"რატომ უჭერენ მხარს ამერიკელი სენატორები ტირანს?", - ამ სათაურით აქვეყნებს გამოცემა The Hill ლუის რობერტსონის სტატიას. როგორც სტატიაშია აღნიშნული, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ცოტა ხნის წინ თანამდებობრივი უფლებამოსილების გადაჭარბებისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს. ავტორის თქმით, ეს მომენტი დიდი ხანია, მოსალოდნელი იყო, მაგრამ აშშ-ის სენატში სააკაშვილის ბევრი მეგობარი, მათ შორის სენატორი ჯონ მაკკეინი, ჯინ შაჰინი, მარკ რუბიო და ჯეიმს რიში დღესაც უარყოფენ ამას.
"როგორც ამერიკელს, რომელმაც საკუთარ თავზე გამოვცადე სააკაშვილის რეჟიმის ბნელი მხარე, მრცხვენია, რომ ჩვენი სენატორები აგრძელებენ მის მხარდაჭერას", - წერს ლუის რობერტსონი.
ავტორისვე თქმით, ოთხივე ამ სენატორმა, მიუხედავად სახელმწიფო დეპარტამენტის მოწოდებისა, გამოძიების გაგრძელებასთან დაკავშირებით, სააკაშვილის წინააღმდეგ წარმოებული გამოძიებისთვის საჯაროდ გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლება, აშშ-ის დემოკრატიული მოკავშირე, რომლის ჯარებიც ჩვენი ჯარების მხარდამხარ იბრძვიან მსოფლიოს გარშემო.
"სააკაშვილის მიცემას სამართალში შვიდი წელი დასჭირდა. მისი თვალთმაქცობისა და ტყუილის შვიდი წელი. ეს შვიდი წელი საკუთარ თავზე გამოვცადე", - წერს ლუის რობერტსონი.
სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ "ნიუ იორკ თაიმსი" ცოტა ხნის წინ მიხეილ სააკაშვილის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიაში არაფერია იმის შესახებ ნათქვამი იმ ბრალდებებზე, რომელიც ტელეკომპანია "იმედის" დარბევას ეხება. მისივე თქმით, 2006-2009 წლებში სწორედ თავად გახლდათ ტელეკომპანიის აღმასრულებელი დირექტორი.
"2007 წლის ოქტომბერში საქართველოში რუპერტ მერდოკის კორპორაცია News Corp-ის დავალებით ჩავედი, რათა მეხელმძღვანელა ტელეკომპანია "იმედისთვის". ეს იყო საქართველოში ყველაზე პოპულარული და პატივცემული ტელევიზია. ქვეყანაში, სადაც სახელმწიფო აკონტროლებდა მედიას, ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებდით "იმედის" დამოუკიდებლობისთვის. ჩემს კოლეგებთან ერთად, 2007 წლის 7 ნოემბერს, მეც ტელევიზიაში ვიყავი, როცა ის სააკაშვილის მებრძოლებმა მიწასთან გაასწორეს. პარალელურად კი, თბილისის ცენტრში მისი ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ მშვიდობიან აქციას არბევდნენ. სახეები ნიღბებით ჰქონდათ დაფარული, რათა შეუძლებელი ყოფილიყო მათი ამოცნობა, ხელში კი აკ-47 ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი ეჭირათ, რომელიც ჩვენი 8 თვის ორსული თანამშრომლისთვის ჰქონდათ მიშვერილი. ის კი ჩანასახის პოზაში იყო მოკუნტული და ასე ცდილობდა ჯერ კიდევ დაუბადებელი შვილის დაცვას. მე ვხედავდი, როგორ უმიზნებდნენ თავში ძირს მოკრუნჩხულ ახალგაზრდა თანამშრომელს, რომელიც სახეს ხელებით იფარავდა იმ იმედით, რომ თავში არ ესროდნენ. მობილური ტელეფონები ჩამოგვართვეს, თანამშრომელთა კომპიუტერები კი დააზიანეს. მაშ, როგორ და რატომ ხდება ასეთი რამ? ვინ გასცემს კერძო ტელეკომპანიაზე თავდასხმისა და მათი თანამშრომლების მძევლად აყვანის ბრძანებას?", - წერს ტელეკომპანია "იმედის" ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი.
