"ჩვენი თამაშიდან"
# 13
* როგორც "ოლ ბლექსის" მოძღვარმა სთივ ჰანსენმა გაამხილა, ირბ მსოფლიო თასამდე ცოცხალი თავით არ შემოიღებს "ქესტუმს" - მსაჯის სათუო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებას. გურუს აზრით, ამით მატჩი ოდნავაც არ გაჯანჯლდება, რაკი ამჟამად დრო ბლომად ეწირება ტელი-რეფის წამდაუწუმ მოკითხვას. მეტიც, მასპინძელი ტელევიზია თურმე განგებ იმეორებს სადავო მომენტს სტადიონის დიდ ეკრანზე, რათა მსაჯი თავისი გუნდის სასარგებლოდ აცდუნოს.
* ნავსი ვის უყვარს და არც უელსია გამონაკლისი. რუსეთი სულ აგებს საქართველოსთან, ავსტრალია - ზელანდიასთან, ხოლო ურჩხულები - ვოლაბებთან. ტაფიები წინა ვიქენდზე ზედიზედ მეათედ დამარცხდნენ ოზებთან და რაც ძნელი მოსანელებელია - ბოლო ხუთ წელში, მიჯრით ცხრა შებმაზე, ერთ’თავად ცალ’ნიშნა სხვაობით - 16:25 (2010 კარდიფ; 18:21 (2011 ოქლენდ, 18:24 (კდფ; 19:27 (2012 ბრისბენ, 23:25 (მელბურნ, 19:20 (სიდნი, 12:14 (კდფ; 26:30 (2013 კდფ; 28:33 (2014 კდფ)
* რაგბის კავშირის საითზე საგულისხმო სიახლეა - ლიანგის აზრის გამოკითხვა ტარდება, რომელი ორი ფერის კვართით წარსდგნენ ბორჯღალოსნები მსოფლიო თასზეო. გუშინდელი (13/11 @ 13.20 საქ) მონაცემებით, 3 463 ხმა ასე ნაწილდებოდა: 39% მიემხრო წითელს, 32% შავს და ოდენ 29% თეთრს. ერთი კია, ეს ფერი აუცილებელია სანაცვლო ვარიანტად, ხოლო წითლისა და შავის ნაზავია ის შინდისფერი, რომლის აღდგენასაც ამდენი ხანია ამაოდ მოითხოვს ფანობა.
* ეგ აფრიკელი მსაჯი პარიზში გასართობად ჩამოვიდა და არც საქმისა გაეგება რამეო - რომ ბრძანა რასინგის ბექთა გადიამ, ლორან ლაბიმ, მაგის გამო რაგბიდან 15 კვირით - 15 თებერვლამდე განკვეთეს: სტადიონზე ვეღარ მიესვლება ტოპ 14-ისა და ევრო’თასის მატჩებზე. სტუმარმა რეფმა, იაკო ფან’ჰირდენმა დედა’ქალაქურ დარბში რასინგს ორი კაცი გაუსინბინა და სტადს საჭოჭმანო ლელოც ჩაუთვალა, ლაბის კადნიერების გამო კი კლუბს 50 ათასი ევროს გადახდაც დაეკისრა.
* ტულონის 32 წლის მგეზავი, ოზი მეთ გიტო "თავდებში უდგება" 8 წლით უმცროს თანა-კლუბელსა და თვისტომს, უნივერსალ ბექ ჯეიმზ ო’ქონორს, ესაო და რაც დარდიმანდი ჯეელი ავსტრალიიდან ევროპაში გადმოიხვეწა, დადინჯდა, დაჭკვიანდა, პიროვნულად იზარდა, სასწაულ ფორმაში ჩადგა და თანაც იმოტოლა ნიჭის პატრონია, რომ ახალი წლიდან, როცა "რედსის" მოთამაშედ ჩაებმება ზე 15-ში, ნაკრებში მოხვედრის უპირველესი კანდიდატი იქნებაო. ამინ!
* ბოლოს, ისევ მძლეთამძლე ზელანდია. "ოლ ბლექსმა" ჩიკაგოში რომ დაანგრია ამერიკა, კავშირი მილიონზე მეტით ახეირა, რაღაი იანკებს 7-ნიშნა თანხა დაუჯდათ კივთა დაყოლიება და 40 ათასზე ზემოთ რაც კი ბილეთი გაიყიდა, მხარეებმა მაგის სარფიც ტოლად გაიყვეს. შავები დაპატიჟეს ნჰლ-ზე, ნბა-ზე და პუბლიკას ვარსკვლავებად გააცნეს. ჰოდა, კმაყოფილი ზელანდია იანკებს კიდევ ეწვევა მაშინ, როცა მსოფლიო თასი და ლომების ტურნე ხელს არ შეუშლის.
