablo SV, იგივე
Super
Veloce-ი 1995 წლიდან ეშმაკის დამატებითი პაკეტი იყო. მას არ ჰქონდა VT-ს AWD და ელექტრო დაკიდების სისტემა, თუმცა გააჩნდა მსგავსი სალონი და გაძლიერებული მუხრუჭები. SV ვიზუალურად ჩვეულებრივი დიაბლოსგან რეგულირებადი, განსხვავებული სპოილერით და საჰაეროებით გამოირჩეოდა. მისი 5.7 ლიტრიანი ძრავა კი უკვე 517 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა.
1996 წელს, ჟენევის ავტოსალონში Diablo SVR -
Supertrophy იქნა წარდგენილი. შექმნის იდეა 24 Hours of Le Mans-იდან მოდიოდა. მაგრამ გამარჯვების ტიტული მიღებულ იქნა BPR GT სერიებში, ტომას ბჩერის მიერ.
SVR-ი 1194 კგ-ს იწონიდა (SV ვერსიაზე 191 კგ-ით მჩატე) და 547 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. Supertrophy გახდა პირველი დიაბლო, რომელიც variable valve timing-ს იყენებდა. კოსმეტიკური ცვლილებები უამრავი იყო, განსაკუთრებულად შესამჩნევი კი სარბოლო პოლიმეთილის ფანჯრები, დაფარული, განსხვავებული ფარები და 18 ინჩიანი OZ Racing-ის მაგნესიუმის დისკები. სულ გამოშვებული იქნა 31 ერთეული, მათგან კი მხოლოდ რამოდენიმე Road Legal Supercar-ად გადაქცეული და გაყიდული.

მეორე თაობის Diablo-ს გამოშვება 1999 წელს დაიწყო. ვიზუალურ ცვლილებებში შედიოდა ახალი, განსხვავებული დისკები, სალონი და Nissan Z32 300ZX-ის ფარები, რომლის გამოყენების ლიცენზიაც Lamborghini-მ ოფიციალურად აიღო. მექანიკური ცვლილებები მოიცავდა უფრო მძლავრ და დიდ მუხრუჭებს ABS-ით, variable valve timing სისტემას და ძრავის გაზრდილ სიმძლავრეს 536 ცხენის ძალამდე. შესაბამისად შეიცვალა ტექნიკური მახასიათებლებიც, გაუმჯობესებული დამუხრუჭება და 100 კმ/სთ-მდე აჩქარება 3.6 წამში.
პარალელურად გამოდიოდა უკანა წამყვანი SV და შეზღუდული სერიით edition 2000 ვერსიაც.

1999-2000 წლების მანძილზე ევროპული ბაზრისთვის გამოვიდა 80 ერთეული Lamborghini Diablo
Gran
Turismo, რომელიც SV-ს კიდევ უფრო გასპორტულებულ ვერსიას წარმოადგენდა. გაძლიერებული მუხრუჭები, უფრო ხისტი დაკიდების სისტემა და შეცვლილი ექსტერიერი მოდიფიკაციის უმნიშვნელო ნაწილს შეადგენდა. თითქმის მთლიანი ავტომობილი აწყობილი იყო კარბონისგან, ნახშირბადი გამოყენებული არ იყო მხოლოდ სახურავის და კარების კონსტრუქციაში. GT-ს ძრავი სხვა დემონების ძრავებისგან საკმაოდ განსხვავდებოდა - გარდა 6 ლიტრამდე გაზრდილი მოცულობისა, ძრავმა მიიღო ინდივიდუალური შემშვები სისტემა თითოეულ ცილინდრზე, ისევე როგორც უკვე კარგად გამოცდილი variable valve timing-ი და რა თქმა უნდა ავტომწარმოებლის ტრადიცია: ალუმინის და მაგნესიუმის შემშვები კოლექტორი. ძრავის მოდიფიცირებამ საკმაოდ კარგი მაჩვენებლები ანახა: 575 HP 7300 ბრუნზე და 630 NM 5500 ბრუნზე.
კუზაოს მსგავსად, Diablo GT-ს სალონის მასალად უმეტესწილად კარბონი იყო გამოყენებული. სარბოლო საჭესთან, სკამებთან და 4 წერტილიან ღვედებითან ერთად, რა თქმა უნდა არც კომფორტი იყო დავიწყებული: კონდინციონერს, 2 აირბაგიან სისტემას და უკანა ხედვის კამერას მფლობელი თავისი ნებით ირჩევდა. GT მხოლოდ 4 ფერის გამოდიოდა: სტაფილოსფერი, ყვითელი, შავი და ვერცხლისფერი.
Diablo SVR Supertrophy-ს შემდეგ მზადება უკვე 2000 წლის სეზონისთვის დაიწყო. ბაზად აღებულ იქნა GT მოდელი, მოდიფიკაცია კი უამრავი... უკატალიზატორო სპეციალური გამომშვები სისტემით და ლამბორგინის სარბოლო [LIE] ძრავის ელექტრონული მართვით სიმძლავრე 600 ცხენის ძალამდე გაიზარდა. მართვადობის გაუმჯობესებაზე სარბოლო დაკიდების სისტემით და კუზაოთი იზრუნეს. GT-ს 6 სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფისგან განსხვავებით, GTR-ი 5 სიჩქარიანი იყო, მეხუთე სიჩქარის დამოკლების დამატებითი ფუნქციით. სარბოლო, განიერი დისკები მაგნესიუმის იყო, კუზაო GT-ს მსგავსად კარბონის, სახურავი ფოლადის, ხოლო კარები ალუმინის. შეცვლილი იყო პილოტის სკამის და გადამრთველის მდებარეობა, კაბინაში კი დამონტაჟებული იყო ცეცხლმაქრი სხვა სარბოლო და უსაფრთხოების მოწყობილობებთან ერთად. გადაწყვეტილება იქნა მიღებული 30 ავტომობილის წარმოების შესახებ, თუმცა საბოლოოდ მათმა რაოდენობამ 40-ს მიაღწია.
GTR-ი ეშმაკის სპორტული შესაძლებლობების პიკს წარმოადგენდა,
Diablo GT, Diablo GTR
1990 წელს Automobili Lamborghini S.P.A,-ს CEO-მ, Michael J. Kimberly-მ დართო ნება Automóviles Lamborghini Latinoamérica-ს გაეყიდა მისი მოდელები ან თუნდაც გამოეშვა და შეეცვალა დიზაინი საკუთარი ინიციატივით. ერთ-ერთ ასეთ ქმნილებას წარმოადგენს დიაბლოს მოდიფიცირებული ვერსია - Coatl-ი (აცტეკურად გველეშაპი), რომელიც პუბლიკის წინაშე 2001 წელს წარსდგა Eros GT1-ის სახელით. Coatl-ის მაქსიმალური სისწრაფე 385 კმ/სთ-ით განისაზღვრებოდა, 100-მდე აჩქარება 3.5 წამით ხოლო მაქსიმალური სიმძლავრე 635 ცხენის ძალით, რომელიც დიაბლოს 6.3-მდე მოდიფიცირებული ძრავით მიიღებოდა, დამატებითი სიმძლავრის ასატანად, გველეშაპის კუზაო ქრომირებულ ფოლადს შეიცავდა - შეიძლება ითქვას, რომ ძრავის, ისევე როგორც კუზაოს პროექტი ინგლისში, McLaren-ს ქარხნამდე მიდის...
აღსანიშნავია სხვა რამდენიმე ლათინოამერიკული პროექტის არსებობაც (მაგ. Lamborghini Alar), რომლებიც მხოლოდ ქაღალდზე დარჩა.

