beglara
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 513
წევრი No.: 192469
რეგისტრ.: 13-October 14
|
#42716221 · 1 Nov 2014, 00:01 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (kino222 @ 31 Oct 2014, 20:02 ) |
საქმეები 17:24-25) . . .ღმერთი, რომელმაც შექმნა სამყარო და ყველაფერი, რაც მასშია, და რომელიც არის ცისა და დედამიწის უფალი, ხელთქმნილ ტაძრებში არ მკვიდრობს, 25 არც ადამიანთა ხელით სამსახურს მოითხოვს, თითქოს რამე სჭირდებოდეს, რადგან თვითონ აძლევს ყველას სიცოცხლეს, სუნთქვასა და ყოველივეს. . .
(გამოსვლა 20:4-5) . . .არ გაიკეთო არც ქანდაკება და არც არანაირი მსგავსება იმისა, რაც მაღლა ცაშია, რაც დაბლა მიწაზეა და რაც წყალშია, მიწის ქვემოთ. 5 არ სცე მათ თაყვანი და არ ემსახურო, . . .
http://www.jw.org/ka/%E1%83%9E%E1%83%A3%E1...83%A2%E1%83%94/ |
წმინდა ხატების სანთლების და საკმეველის თაობაზე იეღოველები პატივს არ სცემენ წმინდა ხატებს, ჩვენ კი კერპთაყვანისმცემლობაში გვდებენ ბრალს და კატეგორიულად ამტკიცებენ, რომ ხატი - ეს იგივე კერპია. ბიბლიის მიხედვით განვხილოთ, რა არის კერპი. გამოსვლათა წიგნში მოთხრობილია, რომ სინას მთაზე ღმერთთან მოსაუბრე მოსემ დააგვიანა ხალხთან ჩამოსვლა. მაშინ ხალხმა უთხრა აარონს: „ადექი და გაგვიკეთე ღმერთები, რადგან არ ვიცით, რა დაემართა იმ კაცს, მოსეს... აარონმა საჭრეთლით გამოსახა სახე და ჩამოასხა ხბო. თქვეს: ესენი არიან, ისრაელო, შენი ღმერთები, რომლებმაც ეგვიპტიდან გამოგიყვანეს“ (გამ. 32, 1, 4). შემდეგ აარონმა ააგო მათთვის სამსხვერპლო, დღესასწაულიც კი გამოაცხადა და ხალხმა კერპებს, როგორც ღმერთებს შესწირა მსხვერპლი. აი, როგორი ყოფილა კერპი. ახლა, რაც შეეხება წმინდა ხატებს; მართლმადიდებლებს განა ოდესმე უთქვამთ, რომ ესენი არიან ჩვენი ღმერთები და არა ის ღმერთი, რომელმაც შექმნა ცა და მიწა? გამოსვლათა წიგნში წერია: „არ გაეკარო კერპებს, არც რაიმე ხატი (ძვ. ქართ. „მსგავსება“ ბერძ. „ჰომოიომა“) იმისა, რაც არის მაღლა ცაში, დაბლა მიწაზე და წყალში მიწის ქვეშ“ (გამ. 20, 4). ამ მუხლის ციტირებით, იეღოველები ამბობენ, რომ თითქოს ღმერთი კრძალავს ხატების თაყვანისცემას. ჯერ ერთი, მოყვანილ ციტატაში ძველ ბერძნულ და ძველ ქართულ ტექსტებში სიტყვა „ხატის“ მაგიერ გამოყენებულია „მსგავსება“, „გამოსახულება“, შეადარეთ რუსულ ტექსტს, რომელიც მკითხველისათვის უფრო ხელმისაწვდომია. მეორეც, ებრაელების გარშემო მცხოვრები ხალხი, ყველანი იყვნენ მეკერპენი და ღვთის ხალხის მათი გავლენის ქვეშ მოხვედრის რეალური საშიშროება იყო. ჩვენ არ ვეთაყვანებით წმინდა ხატებს, როგორც ღმერთებს, არამედ მივაგებთ მათ შესაფერის პატივს. ამასთან, მართლმადიდებელი ეკლესია პატივს სცემს არა ხეს და საღებავს, რომლითაც შესრულებულია ხატი, არამედ იმ პიროვნებას, რომელიც მასზეა გამოსახული. ეს რომ ღვთის საწინააღმდეგო ქმედება არ არის და ნებადართულია მისგან, წმინდა წერილიდანაც ჩანს. უფალი კერპების გამოსახულების გაკეთებას კრძალავს და არა - წმინდა ანგელოზებისას. მაგ.: მან მოსეს უბრძანა, გაეკეთებინა ანგელოზების - ქერუბიმების ქანდაკება და აღთქმის კიდობანზე დაემაგრებინა (გამ. 25, 1-21); „ოქროსაგან გამოჭედავ ორ ქერუბიმს, და სახურავის ორსავე კიდეზე დაამაგრებ (გამ. 25, 18). როგორც აღვნიშნეთ, ქერუბიმები იგივე ზეციური ანგელოზები არიან (შეადარეთ ებრ. 9, 1-5). ბიბლიაში ასევე მოხსენებულია ორი პიროვნება: ბეცალიელი, ძე ურისა, იუდას შტოდან (გამ. 31, 2) და ოჰოლიაბ ახისამაქის ძე დანის ტომიდან (გამ. 31, 6), რომლებიც უფალმა ისრაიტელთაგან მოსეს დასახმარებლად საგანგებოდ ამ საქმისათვის გამოარჩია: „და ავავსე იგი ღვთის სულით, სიბრძნით, გონიერებით, ცოდნით და ყოველი ხელოვნებით... რათა ყველაფერი გააკეთონ... სადღესასწაულო კარავი, მოწმობის კიდობანი სახურავითურთ და კარვის ყოველი ჭურჭელი“ (გამ. 31, 3, 6-7). და, მართლაც, ღვთის ბრძანებისაებრ, „გააკეთა ბეცალიელმა ურთხელასგან კიდობანი... მოჭედა იგი ხალასი ოქროთი შიგნიდან და გარედან და ოქროს გვირგვინი შემოავლო გარშემო... გააკეთა ოქროს ორი ქერუბიმი; ოქროსაგან გამოჭედა ისინი; სახურავის ორსავე კიდეზე განალაგა, ერთი ქერუბიმი ერთ კიდეზე, მეორე ქერუბიმი მეორე კიდეზე. სახურავიდან გამოიყვანა ქერუბიმები ორსავე კიდეზე. ფრთები გაშლილი ჰქონდათ ქერუბიმებს და ფარავდნენ თავიანთი ფრთებით სახურავს, სახით ერთმანეთისკენ იყვნენ მიქცეულნი“ (გამ. 37, 1-2, 7-9). მიუხედავად იმისა, რომ ღმერთი ყველგან მყოფია და ყოველთვის ესმის ჩვენი ლოცვა, იგი მკაცრად აფრთხილებს მოსეს: „მანდ მოგევლინება ხოლმე, სახურავზე, ორ ქერუბიმს