# 12
* მრავალ’უცნობიანი განტოლება წარმატებით ამოხსნა რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტმა, ოღონდაც ჩახლართულ პროცესს ოთხი დღე მოანდომა. ბოლნისის სტადიონი დაკავებული აღმოჩნდა; ბათუმს თამაში თბილისში ერჩია; მერე დაიკეტა შევარდენი, ესაო და ნაკრების ბაზააო; მერე კიდევ ლოკომოტივმა იუარა ორშაბათს რაგბობა; ბოლოს არმაზმა წამოადგინა ცნობა, ნაკრებში სამი წევრი მყავსო. ჰოდა, თუ არ გვერევა, ვიქენდის განრიგი მეექვსე (!) "მოსმენით" დამტკიცდა.
* ნამატჩევსღა გაცხადდა, თუ რად გამოუდია თავი "ოლ ბლექსს" და ამერიკული რაგბის მომავლისთვის ეგზომ საარსებო მატჩში 74 ქულა მიურთმევია "არწივებისთვის". მიზეზი კალათბურთი ყოფილა - ამის წლევანდელ მსოფლიოზე, ესპანეთში, იანკთა "დრიმ თიმმა" კივეთის "თოლ ბლექსი" 71 წერტს დააჯერა და ზელანდიამ თურმე ახლა რაგბით ამოიყარა ჯავრი ამერიკაზე. სხვაფრივ, რა აკავშირებს ამ ორ თამაშს? რაღა თქმა უნდა, ხელდახელ ბურთაობა და სუფთა დროც - 40 წუთი!
* გიორგობაზე ვაკეში იაპონიას რომ უნდა ვეტესტოთ, მაგ თემაზე "კარგი მასალებით გვამარაგებს" ფორუმელი დავით’სანი. მის მიერ იუთუბზე მოძიებულ ვიდეოში "ალუბლების" ცბიერი მოძღვარი, ედი ჯოუნზი ტრაბახობს, ჩვენი შერკინება მსოფლიოს მოწინავე ხუთეულშიაო. ოზ გურუს ევროპაში საუკეთესოდ ამ მხრივ იტალია მიაჩნია და იმასაც აღიარებს, რომ შეჭიდების წესის შეცვლამ არგოთ - აზია დაუბრუნდა ძირებს, რაკი ოდითგან ძალიან დაბლა შედიოდა.
* ისევ აიშვა ბებერმა ქეშმა, რუპენი თაუთაუ’ნიმბუთამ. 34 წლის ფიჯელი ვიტრუოზი სულ მთლად ჩაკურატდა, მაგრამ ლელოები კი მაინც გააქვს. მშობლიურად ქცეულმა აჟენმაც, ამჟამად "პრო დე’დეს" შუაწელში რომ სუფევს, ისევ იქირავა ვეტერანი, მაგრამ ეს კვირიან არდადეგებზე შინ რომ გაფრინდა, საფრანგეთში აღარ დაბრუნებულა. ამაზე კლუბმა მედიას უპატაკა, "რუპსს" გადავყევით, პასპორტი და ვიზაც ვუშოვეთ, ახლა სინბინში ვაგზავნით და მერე სულ გავაგდებთო.
* საიდან აღარ გვესმის, "რაგბი ჩვენი თამაშიაო", მაგრამ საქმეც ეგაა, ვინ როგორ გაიგებს ნათქვამს და სურას ყუნწს საიდან გამოაბამს. სლოგანის მუღამიც ალბათ ეგაა. შეგვიძლია დედოფალ ვიქთორიას ეპოქის ბრიტ ჯენლთმენთა დარად ვამტკიცოთ, რომ რაგბი ჩვენთვის თამაშია და არა ხელობა! შეგვიძლია თავი მოვიწონოთ იმით, რომ რაგბი ქართველთა თამაშია და არა მეზობელ რუმინელთა! და კიდევ, რომ ჩვენი თამაში რაგბია და არამც და არამც ... პოკერი!
* გადაწყდა - 2016 წელს საფრანგეთის ტოპ 14-ის ფინალი შაბათის ნაცვლად გაიმართება პარასკევ საღამოს, 24 ივნისს, და თანაც საზღვარ’ გარეთ - ბარსელონაში, 98 ათასიან "კამპ ნოუზე". მიზეზი მაგავე დროს გალეთში დანიშნული ფეხბურთის ევროპის პირველობაა, რის გამოც სან’დენის "სტად დე ფრანსი" დაკავებული იქნება. რაგბის მახვშებმა სანაცვლო არენა ეძიეს ლონდონში, მილანსა და რომში, მაგრამ აირჩიეს კატალონია, რაკი სამხრეთი საფრანგეთიდან პარიზზე უფრო ახლოცაა.
