სანავთობო ბლეფი მთავრობისა და იმპორტიორების შესრულებით - "საქართველოს სანავთობო ბაზარზე ასეთი განუკითხაობა არასდროს ყოფილა!""ივნისის შემდეგ საერთაშორისო ბაზარზე ბენზინის ღირებულება 25%-ით შემცირდა, საქართველოში კი ბენზინი მხოლოდ 2,5%-ით გაიაფდა. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს სანავთობო ბაზარზე ისეთი განუკითხაობაა, არასდროს რომ არ ყოფილა!", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით სანავთობო ბლეფი მთავრობისა და იმპორტიორების შესრულებით / მსოფლიოში საწვავი 25%-ით გაიაფდა, საქართველოში მხოლოდ - 2,5%-ით და მორიგ ფასდაკლებას აღარავინ გეგმავს.
"საერთაშორისო ფასები რამდენიმე თვეა სტაბილურად ქვევით მოიწევს, რაც კარგა ხნის წინათ აძლევდა შესაძლებლობას ნავთობიმპორტიორებს, რომ ბენზინი და დიზელი გაეიაფებინათ. როგორც ჩანს, ისინი უზარმაზარ მოგებას ვერც მინიმალური საერთაშორისო ფასის პირობებში ელევიან. საინტერესოა კიდევ ერთი ფაქტი. წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში, როდესაც საქართველოში საწვავი საერთაშორისო ფასების თანმიმდევრულად არ იაფდებოდა, არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტები თუ პოლიტიკოსები განგაშის ზარებს ტეხდნენ. დღეს კი ნავთობიმპორტიორების თავნებობას რატომღაც აღარავინ აპროტესტებს. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ნავთობპროდუქტების ბაზარზე გაცილებით მძიმე მდგომარეობაა", - აღნიშნავს გამოცემა.
"1 ტონა ბენზინის საერთაშორისო საბითუმო ღირებულება 805 დოლარია, ლარის კურსზე გადაანგარიშებით, 1 ტონა ბენზინი 1408 ლარი ღირს, ამას ემატება დღგ - 253 ლარი, აქციზი - 250 ლარი, ტრანსპორტირება 80 ლარი. საბოლოო ჯამში, ნავთობიმპორტიორებს 1 ტონა ბენზინის შეძენა მაქსიმუმ 1991 ლარი უჯდებათ. თუკი ამ რაოდენობის თანხას 1 ტონა ბენზინის მოცულობაზე - 1300 ლიტრზე გავყოფთ მივიღებთ, რომ 1 ლიტრი ბენზინის საბითუმო ღირებულება 1,53 ლარია. ამ დროს 1 ლიტრი "რეგულარის" ტიპის ბენზინი საცალო ქსელში 2,02-2,05 ლარად იყიდება, ანუ ნავთობიმპორტიორები ბაზარზე კოლოსალურად მაღალი - 50-თეთრიანი მარჟით საქმიანობენ. რაც შეეხება დიზელს, იგივე გათვლებით, ნავთობიმპორტიორებს 1 ტონა დიზელის შესყიდვა 1892 ლარი უჯდებათ. ამ მონაცემებს თუ 1 ტონა დიზელის მოცულობაზე (1160 ლიტრზე) გავყოფთ, მივიღებთ, რომ 1 ლიტრი დიზელი ბითუმად 1,63 ლარი ღირს. ავტოგასამართ სადგურებზე კი იგი 2,04 ლარად იყიდება. ამ შემთხვევაში საბითუმოსა და საცალო ფასს შორის მარჟა "მოკრძალებულია" - 41 თეთრი", აღნიშნავს გამოცემა.
