არჩილ კბილაშვილი: უკვე არსებობს წინაპირობა, რომ დეპუტატები პასუხისგებაში მიეცენ
28-01-2013, 12:45
წაკითხულია: 853
არჩილ კბილაშვილი: უკვე არსებობს წინაპირობა, რომ დეპუტატები პასუხისგებაში მიეცენ
საქართველოს მთავარი პროკურორი გაზეთ "ასავალ-დასავალისთვის" მიცემულ ინტერვიუში საპარლამენტო უმცირესობის წევრების საგამოძიებო უწყებაში დაბარებასა და მათ არ გამოცხადებაზე საუბრობს. არჩილ კბილაშვილის განცხადებით, პარლამენტის წევრი ვალდებულია, საგამოძიებო ორგანოში ჩვენების მისაცემად გამოცხადდეს.
"ერთადერთი უფლება, რასაც მას კანონი ანიჭებს, არის, არ გათქვას ისეთი ინფორმაცია, რაც მისი, როგორც პარლამენტის წევრის, საქმიანობას უკავშირდება. კითხვები გვაქვს პარლამენტის წევრობამდე საქმიანობასთან დაკავშირებით და აქედან გამომდინარე, მათ ევალებოდათ, გამოცხადებულიყვნენ დაკითხვაზე" - აცხადებს კბილაშვილი.
მთავარი პროკურორის განმარტებით, იმის გამო, რომ როლანდ ახალაია და დავით საყვარელიძე დაკითხვაზე აქამდე არ გამოცხადდნენ, არსებობს საფუძველი და წინაპირობა, რომ მათ მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს.
"ამ შემთხვევაში უკვე არსებობს წინაპირობა იმისა, რომ პირი, ვინც ამ ვალდებულებას არღვევს, მიცემულ იქნას სისხლის სამართლის პასუხისგებაში და მის მიმართ დაიწყოს დევნა. იუსტიციის მინისტრს კანონი აძლევს უფლებას, პარლამენტის თანხმობით დაიწყოს პარლამენტის წევრის მიმართ დევნა. მას შეუძლია, ეს საკითხი დააყენოს დღეს, ხვალ, ანუ მაშინ, როცა ამას საჭიროდ ჩათვლის" - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ როლანდ ახალაია მოწმის სტატუსით დაკითხვაზე მთავარ პროკურატურაში, სამეგრელოში მისი პროკურორად მუშაობის პერიოდთან დაკავშირებით დაიბარეს. ხოლო დავით საყვარელიძესთან კითხვები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს რიყის მიმდებარე ტერიტორიის გასხვისებასთან დაკავშირებით აქვს.
http://timer.ge/3259-archil-kbilashvili-uk...hi-miecen.html#მომწიფებები იწყება?