რა არის ქარის მოტანილი წერილების დღე?
ეს დღე ყოველ 22 სექტემბერს აღინიშნება და ძალიან მოკლედ რომ დავახასიათოთ, უცნობი ავტორის მიერ უცნობი ადრესატისთვის დაწერილი ხელნაწერი წერილების დღეა.
მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მსურველს, განურჩევლად სქესისა, ასაკისა, სიმაღლისა, წონისა, კანის ფერისა, რელიგიური აღმსარებლობისა, სექსუალური თუ პოლიტიკური ორიენტაციისა, მიუხედავად იმისა, რა ენაზე ლაპარაკობს, წერს ან კითხულობს, სად ცხოვრობს ან ახლა სად იმყოფება. მოკლედ, მიუხედავად მიუხედავად და კიდევ ერთხელ მიუხედავად ყველაფრისა, ყველანაირი ნიშნებისა და სტატუსებისა იღებს ფურცელს და სურვილისამებრ პასტას, კალამს, ფანქარს, ბატის ფრთას და წერს ხელნაწერ წერილს, არ უთითებს ვისგანაა, არ უთითებს ვისთვისაა და ტოვებს სადაც თვითონ სურს.
მთავარია, კალენდრების მიხედვით 22 სექტემბერი იდგეს.
პრაქტიკული გზამკვლევი:
რამდენი წერილის დაწერა შეგვიძლია? - რამდენიც გაგიხარდებათ.
სად უნდა დავტოვოთ? - სადაც გაგიხარდებათ და სადამდეც ფანტაზია გაგწვდებათ.
როდის უნდა დავიწყოთ წერა? - როდესაც გაგიხარდებათ, მთავარია დატოვებით დატოვოთ 22 სექტემბერს.
ვინ იპოვის წერილს? - ვინმე. ის ერთი და განსაკუთრებული ადრესატი, უცნობი, ვისაც უნდა ეპოვა. ჩვენ გვჯერა და გამოცდილებამაც გვიჩვენა, რომ წერილს აუცილებლად ის პოულობს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა. ჩვენ ვამბობთ, რომ წერილები თვითონ პოულობენ ადრესატებს.
როგორ უნდა გავიგო, ვინ იპოვა ჩემი წერილი ან ვინაა ჩემი ნაპოვნი წერილის ავტორი? - არ უნდა გაიგო. ეს არის დღე, როდესაც უცნობი წერს წერილს უცნობს და უშლის გულს. თუმცა, სამყარო პატარაა, ინტერნეტი კი დიდი და ორმხრივი სურვილის შემთხვევაში, არაა ძნელი ერთმანეთის პოვნა. მაგრამ სურვილი ორმხრივი უნდა იყოს.
როგორ გავიგო, რომ ჩემი წერილი იპოვეს? - შესაძლოა, ამის შესახებ ჩვენს გვერდზე დაწეროს ვინმემ და რაიმე მინიშნებით იცნო საკუთარი წერილი. ან საერთოდაც ვერ გაიგო, თუ იპოვეს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ უპოვიათ. ზოგჯერ რამდენიმე თვის მერეც პოულობენ ხოლმე. წერილი ხომ ხელნაწერია, ერთი ადრესატისთვის დაწერილი, თუნდაც უცნობისთვის და მას შეუძლია არაფერი თქვას და ყველა ემოცია თავისთვის დაიტოვოს. ან იქნებ წლების მერე აღმოაჩინო, რომ წერილი მას უპოვია, ვისაც იცნობ, უბრალოდ არც ერთმა იცოდა, ვისი დაწერილი იყო და არც მეორემ იცოდა, ვინ იპოვა.
რა ენაზე უნდა დავწეროთ? - რა ენაზეც გაგიხარდებათ.
რა შინაარსი უნდა ჰქონდეს? - რაც გულში გაქვს. ერთხელ ვიღაცამ თქვა, გაზიარებული დარდი ნახევრდება, გაზიარებული ბედნიერება კი ორმაგდებაო.
ისტორიაყველაფერი 2010 წელს დაიწყო, თბილისში.
ერთ ხუთშაბათ საღამოს ერთ გოგოს იდეა მოუვიდა და იმ საღამოსვე დააანონსა ინტერნეტში. ინფორმაცია გავრცელდა, ხალხი ჩაერთო და კვირას (მაშინ 4 ივლისი დაემთხვა) ქარის მოტანილი წერილების პირველი დღე შედგა. მაშინ თარიღი პირობითი იყო.
შემდეგი წლიდან თარიღი ზუსტად განისაზღვრა, 22 სექტემბერი დაწესდა და მას შემდეგ ყოველ 22 სექტემბერს ქარის მოტანილი წერილების დღეა.
მასში მონაწილეობას იღებენ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, სოფელში თუ დაბაში მცხოვრები ადამიანები, უცხოეთში მცხოვრები ქართველები და უცხოეთში თუ საქართველოში მცხოვრები უცხოელები. პირველივე წლიდან ქარის მოტანილი წერილების დღე საერთაშორისო დღეა.