"ნავთობკომპანიების წარმომადგენლებმა "რეზონანსს" ერთხმად განუცხადეს, რომ ამ ეტაპზე საწვავის გაიაფებას არ აპირებენ, ვინაიდან ცოტა ხნის წინ ბენზინი და დიზელი ისედაც გააიაფეს. არადა, ივნისის ბოლოს 1 ტონა ბენზინის საერთაშორისო ფასი ("პლატცის" მიხედვით) 1050 ლარი იყო, ამჯერად კი 805 ლარია. სხვაობა თვალშისაცემია. შეგახსენებთ, რომ საქართველოში საწვავის ღირებულება სწორედ "პლატცის" ფასზეა მიბმული. ყოველი შემთხვევისთვის, როდესაც ადგილობრივ ბაზარზე ბენზინი და დიზელი ძვირდებოდა, ნავთობიმპორტიორებს არგუმენტად სწორედ "პლატცი" მოჰყავდათ. ამჯერად, კი, როგორც ჩანს, საერთაშორისო ფასები ნავთობიმპორტიორებისთვის არგუმენტი აღარ არის", - წერს სტატიის ავტორი.
"ნავთობის ბიზნესში არსებულ კარტელურ გარიგებებთან დაკავშირებით მთავრობაში განაცხადეს, რომ ეს საკითხი კონკურენციის სააგენტომ უნდა შეისწავლოს. ამჯერად, ეკონომიკის მინისტრმა ნათია მიქელაძემ აღნიშნა, რომ კონკურენციის სააგენტო საწვავს ვერ გააიაფებს, მან უნდა შეისწავლოს ბაზარი და წარმოადგინოს ფაქტები, რომ მართლაც კომპანიებს შორის კარტელური გარიგებაა და ნავთობის ბაზარი ჯანსაღი კონკურენციისგან შორს არის. როგორც აღმოჩნდა, კვლევას მინიმუმ სამი თვე სჭირდება, შემდეგ კომპანიების წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ კონკურენციის სააგენტოს დასკვნა სასამართლოში გაასაჩივრონ. სასამართლო ამ საკითხის განხილვას მინიმუმ ერთი წელი მოანდომებს. საბოლოო ჯამში, ისიც ნაკლებად სავარაუდოა, რომ კომპანიების მიერ დაქირავებული ადვოკატები სააგენტოსთან ბრძოლაში დამარცხდნენ. ასე რომ, სხვა უფრო ქმედითი მექანიზმის ამოქმედების გარეშე, "ქართული ოცნების" ეს დაპირება, რომლის ასრულებასაც საზოგადოება დიდხანს ელოდა, ბლეფი აღმოჩნდა", - დასძენს სტატიის ავტორი.
"სანავთობო ბაზარზე კონკურენცია რომ არ არსებობს, ერთი თვალის შევლებითაც ჩანს. უცხოურ პრესაში ყველგან იწერება თუ როგორ კატასტროფულად ეცემა ნავთობის ფასი, შესაბამისად, იაფდება ნავთობპროდუქტებიც. ნავთობიმპორტიორები ბიზნესმენები არიან და თუკი გასაქანი ექნებათ, მათი მიზანია, რაც შეიძლება მეტი მოგება მიიღონ. მე მაინტერესებს, ნუთუ არ რცხვენია ამ მთავრობას, როდესაც ავტომობილებით გადაადგილდებიან და ავტოგასამართი სადგურების ტაბლოებზე კატასტროფულად მაღალ ფასებს უყურებენ? არ მინდა დავიჯერო, რომ ჩვენი მთავრობა ისეთი უუნაროა, რომ არ იცის რა ხდება საერთაშორისო სანავთობო ბაზარზე. ასევე მაინტერესებს რა რჩევას იძლევა 40-კაციანი ეკონომიკური საბჭო. საქართველოს სანავთობო ბაზარზე ასეთი განუკითხაობა არასდროს ყოფილა!", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ექსპერტი ზვიად კანდელაკი.
http://www.interpressnews.ge/ge/qarthuli-p...a-16102014.html
Если человека кусает вампир, он становится вампиром. Такое ощущение, что очень многих вокруг искусали бараны...
არაფერია უფრო მუდმივი,ვიდრე დროებითი უფულობა...
მსოფლიოს მართავს მხოლოდ ფული და სექსი!
ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა და თბილისში შავი ჯიპი