ერთი მარტივი, ნახევარსაათიანი ხუმრობით მთლიანად ჩამოიშალა ოპოზიცია, პრეზიდენტის წარმომადგენლები, მათი კვალიფიკაცია - მამუკა მდინარაძე კობახიძის განცხადებაზე
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომ „შეკრებების შესახებ კანონში ცვლილებები პრეზიდენტთან არ გაიგზავნება და მისი ხელმოწერის გარეშე შევა ძალაში“ ოპოზიციის შეფასებებს გამოეხმაურა.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, „ერთი მარტივი ხუმრობით, ნახევარსაათიანი ხუმრობით, ჩამოიშალა მთლიანად ოპოზიცია, პრეზიდენტი, მისი წარმომადგენლები, მათი კვალიფიკაცია, მათი ნარატივი. რაც კი ფეიკი ალაგეს ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ყველაფერი ჩამოიშალა ზუსტად ნახევარ საათში“.
„რასაც წინა პერიოდის განმავლობაში ამტკიცებდა ოპოზიცია, პრეზიდენტი, მისი წარმომადგენლები, მათ შორის, პროცესზე საკონსტიტუციო სასამართლოში, სამი დღის განმავლობაში, ირაკლი კობახიძის ერთი ანალოგიური განცხადება და ჩამოიქცა სოციალური ქსელები და სერიოზული კომენტარები აკეთეს. ასეთი მარტივი მხილება, შეუძლებელი მეგონა მე პირადად. ერთი მარტივი ხუმრობით მათი იურისპრუდენციაც, განსწავლულობაც, კვალიფიკაციაც, აღქმაც, ყველაფერი ხომ ეჭვის ქვეშ დადგა და გარდა ამისა, სერიოზულად დაიწყეს მტკიცება, სანამ არ დარეკეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და არ გაარკვიეს, რომ უკვე გადაგზავნილია. და რომ ნახეს, რომ უკვე გადაგზავნილია, ამის შემდეგ მოეგნენ გონს და მიხვდნენ, რომ იგივეზე აღშფოთდნენ და გადაირივნენ, რასაც სამი დღის განმავლობაში ამტკიცებდნენ. ეს იყო სრული ლუსტრაცია, რომლის მსგავსიც მე იშვიათად მახსენდება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონი პრეზიდენტთან არ გაიგზავნება და მისი ხელმოწერის გარეშე შევა ძალაში. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მისი ნათქვამი გამიზნული ხუმრობა იყო.
„თამარ ჩუგოშვილის კომენტარი ვნახეთ, რომელიც აღშფოთდა ამ ყველაფერზე, გადაირია, როგორ შეიძლება ეს მოხდესო. ეს ყველაფერი შეაფასა როგორც ძალაუფლების უზურპაცია. ასევე ეკა ბესელია, რომელიც ერთ-ერთი მათი დამცველია, ამბობს ასეთ რამეს, რომ პრეზიდენტს კანონი ხელმოსაწერად უნდა გაეგზავნოს, არგადაგზავნით კონსტიტუციას დაარღვევს „ოცნება“. რაზეც გადაირია ჩუგოშვილი, ბესელია, ამ სიგიჟეს ამტკიცებდნენ საკონსტიტუციო სასამართლოში სამი დღის განმავლობაში“, - განმარტა სპეციალურ ბრიფინგზე კობახიძემ.
შეგახსენებთ, პარლამენტმა, მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით, 74 ხმით, 22-ის წინააღმდეგ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილება მიიღო. კანონის თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს, ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას, იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას, მისი მოწყობის გარეშე არსებითად არ ფერხდება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება ან/და მისი მოწყობა შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.
https://www.newshub.ge/news/politika/erti-m...-gantskhadebaze