ძირს ედო-ილიას შექმნილი მხედრიონის ქოცნაცური ინკარნაცია!
პარალელისათვის --- გასახსენებელი ახლო წარსულიდან:
საქართველოს რესპუბლიკა
2014-02-08
"მხედრიონი" - ბოროტების მხედრობა
უმალ ვერავინ გააცნობიერა, რა მოხდა ?
სროლის ხმა არავის გაუგონია.
რომ გადმოაბრუნეს, უკვე მკვდარი იყო, სისხლი მოჩქეფდა გახეთქილი თავის ქალიდან და გახვრეტილი წელიდან. სახეზე გაოცება შეჰყინვოდა.
ამ ამბის მხილველებმა მხოლოდ ორი სწრაფად გაუჩინარებული ახალგაზრდა შენიშნეს.
იქვე მაყუჩიანი პისტოლეტი ეგდო.
სენსაციურმა ამბავმა უმალ შეძრა ავსტრიის დედაქალაქი. მოკლული იყო ავსტრიის სამშენებლო ფირმა "მარკო პოლოს" აღმოსავლეთ ევროპაში არსებული სასტუმროების გენერალური დირექტორი, საქართველოს მოქალაქე დავით სანიკიძე.
პოლიციამ მაშინ არ იცოდა, რომ რესპექტაბელური ბიზნესმენის ნიღაბი დამნაშავეთა სამყაროს ერთ-ერთ "ნათლიას" ფარავდა...
როცა იაჰვემ მოსეს სინას მთაზე ათი მცნება უკარნახა, ამით ღმერთთან დამოკიდებულების წესთან ერთად, ადამიანის ზნეობრივი ნორმებიც განაჩინა: არა კაც კლა, არ იმრუშო, არ იქურდო, არ იცრუო, არ ინდომო შენი თვისტომის სახლი, არც არაფერი მისი ქონებიდან...
ეს მორალური პრინციპები თითქმის ერთი და იგივეა ყველა რელიგიაში და ასახულია ყველა იურიდიულ კოდექსში.
ღმერთი კარგად იცნობდა თავის ნახელავს. თიხიდან გამოძერწვის უმალ შესცოდა ადამმა, მისმა შვილმა კი ძმის სისხლი დაღვარა...
არა კაც კლა, არ იმრუშო, არ იქურდო, არ იცრუო..
და მაინც: კლავს, მრუშობს, ქურდობს, ცრუობს...
იურისტები განმარტავენ: დანაშაული ადამიანის ნებისყოფის აქტია, გარეგნულად გამოვლენილი მოქმედებით ან უმოქმედობით. დანაშაულის არსებითი ნიშანია მისი საზოგადოებრივი საშიშროება, რაც ისტორიულად ცვალებადი კატეგორიისაა. "არა მარტივი არს სენი იგი ცოდვათაი, არამედ მრავალ სახე და მრავალგუარი და მრავალნი რტონი ვნებისანი აღმოცენდებიან მისგან" - ჯერ კიდევ როდის წერდა ექვთიმე ათონელი.
ჩვენი განათლებული, ცივილიზებული, ტექნიკისა და მეცნიერების სასწაულების საუკუნე სისასტიკის, ბოროტმოქმედების, მაფიისა და განგსტერიზმის აღზევების საუკუნეც არის.
დამნაშავეობის სამყაროს დღეს არნახული მასშტაბი და მზარდი საერთაშორისო კავშირები აქვს. ყველა ჯურის - ძველი, ტრადიციული თუ ახალი მაფიები მსოფლიო მასშტაბით ქმნიან გიგანტურ ქსელს, რომელიც მთელს პლანეტას მოიცავს. დაუცდენლად მოქმედებს კაპიტალის გლობალური ბაზარი და ფინანსურ სპეკულაციებს ვერაფერი აკავებს. დამნაშავეთა სამყაროს კაპიტალი ფანტასტიკური მოცულობისაა.
ორგანიზებული დამნაშავეობა კაცობრიობის სასიკვდილო სენად იქცა. შესაძლოა, ექსპერტები და პოლიტიკოსები რამდენადმე აზვიადებენ საფრთხეს, მაგრამ საერთო აზრით, სიტუაციამ უკიდურეს ზღვარს მიაღწია, რადგან საერთაშორისო მაფია სრული განადგურებით ემუქრება მსოფლიო თანამეგობრობის ისედაც სუსტ სამართლებრივ ბარიკადებს.
