- როგორც ცნობილია, გვარდია ხშირად არ ემორჩილებოდა ბრძანებებს, რაც არეულობას იწვევდა ხოლმე.
- სახალხო გვარდია, რომლის შემადგენლობაშიც იბრძოდნენ ხაშურელი გვარდიელები, ბრძოლის ველზე მხედრული სიმამაცისა და გმირობის მაგალითებს იძელოდა, მაგრამ მათი ქმედება, როგორც წესი, უსისტემო და არაორგანიზებული იყო. სახალხო გვარდიის ქვედანაყოფმა, რომელსაც გენერალ-მაიორი ქრისტეფორე ჩხეტიანი ხელმძღვანელობდა, ფრონტის ხელმძღვანელობისგან მიიღო დავალება: 25 დეკემბერს დაეწყო შეტევა მტრის მიერ დაკავებული, სტრატეგიული სიმაღლეების ხელში ჩასაგდებად, რითაც გაიხსნებოდა შულავერისკენ მიმავალი გზა და სხვა ქართულ ნაწილებს მიეცემოდათ საშუალება, გაეშალათ საბრძოლო მოქმედება, შულავერის დასაკავებლად. გიორგი კვინიტაძე იგონებს: "25-ში ჩვენებმა შემოუარეს სომხეთის ფლანგებს და შულავერის თავზე აიღეს უმნიშვნელოვანესი მაღლობები. აღებული მაღლობები გენერალ ჩხეტიანის სამტრედიის გვარდიამ (რომლის შემადგენლობაშიც იყო ხაშურის გვარდია) დატოვა ღამით. 26-ში გვარდიამ ხელახლა აიღო მაღლობი და ალაფის სახით 2 ტყვიამფრქვევიც ჩაიგდო ხელში, მაგრამ ღამით ისევ დატოვა პოზიციები". მკვლევარი არჩილ ჩაჩხიანი ამასთან დაკავშირებით წერს: "სამტრედიისა და ხაშურის გვარდიის მიერ სტრატეგიული სიმაღლეების აღება, მართლაც გმირობის ტოლფასი იყო, რადგან ეს იყო ურთულესი ამოცანა, ხოლო მათ მიერ ამავე სიმაღლის დატოვების მიზეზი გამაოგნებელია - ღამის სიცივისგან თავის დასაცავად და ჩაის დასალევად, რაზმი დისლოკაციის ადგილზე, სოფელ სარაჩლოში დაბრუნდა.
- როგორ დაიღუპნენ გვარდიელები?
- გაზეთმა "სახალხო საქმემ", ამ ფაქტთან დაკავშირებით 1919 წლის 14 იანვარს შემდეგი ინფორმაცია გამოაქვეყნა: "26 დეკემბერს ჩვენებს საგრძნობი მარცხი მოუვიდათ, გათენებისას ბურუსიან ამინდში ხაშურისა და სამტრედიის სახალხო გვარდიამ პირდაპირი შეტევით გასწია მაღლობებისკენ და განიზრახა ამ მაღლობების გაწმენდა. სომხები, რომელთა უმეტესობა ქართველებთან ერთად იყვნენ ნაცხოვრები და ქართულად გამართულად საუბრობდნენ, თავისებური ხერხით დახვდნენ. ქართულად გადმოსძახეს: - კაცო, თქვენები ვართ, არ გვესროლოთო. თანაც, საფარში გამაგრებულები ახლოს უშვებდნენ ქართულ გვარდიას. ამის შედეგად 55 კაცი დაიჭრეს, ხოლო ათეული ადამიანი მოგვიკლეს". გვარდილების ასეთმა მიამიტურმა საქციელმა არა მარტო დიდი მსხვერპლი გამოიწვია, არამედ დაკარგა ძვირფასი დროც, რამაც სხვა ქართული შენაერთების შეფერხება გამოიწვია.
http://www.gzapress.ge/qveyana/istoriis-la...gebuli-omi.html