VIP Blogger
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 2722
წევრი No.: 145645
რეგისტრ.: 29-March 12
|
#42437849 · 4 Oct 2014, 02:15 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
"პაპიროზსაც" ვეწევი, 1 კოლოფი 3 დღე მყოფნის"
"ანდროს დაბრუნებასა და სიკვდილს ვნატრობ"...
ელიკო ნარინდოშვილი სიღნაღის რაიონის სოფელ ჯუგაანში ცხოვრობს და სადაცაა, 103 წლის გახდება. ჩია ტანის, ბეღურასავით ქალბატონი თავს ჯერ კიდევ მხნედ გრძნობს. თუმცა, ჯოხის დახმარების გარეშე გადაადგილება უჭირს. როდესაც შეიტყო, რომ მასთან ჟურნალისტი იყო მოსული, ოთახიდან გამოვიდა და სალაპარაკოდ, ტუჩების ცმაცუნით მოემზადა. კითხვის რამდენჯერმე გამეორება მიწევდა. მეგონა, ყურთასმენა აკლდა, მაგრამ რძალმა დააბეზღა - გეპრანჭება და იმიტომ იქცევა მასეო... ბევრი ვერ ვილაპარაკეთ, რადგან ელიკო ბებიას ლაპარაკი უჭირს... წარსულის მოგონებებიდან ყველაზე მკაფიოდ მეუღლე ახსოვს, რომელთანაც მხოლოდ 6 წელი იცხოვრა.
- 1912 წელს დავიბადე სიღნაღის რაიონში, სოფელ ბოდბისხევში. ჩემი ქალწულობის გვარი ჭაბაშვილია. ანდროზე რომ გავთხოვდი, მერე გავხდი ნარინდოშვილი. მაშინ 21 წლისა ვიყავი. ჩემი ქმარი მალევე წაიყვანეს ჯარში, საიდანაც აღარ დაბრუნებულა. 2 შვილით დავრჩი. ცხოვრება ჭირდა. თავი ხომ უნდა მერჩინა?! თამბაქოს პლანტაციაში დავიწყე მუშაობა. მძიმე სამუშაოა: თამბაქოს ფოთლები წებოვან წვენს გამოყოფს, რომელსაც მძაფრი სუნი აქვს და კანზე რომ მოგეცხება, ძნელად შორდება. 4 წელი მაინც ვიმუშავე. გეგმას გადაჭარბებითაც კი ვასრულებდი. შემდეგ 7 წელი ფერმაში, მწველავად ვმუშაობდი, 4 წელიც ქათმის ფერმაში გავატარე... თავს არა ვზოგავდი. მინდოდა, როცა ქმარი დაბრუნდებოდა, ოჯახი ფეხზე დამდგარი დამეხვედრებინა და არა - წაქცეული და ნაცარმიყრილი.
- რამდენი წელი ელოდეთ ქმარს? როდის გადაგეწურათ იმედი, რომ დაბრუნდებოდა? GzaPress- იმედი არ გადამწურვია. დღესაც შეიძლება, მოვიდეს... ოქრო კაცი იყო, ძალიან კარგი ქმარი და კარგი მამა... ერთი შვილი მომიკვდა სიმსივნით, რამდენიმე წლის წინ. ძალიან განვიცადე. რაღად მინდა თავი ცოცხალი, მაგრამ აბა, რა ვქნა, თავს ხომ ვერ მოვიკლავ?
- სიყვარულით გათხოვდით, ელიკო ბებო? - არა, შვილო, სულაც არ ვიყავი აზრზე. სახლში მოვიდა და მითხოვა... რა უნდოდა, არ ვიცი... მე ვუნდოდი და მითხოვა კიდეც. შინიდან ხომ არ გავაგდებდი ან უარს ხომ არ ვეტყოდი? დავთანხმდი და შინ გამოვყე. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი ის 6 წელი იყო, როცა იმასთან ერთად ვცხოვრობდი.
