#42574985 · 18 Oct 2014, 10:41 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
აი, კიდე ვულოცავ = ყველა აკიდო დავითთა შთაგონებით იკინძება!
რაგბის აკიდო # 09
გამოდის კვირაში 6-ჯერ; რაგბი სრული გვერდია; ღირს 60 თეთრი!
* მსოფლიო თასზე ვერ’გასვლას რუსი რაგბის ქომაგები შავი იუმორით გაუმკლავდნენ. ფორუმზე ერთმა დაპოსტა, ინგლისში კი ვერ წავალთ, მაგრამ ყირიმი ხომ ჩვენიაო. მეორემ შენიშნა, ეგ რეპეშაჟი გვღუპავს - საგზური პირდაპირ "ერთა თასზე" უნდა ავიღოთ, რისთვისაც "ციგნები" და "იოსიფ ვისარიონოვიჩის ნაბუშრები" ვძლიოთო, მესამემ კი მთლად რაციონალიზატორული წინადადება წამოაყენა - შევიერთოთ "ღრუზია" და 20 გუნდში მოხვედრა გარანტირებული გვექნებაო.
* ნოემბერში მესხზე არა მარტო შორებლები ჩამოგვაკითხავენ, არამედ დიდ გურუთა აღლუმსაც ჩავიბარებთ. გიორგობაზე იაპონიას ისევ ჩამოუძღვება ავსტრალიელი ედი ჯოუნზი, ვინაც ვოლაბები 2003 წელს მსოფლიო თასის ფინალში გაიყვანა, მანამდე კი, 8 ნოემბერს, ტონგას დამოძღვრავს თვით აფრიკელი ჯეიქ ვაითი. ამან ბოკე 2007 წელს აჩემპიონა, მერე კი ბრამბიზი და შარქსი ხომ შეიყვანა ზე’რაგბის მოწინავე სამეულში და ორივეგან სამწვრთნელო შტაბიც დააოსტატა.
* ირლანდიას (ვაჟთა) შვიდკაცა აქამდე ზედმეტობად მიაჩნდა და ევრო-სერიაშიც კი არ გამოყავდა გუნდი, მაგრამ ახლა აზრი შეიცვალა და 2020 წელს, ტოკიოს ოლიმპიადაზე მოხვედრას გეგმავს. რაღაი "სამყურები" ხუთი წელი ოფსაიდში იყვნენ, ჯერ რეგიონის პირველი დივიზიონით (2015) უნდა დაიწყონ და 12-გუნდა გრან’პრიში ავიდნენ (2016), მერე აქედან მოხვდნენ ჰონკონგის შესარჩევში (2017) და თუ იქაც იპირველეს, იმავე შემოდგომაზე მსოფლიო სერიაში ჩაებმებიან.
* ცუდად გადაეკიდა "რაგბი ევროპის" თავკაცს, ვიორელ მორარიუს იტალიის ფედერაციის პრეზიდენტი ალფრედო გავაძი: ჯერ იყო და ამხილა რუმინელი, მაგან ევრო’თასთა ახალი მმართველი, "ეპკრ" საქმის კურსში არ ჩააყენა და მესამე, 8-გუნდა შეჯიბრი ჩაშალა, რაკი ვითომც ფულზე ვერ მოურიგდა ნოშატელელ ბოსებსო, მერე კი ბრძანა, ნება დაგვრთეთ და სულაც ჩვენი ფედერაცია ჩაატარებს მაგ ტურნირსო. შეფმა ვადებიც გამოაცხადა, მაგრამ მალე გაყუჩდა და აქამდეც დუმს.
* რიჩარდ ქოქრილი ინგლისის ჰუქერად რომ თამაშობდა, იმ ხანად მუშტი-კრივით ვერავის გააკვირვებდი. მას აქეთ თამაში დაიწმინდა და ჩვენს დროში მჯიღის კვრა "ჯარიმა + გაძევებაა", მაგრამ თურმე დარტყმასაც გააჩნია. ქოქრილი ამჟამად ლესთერს წვრთნის. მისი მეტოქე რომ არ გაასინბინეს, კავშირში იჩივლა, იქედან კი მოსწერეს, თქვენიანი არ წაქცეულა და ყვითელს როგორღა ითხოვო. ჰოდა, დაასკვნა ნაკვაჭარმა, მსაჯს რომ სინბინი გამოსტყუო, უნდა წაწვეო!
* გუშინდელ "ჩვენს თამაშში" ზელანდიური ჰაკას ტექსტი რომ ებეჭდა, უმალ მოიწერა მადლიერმა მკითხველმა, მახსოვს, ჩვენშიც ასრულებდა ერთი გუნდი მაგას, მაგრამ მერე რა დაემართა, ვეღარ ვიცი და ეგებ მომითითოთ, ფოტო ან კლიპი სადა ვნახოო. მეილის ავტორს თურმე აინტერესებს ყველაფერი - ლექსი, ქორეოგრაფი და ქართული ჰაკას მოკლე ისტორიაც, მაგრამ აკიდოში მაგის მოსათხრობად ადგილი ვერ გვეყოფა. ასე რომ, "ფერხულს" ვრცლად იქეთა კვირაში გავიხსენებთ.
@
|