საქართველო, როგორც სუვერენული ქვეყანა, რაღაც ორი ათეული წლის წინათ შეუერთდა მსოფლიო თანამეგობრობას. დამოუკიდებლობას, ყველა სიკეთესთან ერთად, ბევრი მანამდე უცნობი, უჩვეულოც მოჰყვა. კერძოდ, ორგანიზებული დამნაშავეობის გაფურჩქვნა, რასაც განსაკუთრებით შეუწყო ხელი ჩვენში შექმნილმა პოლიტიკურმა ვითარებამ, განუკითხაობის ატმოსფერომ.
შავმა სამყარომ "მხედრიონი" - მაშველთა კორპუსის სახით, ხელისუფლების სტრუქტურაშიც კი შეაღწია. დამნაშავეთა მძლავრი ორგანიზაცია შეიქმნა უშიშროების სამსახურში, კორუფციის ბუდედ იქცა მინისტრთა კაბინეტი. ხაზინა გაიძარცვა. გავლენის სფეროების განაწილებისათვის ბრძოლაში ზღვა სისხლი დაიღვარა. დაიწყო მზადება სახელმწიფო ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად. ქვეყანას ტერორისტული თავდასხმების სერიამ გადაუარა.
მაგრამ ახალგაზრდა სახელმწიფომ შეძლო სასიკვდილო საფრთხის არიდება. რაც მთავარია, აილაგმა "მხედრიონი". გაიხსნა 1992-1995 წლებში ჩადენილი ასობით უმძიმესი დანაშაული, მათ შორის: ტერორისტული აქტები, პოლიტიკურ, მმართველობით და ეკონომიკურ სტრუქტურებში გავლენის სფეროების დაუფლების, კრიმინალური სამყაროსათვის არასასურველ პირთა თავიდან მოცილების მიზნით ჩადენილი მკვლელობები, ყაჩაღობები, ადამიანის გატაცების ფაქტები.
გაიხსნა თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის შეიარაღებული დაპირისპირების დროს ჩადენილი ხოცვა-ჟლეტის სერიალები, დააპატიმრეს მრავალი ლიდერი, მათ შორის ტერორისტულ აქტებსა და ძარცვა-ყაჩაღობაში განსაკუთრებით გაწაფული კრიმინალური დაჯგუფება "მხედრიონის" შემქმნელი და ხელმძღვანელი ჯაბა იოსელიანი, "მხედრიონის" - მაშველთა კორპუსის თავმჯდომარე გიგა გელაშვილი, უშიშროების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე თემურ ხაჩიშვილი.
ასე თანდათან იკლო განსაკუთრებით საშიშ დამნაშავეთა რაოდენობამ. შეიარაღებული ფორმირებების, "საძმოებისა" და ბანდების თარეში შესუსტდა, თუმცა, მონაცემთა ანალიზი ნათლად მეტყველებდა, რომ დამნაშავეთა სამყაროს ძირითადმა ნაწილმა იატაკქვეშეთში გადაინაცვლა. აღნუსხული იყო მათ მიერ ლეგალურ ბიზნესში თანხების დაბანდების ტენდენცია როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ეკონომიკაში.
ბოროტმოქმედთა ნაწილმა, მათ შორის "მხედრიონის" ყოფილმა წევრებმა, ტერორისტული აქტებისა და სხვა უმძიმეს დანაშაულობათა ზოგიერთმა ორგანიზატორმა და შემსრულებელმა დატოვა ქვეყნის ფარგლები და ყოფილი საბჭოთა კავშირისა და ევროპის ქვეყნების ტერიტორიებზე მიიმალა. სათარეშო ასპარეზად გაიხადეს პოლონეთი, რუმინეთი, გერმანია, რუსეთი, ავსტრია. ხელობად გაიხადეს რეკეტი, ხალხისა და ავტომანქანების გატაცება, თაღლითობა, ნარკოტიკებით ვაჭრობა და კონტრაბანდა... ისინი იქიდან აკონტროლებდნენ მაფიური კლანების საქმიანობას.