- მეორედ არ გათხოვილხართ? მთხოვნელი გეყოლებოდათ... - რას ამბობ, შვილო, შვილები გამიმწარდებოდნენ, მამინაცვალი რომ მომეყვანა მაგათთვის. რომც გამოჩენილიყო ვინმე, არ გავყვებოდი... თავიდან არ მიყვარდა ჩემი ქმარი, მაგრამ მერე ისე შემიყვარდა ჩემი ანდრო, რომ მის გარეშე ვერ ვძლებდი ან ამდენი წელი როგორ გავუძელ მონატრებას, რა ვიცი... გეფიცები მკვდარსა და ცოცხალს, ჩემი ქმრის მეტი, ჩემზე გამკარებელი თუ ვინმე იყო. რომ მოვიდეს, ხომ უნდა დავხვდე სუფთა სინდისით... მერჩივნა, იგრევ მე მეწვალა, მეშრომა და ჯაფა დამდგომოდა, ვიდრე სხვას გავყოლოდი. შვილები რომ წამოიზარდნენ, ერთხელ ბავშვმა მკითხა, - მამა სად არისო? - ჯარშია და მოვა-მეთქი, - ვუთხარი. ჯილდო ვუჩვენე, რომელიც მამამისს ეკუთვნოდა და ის რომ დაიკარგა, მე გამომიგზავნეს. მედალი იყო, ოქროსფერი, ბრჭყვიალა. - გულზე დამიმაგრეო, - ბავშვმა მითხრა და მეც დავუმაგრე. ეზოს გარეთ გავიდა სათამაშოდ და ისე მოჰპარეს, ვერც გაიგო. ძალიან ვინერვიულე მაგის გამო...
- ნატვრა თუ გაქვთ რაიმე? - ანდროს დაბრუნებას ვნატრობ და სიკვდილს. შევაღონე ოჯახი (შვილიშვილის ოჯახთან ცხოვრობს. - ავტ.)...
- როგორი ლამაზი ქმარი გყოლიათ, ელიკო ბებო! - ანდროს ახალგაზრდობის სურათს დავხედე. - ხომ არ გაფუჭებულა სურათი? - ხელის ცეცებით მოძებნა და მინას სიყვარულით გადაუსვა დანაოჭებული თითები. - ამას ვენაცვალე, ამან გამაძლებინა ამდენ ხანს, ამისმა ლოდინმა მაცოცხლა 1 საუკუნე, თორემ რაც მე გაჭირვება და ტანჯვა გადავიტანე, 102 წელს როგორ მივაღწევდი? აგერ, იანვარში 103 წლისა ვხდები.
- კიდევ რა არის თქვენი ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო? - მეტი არაფერი, შვილო... კანფეტი მიყვარს ბავშვივით... სულ მოაქვს ჩემს რძალს, ვინახავ ხოლმე და მერე ვიზოგავ. "პაპიროზსაც" ვეწევი, 1 კოლოფი 3 დღე მყოფნის. დავშლი ხოლმე ღერებს და ცხვირში ვისუნთქავ, ბურნუთივით. ეგ თუ არის კიდევ მიზეზი, არ ვიცი.
- ჯანმრთელობის მხრივ რას უჩივით? რამე გაწუხებთ? - სიბერე მაწუხებს, მეტი არაფერი. წამლებს ვსვამ. შიშინის წამალს ვსვამ და მშველის.
- შიშინის წამალი რას ნიშნავს? - აი, თავში მიშიშინებს ხოლმე და წამალს რომ ვსვამ, მერე გამივლის და კარგად ვარ.
- არჩევნებზე თუ იყავით? - მე კი არ ვიყავი, აქ მოვიდნენ და ხმა მიმაცემინეს, მაგრამ აბა, რა გამოვიდა მაგით? დახმარება კი არაფერი გამიწიეს და... 100 წელი რომ შემისრულდა, მაშინ 300 ლარი მაჩუქა გამგეობამ. იმის მერე მარტო პენსიას ვიღებ და ეგაა...
- კიდევ დიდხანს იცოცხლეთ, ელიკო ბებო... - გაიხარე, შვილო და შეახსენე მთავრობას, რომ ვარსებობ...
| QUOTE | | "პაპიროზსაც" ვეწევი, 1 კოლოფი 3 დღე მყოფნის. დავშლი ხოლმე ღერებს და ცხვირში ვისუნთქავ, ბურნუთივით. |
|