პირველ წელს დაახლოებით 100 კაცი იღებდა მონაწილეობას, მეორე წელს 1126, შემდეგ წელს 5646 და ა.შ. თუმცა ეს მხოლოდ იმ ადამიანთა რიცხვია, ვინცfacebook event-ზე დააფიქსირა თანხმობა.
ზოგჯერ ჩვენ ყველას გვჭირდება სასწაული.
ან უფრო ხშირად, ვიდრე ზოგჯერ. ან ზოგს უფრო მეტად, ვიდრე დანარჩენებს.
სასწაულები სხვადასხვანაირია.
ახლა საღამოა, ან უფრო ღამეა, ალბათ. მაინც ვერ ვხვდები, რატომ ჰქვია 12 საათს შუაღამე, როდესაც ღამე აქედან იწყება?
ღია ფანჯრიდან ნიავი შემოდის, ვუსმენ ამოჩემებულ სიმღერას. მივყავარ შორს. რომელს? არ გეტყვი, შენ ის წარმოიდგინე, შენ რომელიც გიყვარს ყველაზე მეტად, შენ რომელსაც მიჰყავხარ ყველაზე შორს.
რამდენიმე დღეა ვერაფერს ვაკეთებ სამსახურში. კანით ვგრძნობ, შემოდგომა მოდის.
სულ მგონია, რომ ვერ გავუძლებ ჩიტების გადაფრენას.
იქნებ ამ დროს მჭირდებოდა ყველაზე მეტად სასწაული? და ერთ დღეს გამოვიგონე სასწაული, რომელმაც მერე და მერე უფრო მეტი სასწაული მომიტანა, ვიდრე ველოდი, ვიდრე წარმოვიდგენდი. ნიშნები, დამთხვევები, სიმბოლოები.
შემთხვევით არაფერი ხდება.
და ყოველ წელს, ქარის მოტანილი წერილების დღე მახსენებს, მაჯერებს, რომ ოცნებებიც სრულდებიან.
თვალხილული სასწაული.
ყველაფერი კი ოცნებით დაიწყო.
იყო და არა იყო რა, ერთი პატარა ქვეყნის პატარა ქალაქის პატარა სახლში იჯდა ასევე პატარა გოგო, მაგრამ დიდი მეოცნებე და ფანტაზიორი და ბოთლში ჩადებულ წერილებზე ფიქრობდა, ემოციით დაკავშირებულ ორ ადამიანზე, წერილების ერთი მიმართულებით დინებაზე, უადრესატო და უავტორო წერილებზე და რადგან ზღვისპირა ქალაქში არ ცხოვრობდა, ქარის მოტანილი წერილების დღე მოიგონა.
ხუთშაბათი საღამო იყო. 2010 წელი, ივლისი. კვირა დღე დათქვა. მერე იფიქრა, რომ არაფერი არ გამოვიდა.
მერე გაიგო, რომ ყველაფერი გამოსულა. და იმაზე უკეთ, ვიდრე წარმოიდგენდა. დაწერეს, იპოვეს, შეიყვარეს.
მაშინ თარიღი პირობითი იყო.
4 ივლისი დაემთხვა.
შემდეგი წლიდან 22 სექტემბერი დათქვა და აღარ გადათქვა და არც არასოდეს გადათქვამს. და მას მერე ყოველ 22 სექტემბერს ქარის მოტანილი წერილების დღეა.
იმ პირველ დღეს მივიღე წერილი (სხვა დროს აღარ მიმიღია, და ასეც იყო საჭირო, ის ერთი წერილი უნდა მიმეღო აუცილებლად), რომლითაც ყოველ წელს იხსნება ქარის მოტანილი წერილების დღე:
„წვიმისას, ძლიერი წვიმისას სულ მგონია, რომ ვიღაც ახლობელი სველდება... სულ... აი, ვინც მაკლია, ვისაც არ ვიცნობ, ისეთი... ვიცვამ მწვანე საწვიმარს და ვეძებ... თუ სადმე ნახავთ, მიცნობს ადვილად, ასე უთხარით, მწვანე საწვიმარი, რომელიც ატარებს სისველეს... ეგ მეცმევა... მოვიდეს... შუქი მხოლოდ ჩემთან ენთება... კარი ყოველთვის ღიაა... ხოდა მოვიდეს...“
ზეპირად ვისწავლე უკვე.
მაინც, ყოველ წაკითხვაზე მიწვავს კანს.
შენ რას იზამდი, ეს წერილი რომ მიგეღო?
წერილის ავტორი რომ ბიჭი ყოფილიყო? მისგან რომ გაგეგო, რომ „ჭეშმარიტება ოცნებაშია“? მისგან რომ გესწავლა, რომ „ნეტარ არიან მეოცნებენი?“...
მე ქარის მოტანილი წერილების დღე ვაჩუქე.
22 სექტემბერი მისი დაბადებისდღის გამო ავირჩიე და აქამდე მხოლოდ მე ვიცოდი, რომ ეს დღე მას ვაჩუქე.
ახლა კი დადგა დრო, რომ გამემხილა, რომ მას ვაჩუქე...
მიმაგრებული სურათი