ისნის გამგებლის მოადგილე გამგებელს ზეწოლაში ადანაშაულებს
16:52 03-10-2014
ისნის გამგებლის მოადგილე გამგებელს ზეწოლაში ადანაშაულებს ისნის გამგებლის მოადგილე ისნის გამგებელს, გამგეობის თანამშრომლებსა და საკრებულოს წევრებს ზეწოლაში ადანაშაულებს. როგორც გამგებლის მოადგილე ზურაბ დონაძემ დღეს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მას აღნიშნული პირები თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებენ. გამგებლის მოადგილის თქმით, მას ეუბნებიან, რომ მის თანამდებობაზე სხვა უნდა დაინიშნოს.
"ზეწოლას ახორციელებდნენ გამგებელი ვახტანგ ქიზიყურაშვილი, ასევე მისი ნდობით აღჭურვილი პირები. მეუბნებოდნენ, რომ დამეწერა განცხადება, წავსულიყავი და წლის ბოლომდე საკუთარი ჯიბიდან გადამიხდიდნენ ხელფასს. მეუბნებოდნენ, რომ ზევიდან ნერვიულობენ განცხადების არდაწერის გამო, რადგან შენ ადგილს გარკვეული პიროვნება ელოდებაო", - აღნიშნა დონაძემ.
საია-ს თავმჯდომარე კახა კოჟორიძე კი აცხადებს, რომ იკვეთება სავარაუდო დანაშაულის ნიშნები.
"ამ მოცემულ შემთხვევაში, მათი მხრიდან იკვეთება სავარაუდო დანაშაულის ნიშნები და ამაზე რეაგირება სამართალდამცველმა ორგანომ უნდა მოახდინოს. ვიმედოვნებთ, რომ კვლავ არ მოვისმენთ განცხადებებს, რომ არაფერი არ ხდება, არანაირი ზეწოლა და ა.შ.", - განაცხადა დონაძემ.
მანვე დღეს აუდიოფაილები გამოაქვეყნა, რომელიც "რუსთავი 2"-მა გაავრცელა. დონაძის თქმით, ეს არის სატელეფონო ზარების ჩანაწერები. ამ ჩანაწერებში, ისნის გამგეობის თანამშრომლები დონაძეს ეუბნებიან, რომ დატოვოს თანამდებობა, რადგან მას "ქართულ ოცნებასთან" მუშაობის მორალური უფლება არ აქვს.
გამოქვეყნებული ჩანაწერის თანახმად, მასზე ზეწოლას საკრებულოს წევრი ზურაბ ნეფარიძეც ახორციელებს და გამოძიების დაწყებით ემუქრება.
"სანამ ცოცხალი ვარ ჩაგყვები მიწაში, დავიწყებ გამოძიებებს და მოგიწევს გამომძიებლებთან ჯდომა", - აცხადებს ნეფარიძე გამოქვეყნებულ ჩანაწერებში.
დონაძემ და საია-მ ეს ჩანაწერები პროკურატურას გადასცეს.
თავის მხრივ, ზურაბ ნეფარიძემ და გამგეობის თანამშრომლებმა დონაძის მიმართ ზეწოლა უარყვეს.
წყარო:
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...nashaulebs.html