უცხოეთში ქართველი კრიმინალების გადაბარგებამ თავისებური შედეგი გამოიღო. გამძაფრდა დაპირისპირება და ანგარიშსწორება სხვა ქვეყნებს შეფარებულ დაჯგუფებებს შორის, ამის მაგალითი გახლდათ რუსეთის ფედერაციაში, კერძოდ - მოსკოვში ჩადენილი მკვლელობები. როგორც წესი, სისხლიანი ანგარიშსწორება ხდებოდა ფინანსური შეუთანხმებლობის გამო, ხშირად კი "მოწმის" ჩამოშორების მიზნით, რათა დაეფარათ სხვადასხვა მძიმე დანაშაულში თავიანთი მონაწილეობის კვალი.
საზღვარგარეთ მოკლეს შავი სამყაროს ათობით ქართველი ავტორიტეტი. მათ შორის იყო დავით სანიკიძე.
ავსტრიაში მომხდარი ეს მკვლელობა ევროპული პრესისთვის სენსაციად იქცა. ბუდაპეშტში დააკავეს ორი ქართველი ეჭვმიტანილი. ავსტრიული გაზეთი "კურიერი" იუწყებოდა: "დ. სანიკიძის მკვლელობაში აშკარად გამოკვეთილი პოლიტიკური მიზეზებიაო".
მართლა ასე იყო.
და საერთოდ ვინ იყო დავით სანიკიძე.
დაიბადა 1946 წელს ბათუმში. ავსტრიული სამშენებლო ფირმა "მარკო პოლოს" აღმოსავლეთ ევროპაში არსებული სასტუმროების გენერალური დირექტორი, გარეგნულად რესპექტაბელური კომერსანტი, სინამდვილეში შავი სამყაროს "ნათლია", აქტიურად მონაწილეობდა დანაშაულებრივ ბიზნესსა და სხვადასხვა ფინანსურ მაქინაციაში, "მხედრიონის" მიერ უკანონო გზით მოპოვებული ფულადი სახსრებისა და მითვისებული სახელმწიფო ქონების ლეგალიზაციაში. მჭიდროდ გახლდათ დაკავშირებული დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და ევროპის ქვეყნების მაფიოზურ კლანებსა და დამნაშავეთა სამყაროს ლიდერებთან. ჩაბმული იყო ნარკობიზნესში.
1980 წლიდან დავით სანიკიძე საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა, სადაც ფართოდ გაშალა ფრთები ვიაჩესლავ ივანკოვთან - "იაპონჩიკის" მეტსახელით ცნობილ საერთაშორისო მასშტაბის განგსტერთან ერთად, რომელსაც მსჯავრი დასდო აშშ-ის მართლმსაჯულებამ, ორგანიზაციას უკეთებდა რუსეთის ტერიტორიაზე, მეტწილად - მოსკოვში, გამოძალვასა და რეკეტს.
"იაპონჩიკი"...
ამ კაცზე ლეგენდებს ჰყვებიან.
იგი რუსეთის ალ კაპონეა, პოსტსაბჭოური სივრცის ლაკი ლუჩანოა:
"იაპონჩიკი", უხილავი და მძლავრი იმპერიის ერთ-ერთი ბოსი, მორჭმით განაგებდა თავის "საუფლისწულო მამულს".
მისი ბრძანება უსიტყვოდ და უყოყმანოდ სრულდებოდა, მისი განაჩენი გასაჩივრებას არ ექვემდებარებოდა.
სასტიკი და ეჭვიანი კაცი ტყვიასავით გაურბოდა ახალ ნაცნობობას. მხოლოდ რამდენიმე მეგობარი ჰყავდა. ერთ-ერთი დავით სანიკიძე იყო. უყვარდა, პატივს სცემდა. ხასიათის, სულიერი სამყაროს მსგავსება აახლოებდა მასთან.
ვიაჩესლავ ივანკოვის მეგობარი და ნდობით აღჭურვილი დავით სანიკიძე რუსეთისა და დსთ სხვა ქვეყნების შავი სამყაროს ლიდერების "შეკრებებზე" აქტიურ როლს ასრულებდა გავლენის სფეროების დანაწილებაში, საკუთარი შეხედულებისამებრ წარმართავდა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხების დაბანდებას ევროპის ბანკებსა თუ ფირმებში.
სწორედ დამნაშავეთა სამყაროს ლიდერთა ხელდასხმით გახდა იგი ავსტრიული სამშენებლო ფირმა "მარკო პოლოს" დირექტორთა საბჭოს წევრი, მოგვიანებით კი - ამ ფირმის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში არსებული სასტუმროების გენერალური დირექტორი. სხვათა შორის, როცა ამ ფირმის პრეზიდენტი ავსტრიელი ბიზნესმენი ლეოპოლდ ბაუსბეკი თბილისს პირველად ეწვია, მას ჩიჩერონედ დავით სანიკიძე ახლდა.