შორის, მოწმობის კიდობანზე რომ არიან, და ყველაფერს გამოგიცხადებს, რაც ისრაელიანებისთვის უნდა გაბრძანებინოთ“ (გამ. 25, 22) და, მართლაც, „როცა შედიოდა მოსე სადღესასწაულო კარავში მასთან სალაპარაკოდ, ესმოდა ხმა უფლისა, რომელიც ელაპარაკებოდა მას მოწმობის კიდობანის სახურავს ზემოდან, ორი ქერუბიმის შუიდან. ასე ელაპარაკებოდა მას უფალი“ (რიცხ. 7, 89). წმინდა წერილში ნახსენებია, „რომ გაირჩეს საღვთო და საერო, უწმინდური და განწმენდილი“ (ლევ. 10, 10). სწორედაც, ასეთ „საღვთო და წმიდა“ გამოსახულებადაა ბიბლიაში მიჩნეული ანგელოზთა ქანდაკებანი. აღთქმის კიდობნისა და მასზე გამოსახულ ანგელოზთა წინაშე ლოცულობდნენ. „შემოიხია იესომ (ნავეს ძემ) სამოსელი, პირქვე დაემხო მიწაზე უფლის კიდობნის წინ და ასე იყვნენ საღამომდე ის და ისრაელის უხუცესობა; თავზე მტვერი დაიყარეს“ (იესო 7, 6); „დაემხო ტაძრის წინ ისრაელის ყოველი კაცი, ქალი და ბავშვი - იერუსალიმის მკვიდრნი, ნაცარი დაიყარეს თავზე და გააფინეს თავიანთი ძაძები უფლის წინაშე“ (ივდ. 4, 11). კიდობნის წინაშე მსხვერპლს სწირავენ ღმერთს. სოლომონი „მივიდა იერუსალიმში და წარდგა უფლის აღთქმის კიდობნის წინაშე. აღავლინა აღსავლენი და შესწირა სამადლობელი მსხვერპლი“ (3 მეფ. 3, 15); „დააყენა ლევიანები უფლის კიდობნის წინაშე სამსახურის გასაწევად, რათა მოეხსენებინათ, ედიდებინათ და ექოთ უფალი, ღმერთი ისრაელისა“ (1 ნეშტ. 16, 4). კიდობნის წინაშე ანთებენ კანდელებს და აკმევენ საკმეველს. „გააკეთე სამსხვერპლო საკმევად... დადგი იგი კრეტსაბმელის წინ, მოწმობის კიდობნის პირდაპირ რომ არის; სახურავის წინ, მოწმობის კიდობანს რომ ახურავს, სადაც მე გამოგეცხადებით. აკმიოს მასზე აარონმა სურნელოვანი საკმეველი; აკმიოს იგი დილაობით, როცა ლამპრებს გაამზადებს. როცა აანთებს აარონი ლამპრებს საღამოხანს, აკმიოს საკმეველი. ეს იყო მუდმივსაკმევად უფლის წინაშე თაობიდან თაობაში“ (გამ. 30, 1, 6-8). ასევე სოლომონმა დაბირში „გააკეთა ორი ქერუბიმი ზეთისხილის ხისგან“ (3 მეფ. 6, 23) და ღმერთმა მოიწონა ისინი. სოლომონმა მოგვიანებით, დიდი ტაძრის აშენების შემდეგ, შიდა ნაწილში განათავსა ორი ქერუბიმის გამოსახულება. „წმიდათაწმიდის სახლში გააკეთა ორი ქერუბიმის ქანდაკება და ოქროთი დაფერა ისინი... ამ ქერუბიმების ფრთები ოც წყრთაზე