- ქალბატონო ლია, სააკაშვილის დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ პროკურატურამ და სასამართლომ უკანონოდ დაუყადაღეს ბრალდებულის ოჯახის წევრებს ქონება. თქვენი აზრით, კანონიერია ეს გადაწყვეტილება?
- როდესაც ადამიანს ქონების გაფლანგვას ედავებიან, არსებობს შესაბამისი კანონი და მოქალაქეს შეიძლება დაუყადაღონ ქონება, რათა მისი მხრიდან მოხდეს მიტაცებული ქონების უკან დაბრუნება. "უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების შესახებ კანონით", ასევე სს საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, "ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, სასამართლოს შეუძლია, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ყადაღა დაადოს ბრალდებულის, მისი მოქმედებისათვის მატერიალური პასუხისმგებელი პირის, ან მასთან დაკავშირებული პირის ქონებას, მათ შორის, საბანკო ანგარიშებს, თუ არსებობს მონაცემები, რომ ქონებას გადამალავენ, დახარჯავენ, ან ქონება დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული. თუ არსებობს მონაცემები, რომ ქონება დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული, მაგრამ მისი მოძიება ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია ყადაღა დაადოს ამ ქონების ეკვივალენტური ღირებულების ქონებას. თუ ბრალდებული თანამდებობის პირია, პროკურორი ვალდებულია სასამართლოს წინაშე დააყენოს შუამდგომლობა თანამდებობის პირის ქონებაზე, მათ შორის, საბანკო ანგარიშებზე". ასე რომ, აქ არაჩვეულებრივი და გასაკვირი არაფერია, რადგან სს დანაშაულზე - ქონების დიდი ოდენობით მითვისებაზეა საუბარი, ამ შემთხვევაში აყადაღებენ ქონებას.
- მაგრამ იმ ფაქტმა, რომ დააყადაღეს ექსპრეზიდენტის ბებიის, მეუღლისა და დედის ქონებაც, საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია და წამოჭრა კითხვა - რა შუაშია ბებიის ავტომანქანა ან საცხოვრებელი ბინა? საერთოდ, ამ კანონში გაწერილი მოთხოვნა თუა შესაბამისობაში კონსტიტუციასთან ან ევროკონვენციასთან?
- იცით, ეს კანონი, რომელიც უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევას გულისხმობს, სწორედ სააკაშვილის დროსაა მიღებული. ამ კანონმა განსაზღვრა, რომ ასეთი ბრალდებული პირები თვითონ აღმოჩნდებიან იმ მდგომარეობაში, როცა ვალდებულნი არიან ამტკიცონ, რომ მათი ქონება და მისი შეძენის გზები კანონიერია. ანუ ჯერ ყადაღდება ყველაფერი და მერე ამ პირმა უნდა ამტკიცოს, რომ ქონება, რომელიც დაუყადაღეს, მას კანონიერი გზით აქვს შეძენილი. ეს არის სახელმწიფოს იძულებითი პრევენციული ღონისძიება პირის მიმართ, რომელზედაც არსებობს ეჭვი, რომ რაიმე ფინანსური კრიმინალური ქმედება ჩაიდინა. ეს არის კანონის ის განაწესი, რომელიც სწორედ სააკაშვილის დროს იქნა შემოღებული და მას მიეწერება ამდენი უკანონობა ქვეყანაში ქონებრივი უფლებების დარღვევის თვალსაზრისით. ახალმა ხელისუფლებამ გამოიყენა ეს კანონი და - სწორედ იმ პირის წინააღმდეგ, რომელიც ამ ნორმისა და მისი პრაქტიკაში დანერგვის ინიციატორი და შემოქმედი იყო. ამიტომ ახლა არ მგონია, რომ სააკაშვილისა და მისი ახლობლებისთვის ეს აღშფოთების საგანი უნდა იყოს იმიტომ, რომ - რა ბოროტებაც მათ შემოიტანეს, იმ ბოროტებითვე მიეზღვებათ.
- როგორც ჩანს, ამ კანონით არ არის განსაზღვრული პირთა წრე: "მასთან დაკავშირებული პირი" ხომ შეიძლება მეზობელიც იყოს, ან მეგობარიც. მასში არ არის ჩაწერილი - "ნათესავი". ხედავთ თუ არა ამ კანონში ხარვეზს?