ლუის რობერტსონის თქმით, ხუთმილიონიანი ქვეყანაში, მხოლოდ ერთ ადამიანს - მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა მსგავსი თავდასხმის ბრძანების გაცემის ძალაუფლება. მისივე თქმით, ყველასთვის ნათელი იყო, ვინ გასცემდა ბრძანებას. როგორც ლუის რობერტსონი აღნიშნავს, დარბევიდან ორი დღის შემდეგ, საქართველოს მაშინდელმა მთავრობამ განაცხადა, რომ ტელეკომპანია "იმედის" მმართველები რუსეთის ჯაშუშები იყვნენ, რაც ჩვეული ხერხია, რომელსაც სააკაშვილი დღესაც იყენებს თავისი კონკურენტების წინააღმდეგ.
ავტორისვე თქმით, როცა ამ ტყუილის ანკესზე არავინ წამოეგო, დარბევის მიზეზად გამოცხადდა ის, რომ ტელევიზია არ ამბობდა სიმართლეს ხელისუფლების შესახებ. "ესეც ტყუილი იყო. სინამდვილეში, სიმართლის თქმის გამო დაიწყო ჩვენსა და ხელისუფლებას შორის პრობლემები", - წერს ლუის რობერტსონი.
ტელეკომპანია "იმედის" ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ასევე აღნიშნავს, რომ დარბევის შემდეგ ტექნიკისთვის მიყენებული ზარალის ოდენობა მილიონ დოლარს აღმატებოდა. მიუხედავად ამისა, შვიდი წლის განმავლობაში ამ დანაშაულზე პასუხი არავის მოეკითხა.
"ახალი ხელისუფლების მიერ აღებული ვალდებულება, დაამკვიდროს კანონის უზენაესობა და ის, რომ ყოფილი პრეზიდენტი გაექცა პოლიციას, იმედს მაძლევს, რომ იმაზე, რაც დატრიალდა ნოემბრის იმ დღეს სათანადო განაჩენს გამოიტანენ, რაც სამართლიანობას მოუტანს ყველა ჩვენგანს, ვინც ის საშინელი დღე და ღამე გადავიტანეთ", - წერს ლუის რობერტსონი.
როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, სააკაშვილი ძალაუფლებაში ვარდების რევოლუციის შემდეგ მოვიდა, მაგრამ შვიდი წლის შემდეგ ვარდები საბოლოოდ ჩამოხმა. მისივე თქმით, მაკკეინი, შაჰინი, რუბიო და რიში ალბათ, პუტინის წინააღმდეგ სააკაშვილის მკაცრმა საუბარმა დააბნია და გამორჩათ ფაქტი, რომ სააკაშვილი ადამიანის უფლებების მრავლგზის დამრღვევი იყო, რომელიც ზედამხედველობდა ციხეში წამების სისტემას და თავისუფალი პრესის განადგურებას.
"იმედია, რომ დღეს, როცა სააკაშვილი სამართალში მისცეს, ეს სენატორები ხელახლა განიხილავენ თავიანთ პოზიციას მასზე. ჩვენმა ლიდერებმა უნდა გაავრცელონ მკაფიო გზავნილი, რომ ჩვენთვის მიუღებელია ასეთი ტირანული ქცევა, თუნდაც ე.წ. მოკავშირეებისგან", - წერს ლუის რობერტსონი.
http://thehill.com/blogs/congress-blog/for...upport-a-tyranthttp://www.interpressnews.ge/ge/politika/3...ebi-tirans.html