თბილისის მერიის მაღალჩინოსნების ანაზღაურება თვეში 10 000 ლარს ასცდება
14:00 18.11.2014
-+
ინტერვიუ ფრაქცია ,,თავისუფალი დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ზაზა ვეკუასთან
– როგორც ცნობილია, ფრაქცია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ თბილისის 2015 წლის ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერს. რა არის ამის ძირითადი მიზეზი?
- საკრებულოში შემოსული ბიუჯეტის პროექტი არ შეესაბამება არც „ქართული ოცნების“ 2012 წლის და არც დავით ნარმანიას 2014 წლის დაპირებებს. პირველ რიგში, მინდა ნარმანიას განცხადებას გამოვეხმაურო. საკრებულოს ოპოზიციას რომ ურჩია, ბიუჯეტი კარგად წაიკითხონო, მინდა, მას შევახსენო, ჯობია თვითონ წაიკითხოს თავისი დაპირებები და შემდეგ ამ ბიუჯეტს შეადაროს.
- კონკრეტულად, რომელმა საკითხებმა გამოიწვია თქვენი უკმაყოფილება?
- უამრავი მუხლი შემიძლია დაგისახელოთ. დღევანდელი მმართველი გუნდი ამბობს, რომ ჯანდაცვა და სოციალური სფერო პრიორიტეტულია. მე შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ სოციალური დაცვის მიმართულება, შარშანდელთან შედარებით, 6 მილიონი ლარით არის შემცირებული.
ასევე, ჩვენ პრეტენზიები გვაქვს ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით. მეტროს მშენებლობასთან დაკავშირებით. ჩვენ სერიოზულ პრობლემად გვესახება სანიაღვრე სისტემა. ამ საკითხის მოსაგვარებლად 2 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი, იმაზე ნაკლები, ვიდრე საკონცერტო აპარატურის ტრანსპორტირებაზე, მთელი წლის განმავლობაში. წინაასაარჩევნოდ ყველა აღიარებდა, რომ სანიაღვრე სისტემა ქალაქში მოსაწესრიგებელია, თუმცა, როგორც ახლა აღმოჩნდა, ამ პრობლემის მოგვარებას ისინი არ აპირებენ.
ბიუჯეტში არაფერია ნათქვამი საცობებისგან განტვირთვაზე, პარკირების პრობლემის მოგვარებაზე. საერთოდ სამარცხვინოა მიწისქვეშა გადასასვლელების თემა, რომელიც ერთ ნახევარი მილიონი ლარით ფინანსდება.
ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული ბაგა ბაღის აღმზრდელების ხელფასების მატება და დაპირებული ორ ცვლაზე გადასვლა.
არაფერი არ არის გათვალისწინებული მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად, წინასაარჩევნოდ კი ნარმანია მათ 100 მილიონ ლარს ჰპირდებოდა.
– თქვენს განცხადებაში გამოყოფილი იყო თანამშრომლების ხელფასების საკითხიც. 2015 წლის ბიუჯეტის მიხედვით, როგორი იქნება მერიის ერთი თანამშრომლის საშუალო ანაზღაურება?
– შრომის ანაზღაურებისთვის ბიუჯეტში დაახლოებით 15 მილიონი ლარია გათვალისწინებული. თუკი ამ თანხას მერიის ადმინისტრაციის 225 თანამშრომელზე გადავანაწილებთ, გამოდის, რომ თითოეული მოხელე ხელფასის და სახელფასო დანამატის სახით, დედაქალაქს თვეში 5 550 ლარი უჯდება. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ რიგი თანამშრომლები გაცილებით ნაკლებ თანხას მიიღებენ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მერიის მაღალჩინოსნების ანაზღაურება თვეში 10 000 ლარსაც ასცდება. ასე რომ, პირდაპირ შემიძლია ვთქვა – ეს უუნარო მთავრობა დედაქალაქს ძალიან ძვირი შესანახი ეყოლება.
– თქვენი შეფასებით, რამდენად სამართლიანად და მიზნობრივად ხდება გამოყოფილი თანხის განაწილება?
– ჩვენ გვახსოვს რამდენიმე თვის წინ, ქალაქის მერის ბრძანება. მან ნოსდრადამუსის თვისებები გამოიჩინა და წინასწარ განსაზღვრა, წლის ბოლომდე დასვენების დღეებში და არასამუშაო საათებში, რომელი თანამშრომელი რამდენ საათს იმუშავებდა დამატებით და, ამის მიხედვით, სახელფასო დანამატები შეუფარდა.