- "დაკავშირებული პირი" გულისხმობს, რომ ეს კავშირი არათუ ნათესაობრივია, არამედ ეს კავშირი რეალურია და ქონებასთან მიმართებაში არსებობს, ანუ ბრალდებულმა სარგებლობაში გადასცა რაიმე - აჩუქა ან სარგებლობს. თუ ვერ დამტკიცდა, რომ ეს ქონება კანონიერი გზითაა შეძენილი ან - მიშას გაპრეზიდენტებამდე, მაშინ მათი ქონება აუქციონზე გაიყიდება და თანხები ბიუჯეტში შევა. სამწუხაროდ, ამ კანონით, დაკავშირებულ პირთა წრე პრაქტიკულად განუსაზღვრელია და მერე ბრალდებულის სამტკიცებელი ხდება, ეს პირი არის თუ არა მასთან დაკავშირებული. ეს კანონის ხარვეზია, მაგრამ ის ძალაშია, მოქმედებს, პარლამენტს არ გაუუქმებია ანუ არ დაუმტკიცებია, რომ კანონი ანტიკონსტიტუციურია ან ევროკონვენციას ეწინააღმდეგება. ის მოქმედებს. ეს დრაკონული კანონი როდესაც მიიღეს, მაშინ, სამწუხაროდ, ძალიან ცოტა იყო კრიტიკა და, როგორც ხედავთ, დღესაც გრძელდება მისი მოქმედება.
- სასამართლოს განაჩენის გამოსვლამდე, "დაყადაღებულებს" ალბათ აქვთ ამ ქონებით სარგებლობის უფლება, არა?
- მათ ქონების განკარგვის უფლება აღარ აქვთ. კანონის თანახმად, შესაძლებელია, რომ დაყადაღებული ქონება პირს დაყადაღებისთანავე ჩამოერთვას ან სასამართლოს განაჩენის გამოტანამდე ისარგებლონ მისით, უბრალოდ, არ ექნებათ მისი გასხვისების უფლება.
- პროკურატურამ საქართველოში სააკაშვილის საბანკო ანგარიშებიც დააყადაღა. ცნობილია, რომ ექსპრეზიდენტს საზღვარგარეთაც აქვს გახსნილი საბანკო ანგარიშები. პროკურატურას თუ ხელეწიფება მათი დაყადაღება ან იმ სახლის - მანჰეტენზე, რომელიც, როგორც ამბობენ, ბიძის სახელზე აქვს გაფორმებული? ალბათ ეს შედარებით რთული პროცედურაა და საჭიროებს სერიოზულ დასაბუთებას უცხო ქვეყნისთვის - რამდენად კანონიერია ყადაღის მოთხოვნა.
- კანონის მოთხოვნა ასეთია, რომ წესით, უნდა დაეყადაღებინათ სააკაშვილის საბანკო ანგარიშებიც. რაც შეეხება უცხოეთის ანგარიშებს: პროკურატურა მიმართავს იმ ქვეყნების საგამოძიებო ორგანოს და სთხოვს ამ მოქმედების შესრულებას. იმის მიხედვით, რამდენად დასაბუთებულია ბრალდება და ის სახელმწიფო თუ ჩათვლის ასე, შეუძლიათ განახორციელონ ყადაღის დადების ოპერაცია. მანჰეტენზე კი არა, სადაც უნდა იყოს, თუ პროკურატურა მოიკვლევს, რომ არსებობს ანგარიშები, უძრავი ან მოძრავი ქონება, სახელმწიფოს უფლება აქვს, იმ სახელმწიფოს მიმართოს და განუმარტოს, რომ ამა და ამ ბრალდების გამო უნდა დააყადაღონ ქონება და მერე, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, ის პროცედურა მოხდება, რასაც მისი რეალიზაცია ჰქვია. დღეს შეუძლებელი არაფერია. გამჭვირვალობა და კანონიერება ყველა ტერიტორიაზე მოქმედებს და ოფშორული ზონებიც კი აღარ ითვლება კრიმინალის დაფარვის გზად და ადგილად. თუ მართლა მოინდომებენ, რა თქმა უნდა, იქაც შეიძლება ყველაფრის მოძიება, დასაბუთება და დაბრუნება. საკითხავი ისაა, ვინ მოინდომებს და რატომ.
- გინდათ თქვათ, რომ, პროკურატურა მაინცდამაინც არ არის მონდომებული, სააკაშვილს ისე აგებინოს პასუხი, როგორც იმსახურებს და ყველაფერი ფორმალურ ხასიათს ატარებს?
- დაველოდოთ და ყველაფერი გამოჩნდება. ისე კი, დიდი ხანია, რაც ამ ქვეყანას გამომძიებლები არ ჰყავს და გამოძიება არ ხდება. არ მაქვს ოპტიმისტური განწყობა, მაგრამ ვნახოთ... სააკაშვილის დაკავება-გადმოცემა რომ უნდოდეთ, მას პირველ რიგში, წამების მუხლს წაუყენებდნენ. წამების მუხლი ისეთია, მთელი მსოფლიოსთვის ამაზრზენია ამ დანაშაულის ჩამდენი და არც ერთი სახელმწიფო არ მისცემს თავს უფლებას, ასეთი დანაშაულისთვის ბრალდებულ პირს ხელი დააფაროს და არ დაეხმაროს გამოძიებას. მგონია, მას შეგნებულად არ წაუყენეს წამების მუხლი: ხელისუფლების ინტერესებში ალბათ არ შედის სააკაშვილის პასუხისგებაში მიცემა.
http://www.gzapress.ge/qveyana/159-drakonu...shia-bebia.html მოკლედ მიშამ საკუთარ ნეხვსი ჩაყო ფეხიო