იყო გაშლილი. ისინი თავიანთ ფეხებზე იდგნენ და პირისახე სახლისაკენ ჰქონდათ მიქცეული“ (2 ნეშტ. 3, 10, 13). სოლომონმა მთელი ტაძარი ქერუბიმებით მოხატა. „კედლებზე ქერუბიმები ამოკვეთა“ (2 ნეშტ. 3, 7); „გააკეთა კრეტსაბმელი ლურჯი, ძოწეული, მეწამული ნართისაგან და სელისაგან და მასზე ქერუბიმენი გამოხატა“ (2 ნეშტ. 3, 14). უფალმა მოიწონა ეს სახლი და მისმა დიდებამ აავსო იგი. „როცა სოლომონმა ლოცვა დაასრულა, ცეცხლი გადმოუშვა ზეციდან და შთანთქა აღსავლენი და მსხვერპლნი. უფლის დიდებამ აავსო სახლი. ვეღარ შედიოდნენ მღვდლები უფლის სახლში, რადგან უფლის დიდებით იყო ავსებული უფლის სახლი. როცა დაინახეს ისრაელიანებმა სახლზე გადმომავალი ცეცხლი და უფლის დიდება, პირქვე დაემხნენ ქვაფენილზე და თაყვანისცეს“ (2 ნეშტ. 7, 1-3). ღმერთი, ანგელოზთა გამოსახულებების გაკეთებას რომ კრძალავდეს, მოსესა და სოლომონს მათი ქანდაკების დამზადებას არ უბრძანებდა და არ მოუწონებდა, პირიქით, მათ ამისთვის დასჯიდა. ამგვარად, თუ ჩვენ თაყვანს ვცემთ ხატებზე გამოსახულ ანგელოზებსა და წმიდანებს, როგორც ღმერთებს, ეს ცოდვაა, ხოლო ჩვენ პატივს მიგავებთ მათ, როგორც ეს ხდებოდა ძველი აღთქმის ეკლესიაში, ეს ღვთისათვის სათნოა. ხატი არის სარკმელი ზეცაში. მათი სახით ჩვენ თაყვანს ვცემთ არა ფიცრებსა და საღებავს, არამედ მასზე გამოსახულ წმინდანებს, რომლებიც ანგელოზებთან ერთად არიან და ადიდებენ უფალს ისევე, როგორც ძველი აღთქმის ეკლესიაში თაყვანს სცემდნენ არა მასალას - ხეს, სპილენძსა და ოქროს, რომლისგანაც დამზადებული იყო ქერუბიმები, არამედ მათი სახით - თვით ზეციურ ანგელოზებს. ჩვენ ბიბლიის ხელნაწერებს ხომ არ აღვიქვამთ, როგორც მხოლოდ ქაღალდსა და შავ საღებავს (რომლითაც დაწერილია ასოები), არამედ მას განსაკუთრებული სიფრთხილით ვეპყრობით. ასევე არაა მართებული ხატებში მხოლოდ საღებავისა და ფიცრის დანახვა. წმინდა წერილის თანახმად, მათ ჯეროვანი პატივი უნდა მივაგოთ. წიგნიდან: „ბიბლია ამხელს იეღოველთა სწავლებას“, თბილისი, 1998 წ. სანთლის ანთების, კანდელისა და საკმევლის კმევის თაობაზე რას ამბობენ „იეღოვას მოწმეები“: წმიდან წერილში არსად წერია, რომ ღვთისმსახურების დროს, ლოცვისას, აუცილებელია სანთლის ანთება და საკმევლის კმევა. სანთელი უბრალოდ, გასანათებლად უნდა გამოვიყენოთ.