სახელფასო დანამატების გაცემა ქალაქის მერმა აქტიურად მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიების გაცემა, ასე ვთქვათ, ყბადაღებული თემა გახდა და აღარ უნდოდათ თანხის პრემიის სახით მიღება. რეალურად, ეს აბსოლუტურად წარმოუდგენელია. რა იცოდა ქალაქის მერმა სექტემბერში, თუ რამდენს საათს იმუშავებდა დამატებით ესა თუ ის საჯარო მოხელე მომდევნო თვეებში.
სახელფასო დანამატი მუშაობის შედეგად უნდა განისაზღვროს და არა წინასწარ. თუმცა, მათ ჰქონდათ თანხა ასათვისებელი და აითვისეს კიდეც ბოლომდე. მომავალ წელსაც ასე მოხდება, თუ ახლავე არ შევუშლით ხელს. ეს დედაქალაქის მცხოვრებთა გადასახადებიდან შემოსული თანხაა და მიზნობრივად უნდა იხარჯებოდეს. ამიტომაც, მოვუწოდებ საკრებულოს, არ დაამტკიცონ ეს ბიუჯეტი.
– ცნობილია, რომ 2015 წლის თბილისის ბიუჯეტში გაზრდილია სამივლონებო ხარჯებიც. ხომ არ ფიქრობთ, რომ თანხა ამ სფეროშიც გადაჭარბებულია?
– მივლინებების წინააღმდეგი ნამდვილად არ ვარ, თუკი საქმეს სჭირდება. თუმცა, პრობლემა ისაა, რომ მათი გაკეთებული საქმე მე არ მინახავს. თუმცა, საქმეს კარგადაც რომ აკეთებდნენ, მე ცოტა უხერხულად მიმაჩნია, ისეთი ქვეყნის წარმომადგენლებისთვის, როგორიც საქართველოა, თუნდაც თვითმფრინავით მგზავრობისას ბიზნეს კლასით სარგებლობა.
თავადვე ამბობდნენ ქამრები უნდა შემოვიჭიროთო. მაგრამ, რგორც ჩანს, გაუწყდათ ეს ქამრები და ახლა უნდათ მოსახლეობას შემოუჭირონ ყელზე.
– ხომ არ დაგისვამთ ეს საკითხები თქვენს კოლეგებთან განსახილველად, რატომ აქვს ეს პოზიცია მათ გუნდს, როგორია „ქართული ოცნების“ დეპუტატების დამოკიდებულება 2015 წლის ბიუჯეტთან მიმართებით?
– მე ვფიქრობ, რომ თუკი "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ამ ბიუჯეტს მხარს დაუჭერენ, ამის უმთავრესი მიზეზი სწორედ ის პრემიები და დანამატები იქნება, რომლებიც შემდგომ მერიის მაღალჩინოსნების შემოსავალზე აისახება. თითოეული დეპუტატი, რომელიც ამ ბიუჯეტს მხარს დაუჭერს, პასუხისმგებელი იქნება ამაზე.
იმისათვის, რომ არ ჰქონდეთ ასე გაზრდილი ხელფასები, პრემიები და სახელფასო დანამატები, ჩვენ ამ სამსახურს უნდა დავუმტკიცოთ ზუსტად იმდენი თანხა, რაც მათ რეალურად შეესაბამებათ.
ჩვენ თუ ახლა ამას დავამტკიცებთ, შემდეგ ისინი როგორც მოისურვებენ ისე გადაანაწილებენ თანხებს და აღარავინ იქნება ამის მომკითხავი. წინასწარ ვერაფერს გეტყვით, თუმცა, ჩემთვის ძალიან სამწუხარო იქნება, თუ ისევე როგორც ადრე ეს იყო უგულავას საკებულო, ახლა ნარმანიას საკრებულოდ იქცევა. მე იმედი მაქვს, რომ ჩემი კოლეგები არ დაუჭერენ მხარს ამ სახით წარმოდგენილ ბიუჯეტს.
მარიამ მჭედლიშვილი
http://commersant.ge/?menuid=11&id=17284&lang=1ისა და რას იტყვით ამაზე და ხადურზე მაგარი მადა აღმოაჩნდა მე მგონი „თბილისელ“ ნარმანიას და მის კარენნოი თბილისელ თანამშრომლებს.

რატომ აირჩიეთ ეს კაცი გიფიქრიათ ამაზე და ივანიშვილმა რაც არ უნდა სთქვას ყველაფერი უნდა დაუჯეროთ კაცო? არ დაიწყოთ უგულავაზე ლაპარაკი,წასული საქმეა ეგ.