90-იანი წლების ბოლოს Lamborghini Audi Aktiengesellschaft-ის საკუთრებაში გადავიდა. ახალი V12-იანი სუპერქარი მზადების პროცესში იყო, თუმცა პროცესის დასრულებამდე გადაწყდა ბაზრისთვის ახალი, გაუმჯობესებული დიაბლო შეეთავაზებინათ. უკანასკნელი მოდელები 6 ლიტრიანი ძრავებით აღიჭურვა (მსგავსი ტექნოლოგიები, რაც Diablo GT-ში), სიმძლავრემ კი 550 HP შეადგინა. Diablo 6.0 VT 2001 წლამდე გამოდიოდა, უკანასკნელ 2 გამოშვებას კი 6.0 VT SE დაერქვა. ერთ-ერთი მათგანი ოქროსფერი, ხოლო მეორე ბრინჯაოსფერი იყო, რაც განთიადის და მზის ჩასვლის სიმბოლოებს წარმოადგენდა. ოქროსფერი დიაბლო ბოლონიაში, Lamborghini-ს მუზეუმში ინახება.
დღემდე აღიარებულია, რომ Diablo იყო ლამბორგინის საუკეთესო და ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქმნილება. სუპერქარმა პოპულარულობა ავტოსამყაროში დამსახურებულად დაისაკუთრა - მის ანგარიშზე არაერთი ცნობილი საავტომობილო ჟურნალის და გადაცემის განხილვის ობიექტად ყოფნა და კომპიუტერული თამაშის მონაწილეობაა.
დემონის წარმოება 2001 წელს შეწყდა, თუმცა ისტორია ამით არ დასრულებულა. 1879 წლის 5 ოქტომბერს კორდობაში, Coso de los califas კორიდას მოედანზე ცნობილ ტორეადორ Rafael ("El Lagartijo") Molina Sanchez-სა და Joaquin del Val di Navarra-ს ფერმის ხარს შორის დაუნდობელი ბრძოლა გაიმართა. ტორეადორის 28 ხანჯლის დასობის მიუხედავად, ცხოველი სიკვდილზე უარს ამბობდა, მისმა ვნებამ და სიცოცხლის ჟინმა მაყურებლების აღფრთოვანება გამოიწვია, რაც ხარის სიცოცხლის შენარჩუნების მოთხოვნაში გადავიდა. El Lagartijo იძულებული გახდა მაყურებლის მოთხოვნით დაეთმო საკუთარი ღირსება და ხარისთვის სიცოცხლე შეენარჩუნებინა. ხარი საჩუქრად დონ Antonio Miura-ს მიართვეს, რომელმაც ცხოველი სევილში, საკუთარ რანჩოზე წაიყვანა. იგი ახალ ფერმაშიც სხვა ხარებთან შედარებით სიდიდით და მძვინვარებით გამოირჩეოდა, მისი ზედმეტსახელი კი 'ღამურა' იყო, რაც ესპანურად არის
Murciélago...