რას უპასუხებს წმინდა წერილი: თავად ღმერთმა უბრძანა მოსეს, მოძრავ კარავში, ღვთისმსახურებისათვის გაეკეთებია შვიდტოტა სასანთლე და კანდელები, ისე, როგორც ეს აჩვენა კიდეც სინას მთაზე გამოცხადების დროს. „გააკეთე სასანთლეები ხალასი ოქროსგან... ექვსი რტო უნდა გამოდიოდეს ღეროდან. სასანთლის სამი რტო ერთი მხრიდან, სასანთლის სამი რტო მეორე მხრიდან... გაუკეთე შვიდი ლამპარი, რომ აანთონ ეს ლამპრები მისი წინა მხარის გასანათებლად. იცოდე, იმ სახის მიხედვით გააკეთე ისინი, როგორც მთაზე იხილე“ (გამ. 25, 31, 32, 37, 40). მაგრამ ძველ ქართულ ტექსტში ნაცვლად „წინა მხარის გასანათებლად“, წერია „სანთელნი მისნი ნათობდნენ ერთისა პირისაგან“ („მცხეთური ხელნაწერი“). ღვთის ეს ბრძანება მოსეს დავალებით ორმა ხელოსანმა აღასრულა: ბეცალიელმა, ხურის ძის ურის ძემ, იუდას შტოდან და ოჰოლიაბმა, ახისამაქის ძემ, დანის ტომიდან, რომლების უფალმა ამ საქმისთვის აღავსო „ღვთის სულით, სიბრძნით, გონიერებით, ცოდნით და ყოველგვარი ხელოვნებით“ (იხ. გამ. 31, 1-8). საკმეველი, სანთელი და კანდელი გამოიყენებოდა არა გასანათებლად, არამედ ღვთისმსახურებისას, უფლის სადიდებლად. მოსემ „დადგა სასანთლე სადღესასწაულო კარავში ტაბლის პირდაპირ... აანთო ლამპრები უფლის წინაშე, როგორც ნაბრძანები ჰქონდა“ (გამ. 40, 24-25). „აკმიოს მასზე აარონმა სურნელოვანი საკმეველი; აკმიოს იგი დილაობით, როცა ლამპრებს გაამზადებს. როცა აანთებს მუდმივსაკმევად უფლის წინაშე თაობიდან თაობაში“ (გამ. 30, 7-8). „მათ ებარათ კიდობანი, ტაბლა, სასანთლე, სამსხვერპლოები და წმიდა ჭურჭლები მსახურების დროს გამოსაყენებელი“ (რიცხ. 3, 31). „რადგან პირველი კარავი გამზადებული იქმნა ისე, რომ შიგ იყო სასანთლე და ტაბლა და შესაწირავი პური; და ერქვა მას წმიდა... პირველ კარავში ყოველთვის შედიან მღვდლები ღმრთისმსახურების აღსასრულებლად“ (ებრ. 9, 2, 6). სოლომონ მეფემაც გააკეთა სასანთლეები იერუსალიმის ტაძრისათვის. „გააკეთა სოლომონმა ბაჯაღლო ოქროს სასანთლეები - ხუთი მარჯვენა მხარეს, ხუთიც მარცხენა მხარეს, დაბირის წინ, ყვავილებით, სანთურებით და ოქროს მაშებითურთ“ (3 მეფ. 7, 49). სანთელს ეწოდება ღვთიური, ანუ ღვთისა. „ყრმა სამუელი უფალს ემსახურებოდა ელისთან... ღვთის სანთელი ჯერ კიდევ არი იყო ჩამქრალი“ (1 მეფ. 3, 1, 3). იოანე ნათლისმცემლის მამას, ზაქარიას, უფლის ანგელოზი გამოეცხადა ტაძარში ღვთის მსახურებისას, კმევის დროს. „ერთხელ, როცა თავისი წყების წესისამებრ, მღვდელმსახურებდა იგი ღმერთის წინაშე, მღვდელთა მსახურების ჩვეულებისამებრ წილად ხვდა მას საკმევლის კმევა, და შევიდა უფლის ტაძარში“ (ლუკ. 1, 8-9). მიწიერი ტაძრები წარმოადგენენ ზეციურის სახეს. როგორც ცათა სასუფეველში ღვთის წინაშე ანთია