დავით სანიკიძე "მხედრიონის" აღზევების შემდეგ აქტიურად დაუკავშირდა თავის ძველ მეგობარს, "მხედრიონის" ლიდერს ჯაბა იოსელიანს და სხვებს. ამ დანაშაულებრივ ჯგუფთან ერთად, ყოველი ძალით ცდილობდა დაპატრონებოდა სასტუმრო "გუდაურის" კომპლექსს, მაგრამ ედუარდ შევარდნაძის ფონდის "აღორძინება და დემოკრატიის" პრეზიდენტის სოლიკო ხაბეიშვილის შეუვალ წინააღმდეგობას წააწყდა. საფიქრებელია, რომ სწორედ ეს გახდა 1995 წლის 20 ივლისს სოლიკო ხაბეიშვილის და მისი მძღოლის მკვლელობის ერთ-ერთი მოტივი.
ჯაბა იოსელიანსა და გიგა გელაშვილთან ერთად, დავით სანიკიძემ იარაღის მუქარითა და შანტაჟის გზით მოახერხა საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებებში, ბანკებსა და ფირმებში მხედრიონელების "წილში ჩასმა".
შავი ბიზნესმენი საქართველოს ავიაკომპანია "ორბის" პრეზიდენტი გახდა, თუმცა, სინამდვილეში მის მმართველობაში საერთოდ არ მონაწილეობდა.
მისი და ჯაბა იოსელიანის დახმარებით, 1992 წელს თბილისის სასტუმრო "მეტეხში" გენერალურ მენეჯერად დაინიშნა მათი მეგობარი, "მხედრიონის" აქტიური წევრი რიჩარდ ჯავახაძე, რომელმაც, თავის მხრივ, ვითომდა დაცვის საბაბით, სასტუმროში შეიყვანა მხედრიონელთა შეიარაღებული ჯგუფი.
ამ ჯგუფის წევრებმა 1992-1995 წლებში საქართველოსა და დსთ სხვა ქვეყნებში მრავალი ისეთი მძიმე დანაშაული ჩაიდინეს, როგორიც არის შეკვეთილი მკვლელობა, ადამიანის გატაცების გზით ფულის გამოძალვა და ა. შ.
7 7 7
..."მეტეხი პალასი"
წკრიალებს ბროლი.
ალმასივით სხივის ჭაღები.
იღვრება ბლუზი და გაწყობილ მაგიდებს შორის ნელად რონინებენ წყვილები...
კონფერენცდარბაზში კი მორიგი საერთაშორისო სიმპოზიუმი მიმდინარეობს. ტელეოპერატორები ფირზე დაწვრილებით აღბეჭდავენ გამოსვლებს, ჟურნალისტები გაფაციცებით აწრიპინებენ კალმებს...
და არავის წარმოდგენაც არა აქვს, რომ იქვე, სულ ახლოს მყუდრო კაბინეტში, სადაც ვერ აღწევს მუსიკის ხმა და ცნობისმოყვარე თვალი, სხვა სამყაროა.
იქ ბრგე, გაყინულსახიანი ყორჩები უცხოს არვის აჭაჭანებენ.
იქ მხოლოდ ფულის თვლის შრიალი ისმის.
იქ მხოლოდ "საქმის გასარჩევი" შეკრებებია.
იქ ფრანგული სუნამოს სუნი არ შეიგრძნობა, სამაგიეროდ, ხანდახან სისხლის სუნით იჟღინთება ისედაც შეგუბებული ჰაერი და სიმღერის ნაცვლად მომაკვდავის ხრიალი ისმის, მერე უკვე გვამად ქცეული ღამის სიბნელეში უჩინრად რომ გააქვთ მოფარებული გასასვლელიდან.
ჩვენი დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ფეშენებელური სასტუმრო მაფიის ბუდედ იყო ქცეული. ამის თაობაზე მხოლოდ ჩურჩულით თუ იტყოდნენ, თორემ ხალხი "მეტეხი პალასს" თანამედროვე ბიზნესის, საერთაშორისო ბიზნესკავშირების, მომავლის სიმბოლოდ აღიქვამდა.
http://www.opentext.org.ge/index.php?m=12&y=2014&art=625 This post has been edited by triumpi on 4 Dec 2014, 19:06
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)