# 11
* "სჯობს გვიანო" და შეუფერებელი ფორმით - აკიდოს მარცვლად - გვიწევს ევრო’ალაფის ნახევარ’ფინალის ოქმის გასრულება. კიდევ კარგი, ოთხშაბათ ღამით ოფიციალურის ატვირთვას აღარ დაველოდეთ და გაზეთში უწუთებო სუროგატი მოვათავსეთ, თორემ ლათინთათვის უმნიშვნელო, ხოლო ჩვენი რაგბის ისტორიისთვის ძვირფასი, აი, ეს მწირი ინფო ხუთშაბათ დილითაც კი დაფარული იყო - 7:0(2) 10:0(5) 10:5(20) 15:5(26) / 22:5(39) 29:5(45) 36:5(48) 41:5(51) სბ(53რ) სბ(65ს)
* თქმულა, "მართლის მთქმელს ცხენი შეკაზმული უნდა ჰყავდესო", მაგრამ ძნელად რომ "ოლ ბლექსის" ყოფილ მოძღვარს, ლორი მეინსს ვინმემ რამე დააკლოს იმის გამო, რომ "ოფლოუდის კარუზო", სონი-ბილ ვილიამსი "დაქირავებულად" (მესენარი) მოიხსენია. გურუ აღიარებს, ეგ ბიჭი ნაღდი ტალანტია, მისი აქეთ-იქეთ წანწალი კი - თანამედროვე სპორტის რეალობაო. დასტურად ინებეთ სვლაგეზი: ბულდოგზ (ნრლ) - ტულონ - ჩიფს - იაპონია - რუსთერზ (ნრლ) - ჩიფს
* ვაკეში "ევროპის შვიდკაცის" ტურნირსაც ვეღარ ვმასპინძლობთ, მსოფლიოში კი ტაციაობაა "ირბ-ის სერიის" ეტაპის დასაუნჯებლად. მალე მასპინძლებთან ახალი კონტრაქტები უნდა გაფორმდეს. ჭორად დადის, ვეება სიდნი წაართმევს "ოქროს ნაპირს" ავსტრალიის ეტაპს, რადგან ოქტომბერში ქვინზლენდის კურორტზე 36 პროცენტითღა შეივსო ტრიბუნებიო, ტოკიოს ტურნირი კი გადაეცემა სინგაპურს, რაკი ამან ზე 18-ის ტენდერში მარჯვედ გამოაცხადა კაპიტულაცია.
* ჩამოქნეს კივებმა საგაისო, ბოლო "ზე 15"-ის 38-კაცა რაზმები. მთავარი სიახლე "ოლ ბლექსის" შუამარბის, მაჰა ნონუს ჰარიქეინზში დაბრუნებაა. ამით ველინგთონის ფრანჩაიზს ხაზი უძლიერდება, რაკი აქამდეც ჰყავდა ბოდენ ბარეთი, კონრად სმითი, ქორი ჯეინი და ჯულიან სავეა. სონი-ბილი ლიგიდან "ჩიფსში" რომ მიბრუნდა, გულის მანკიანი რობი ფრუენი ზედმეტი აღმოჩნდა და მაგიტომ ისევ ქრუსეიდერზს შეეხიზნა, ბლუზში კი მოეწყო 9 ნომერი ჯიმი ქოუანი.
* შაბათს საფრანგეთის "ტოპ 14"-ში მეათე ტურია. ლიდერი, კლერმონი ეწვევა ბეიონს (23.45 საქ) ბასკებმა სამი წლითაც გაუგრძელეს კონტრაქტი ჯო როკოთოკოს, ვისაც სიბერეში 13 ნომრად ათამაშებენ, თორემ ჯეელობაში, "ოლ ბლექსში" რომ ბრწყინავდა, ფიჯელს საწყის 20 ტესტში 25 ლელო ჰქონდა გატანილი. ტულონი კვირას (16.00) იღებს გრენობლს. ჩემპიონმა მინიმუმ 2017 წლამდე დაიტოვა ოზი დრუ მიჩელი, ვისი სანაკრებო მონაგარიც 63 კეპი და 30 ლელოა.
* გაზეთს ჟანრული მრავალ’ფეროვნება უხდება. დაარსებიდან რა აღარ ვბეჭდეთ? - ანონსები, გარჩევები, შეჯამებანი, ცხრილები, ისტორიული წიაღ’ სვლები, საცნობარო გვერდები და ლელოს წესებიც კი, მაგრამ ჯერ არ გამოგვიქვეყნებია სამეცნიერო სტატია. ჰოდა, 1 ნოემბერს ეს ხინჯიც გამოსწორდება - წაიკითხავთ "ქართულ ტერმინოლოგიას", რომლის ავტორიც - "ჩვენი თამაშის" რაგბის მიმომხილველი - ენათ’ მეცნიერების ინსტიტუტმა ახლახანს "ქების სიგელით" დააჯილდოვა.
# სრულად
http://Qaflan.netai.net/2014 This post has been edited by ლუკასა და ნიკოს მამა on 15 Nov 2014, 16:04