სანთლები, იკმევა საკმეველი, სრულდება ლოცვა და ღვთისმსახურება, ასევე უფლის ბრძანებით, დედამიწაზე ღვთის ტაძრებშიც მეორდება იგივე. „რადგან დიდი იქნება ჩემი სახელი ხალხებში მზის აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე; ყოველ ადგილას დაუკმევენ საკმეველს ჩემს სახელს და წმიდა ძღვენს შემომწირავენ; რადგან დიდი იქნება ჩემი სახელი ხალხებში, ამბობს საბაოთ უფალი“ (მალ. 1, 11). იოანე ღვთისმეტყველი ასე აღწერს ცათა სასუფეველს: „მე მივბრუნდი, რათა მეხილა ხმა, რომელიც მესიტყვებოდა, და მიბრუნებულმა ვიხილე შვიდი სასანთლე ოქროსი, და შვიდ სასანთლეს შორის, მსგავსება კაცის ძისა“ (გამოცხ. 1, 12-13). „და მოვიდა სხვა ანგელოზი, და დადგა საკურთხევლის წინაშე, და ჰქონდა სასაკმევლე ოქროსი; და მიეცა მას დიდძალი საკმეველი, რათა ყველა წმიდის ლოცვებთან ერთად დაედო იგი ოქროს საკურთხეველზე, რომელიც არის წინაშე ტახტის. და ავარდა საკმევლის კვამლი წმიდათა ლოცვებთან ერთად, ანგელოზის ხელით, ღმერთის წინაშე“ (გამოცხ. 8, 3-4). იესო ქრისტეს ახალი აღთქმით არ გაუუქმებია საკმეველი, ნელსაცხებელი და სანთელი. პირიქით, შობისას აღმოსავლეთიდან მოსული მოგვებისაგან მას საუფლო შესაწირავის სახელით მიიღო ოქრო, გუნდრუკი (საკმეველი) და მური. „როდესაც შევიდნენ სახლში, იხილეს ყრმა მარიამთან, თავის დედასთან ერთად, და დაემხნენ და თაყვანი სცეს მას; და გახსნეს თავიანთი საუნჯე და მიართვეს მას ძღვენი: ოქრო, გუნდრუკი (საკმეველი) და მური“ (მათ. 2, 11). იესო ქრისტეს ჯვრიდან გარდამოხსნისა და დაფვლის შემდეგ, იესოსთან ერთად გალილეადან მოსულმა ქალებმა „იხილეს სამარხიცა და ისიც, თუ როგორ დაიდო მისი სხეული. ხოლო შემდეგ დაუბრუნდნენ და მოამზადეს სურნელოვანი საკმეველი და ნელსაცხებელი“ მის ცხედრისათვის (ლუკ. 23, 55-56). ასევე, მოციქულებიც ქრისტეს ჯვარცმისა და ამაღლების შემდეგ იერუსალიმის ტაძარში სალოცავად ადიოდნენ (იხ. საქმე 2, 46; 5, 19-21; 42; 22, 17). იქ კი, ღვთისმსახურება ანთებული სანთლებითა და საკმევლის კმევით სრულდებოდა. ამგვარად, მართლმადიდებელი ქრისტიანები, წმინდა წერილის თანახმად და მოციქულთა მსგავსად, უკვე თითქმის 2000 წელია ღვთისმსახურებას აღასრულებენ ანთებული სანთლების, კანდელისა და საკმევლის თანხლებით. * * * „და ნახა ტაძარში ხარებით, ცხვრებითა და მტრედებით მოვაჭრენი და მსხდომარე მეკერმენი (ფულის გადამხურდავებელნი) და დაწნა თოკებისაგან შოლტი, და გამოყარა ტაძრიდან ყველა, აგრეთვე ხარები და ცხვრები, და მიმოფანტა მეკერმეთა ფული და ააყირავა მათი დახლები. და მტრედებით მოვაჭრეებს უთხრა: გაიყვანეთ ეგენი აქედან. და ნუ აქცევთ მამის ჩემის სახლს სავაჭრო სახლად“ (იოან. 2, 14-16). მოყვანილ მუხლს იეღოველები არასწორად განმარტავენ და ასკვნიან, რომ ტაძარში არ შეიძლება სანთლების, ხატების, ჯვრების და რელიგიური წიგნების გაყიდვა, რადგან მათი თქმით, ეს ცოდვაა. რას უპასუხებს წმინდა წერილი: ქრისტეს დროს პალესტინა რომაელების ბატონობის ქვეშ იყო. ამ დროს ქვეყანაში ტრიალებდა ორი სახის ფული: რომაული და ეროვნულ-ებრაული. ტაძრებში ღვთისმსახურთა შესაწირავად გამოიყენებოდა მხოლოდ ეროვნული ფული. ამიტომაც ტაძრებთან ყველგან ფულის გადამცვლელები იყვნენ. დღესასწაულის დღეებში, როდესაც მთელი ისრაელი სალოცავად იერუსალიმში ადიოდა, ტაძარი და მთელი ეზო მლოცველებით ივსებოდა. თუკი სხვა დღეებში ზვარაკად შესაწირავი საქონლის გამყიდვლები და ფულის გადამხურდავებლები მხოლოდ ტაძრის გალავნის გარეთ იდგნენ ხოლმე, დღესასწაულებზე ისინი ტაძრის ეზოში და თვით ტაძარშიც შედიოდნენ. მლოცველები ცრურწმენის გამო ფიქრობდნენ, რომ უფალი აქ ნაყიდ საქონელს უფრო მეტად შეიწირავდა, ვიდრე ეზოს გარეთ ნაყიდს. ამ მომენტით ვაჭრებიც სარგებლობდნენ და ტაძარში საქონელი 2-ჯერ და 3-ჯერ ძვირი იყო, ვიდრე ეზოს გარეთ. ყოველივე ეს კი მყიდველთა უკმაყოფილებას და ხმაურს იწვევდა. ამგვარად, ღვთის სახლი საქონლის ბღავილითა და მოვაჭრეების ყვირილით, უსიამოვნო სუნითა და ნაგვით ჩვეულებრივ ბაზარს ემსგავსებოდა. ასეთ გარემოში კი შეუძლებელი იყო ღვთისმსახურება და ლოცვა. თანაც ამ დროს, ტაძარში ადგილებისათვის ვაჭრებსა და ღვთისმსახურებს შორის ფულადი გარიგებაც ხდებოდა. აი, ამიტომ გამოყარა ტაძრიდან მაცხოვარმა ავაზაკებად წოდებული მოვაჭრენი. ყოველივე ამის შედარება მართლმადიდებლურ ტაძარში სანთლისა და, საერთოდ, საეკლესიო ნივთების გაყიდვასთან არ არის მართებული. იერუსალიმის ტაძარში საქონლის გარდა ყიდდნენ შესაწირ ზეთს, ღვინოს, საკმეველსა და სხვა უსისხლო ძღვენს და უფალს არც ერთი მათგანი არ აუკრძალავს. დღესაც, მრავალ მართლმადიდებელ ტაძარში, ხმაურის თავიდან ასაცილებლად, წირვა-ლოცვის დროს სანთლის გაყიდვა იკრძალება. ბევრგან მესანთლეებისათვის ტაძრის გარეთ, ეზოებში გამოყოფილი ცალკე ადგილები. ზოგ ტაძარში კი სანთელი პირდაპირ აწყვია და მყიდველები ნებაყოფლობით სწირავენ შესაწირავს. ხოლო ჩვენ იეღოველები ტაძარში ფულის ხმარებისათვის თუ დაგვძრახავენ, ვუპასუხებთ, რომ შესაწირი ყუთები ასევე იდგა სოლომონის ტაძარში და უფალს არ უარყვია ისინი. პირიქით, შეაქო ქვრივი, რომელმაც მცირედი, მაგრამ ბოლო შესაწირი შესწირა უფალს (იხ. მარკ. 12, 41-44). ასეცე, მოციქულებსაც ჰქონდათ ფულის საერთო ქისა და შესაწირავებს მათაც სწირავდნენ (იხ. საქმე 4, 34-37). ამგვარად, მართლმადიდებელ ტაძრებში სანთლის, საკმევლისა და სხვა საეკლესიო ნივთების გაყიდვა წმინდა წერილს არ ეწინააღმდეგება და ღვთის დაშვებითა და კურთხევით სრულდება.
|