მოკლედ სანამ აქ ატეხავთ ომს წინასწარ ვიტყვი
აქ არც საპატრიარქოშია საქმე, არც რაიმე კონკრეტულ ინსტიტუტში, ბავშვებზე ძალადობა ხდება და ხდება სკოლებში, საბავშვო ბაღებში, მსგავს აღსაზრდელებში. ახლა კი ახალი ფაქტიც დაფიქსირდა
15 წლის ელენე საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებული ბათუმის წმინდა მატათა მოციქულის გიმნაზია-პანსიონიდან 30 ნოემბერს ღამის 10 საათზე გამოიქცა. გოგონას ფეხზე ეცვა ოთახის ფოსტლები, რომლებიც გზაში დაკარგა. როგორც ის ამბობს, თითქმის ორი კილომეტრი ირბინა ფეხით. ბოლოს გოგონას მანქანით დაეწიენ და უკან დააბრუნეს.
ელენე ამბობს, რომ მათთან ბევრი კარგი მასწავლებელი მუშაობს. ზოგთან თვითონაც მეგობრობს. ძიძები კი, რომლებიც მათთან ერთად დღე-ღამის განმავლობაში მორიგეობით რჩებიან, არც თუ ისე კარგები არიან. სადამსჯელო ღონისძიებებიც ძირითადად ძიძებს უკავშირდება, ყოველ შემთხვევაში, ელენეს მეხსიერებაში ასეა. მაგალითად, ის ყვება ორი წლის წინ, დასჯის მიზნით, ოთახში როგორ გამოკეტეს და საშობაოდ მისულ სტუმრებთან გასვლის უფლება არ მისცეს.
„ამის გამო ერთ გოგონას გული წაუვიდა და მერე ექიმმა ძლივს მოასულიერა“. ყვება იმას, თუ რა მოხდა, როდესაც „სუხიშვილების ანსამბლის მთავარი სოლისტი თეა დარჩია იყო მათთან ჩამოსული და რა მოხდა, როცა ის წავიდა - ერთ-ერთმა ბავშვმა იტირა და გონება დაკარგა. „ამის გამო, თუ რა მიზეზით არ ვიცი, ეს ბავშვი სამი საათის განმავლობაში მარმარილოზე დააწვინეს“. ყვება იმასაც, თუ პანსიონის მოქმედი ფსიქოლოგი როგორ ემუქრება ბავშვებს „კალამის გადაყლაპებით“, როგორ წაართვეს ნათლიის ნაჩუქარი ტელეფონი გაკვეთილზე და გადაუგდეს ნაგვის ურნაში; და იმასაც, რომ „ის და მისი მეგობრები ასევე სამი საათის განმავლობაში მუხლებზე როგორ ჰყავდათ მარმარილოზე დაჩოქილები“. ელენეს თქმით, ის აქამდეც არაერთხელ გაუფრთხილებიათ, რომ თუ სხვანაირად არ მოიქცევა, მალე ყველას გიჟი ეგონება. „თუმცა, „30 ნოემბერი„ წელს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ყველაზე მძიმე სტრესი მივიღე“.
ელენეს მიერ ჩამოთვლილი ფაქტების ნამდვილობას - მუხლებზე დაჩოქებასა და სხვა ძალადობაზე, „ბათუმელებთან“
სხვა ბავშვებიც ადასტურებენ. ზოგი მათგანი უკვე წავიდა პანსიონიდან, ზოგი უცხოეთში წასასვლელად ემზადება, ზოგი კი ისევ პანსიონში ცხოვრობს.
„ისედაც ვოცნებობდი წამოსვლას, მაგრამ ვფიქრობდი, რომც წამოვსულიყავი, დედაო მაინც მომცემდა ინგლისურზე სიარულის უფლებას. ძალიან ვიკავებდი თავს, რომ კონფლიქტი არ მომსვლოდა აღმზრდელებთან, მაგრამ მაინც დამემართა. ახლა არ ვიცი, დედაო მომცემს თუ არა ამის უფლებას, არადა, ის ფულს ჯგუფისთვის იხდის და არა ცალკეული ბავშვისთვის“, - ამბობს ელენე, რომელიც ირწმუნება, რომ კარგად სწავლობს ინგლისურს, ცუდად - ფიზიკას, უჭირს ქიმიის გაგება, განსაკუთრებით მუსიკა უყვარს და მასწავლებელ გოგიტა ბურჭულაძის ორგანიზებით შექმნილ ბენდში მღერის: „გოგიტა მასწავლებელმა ადრე მითხრა, აქედან რომც წახვიდე, მე მაინც გამეცადინებო. ფიქრობს, რომ ნიჭი მაქვს და არ დაგაკარგვინებო. ბათუმში, მესამე სკოლასთან ამეცადინებს ბავშვებს. 14 დეკემბერს კონცერტი გვაქვს.“
თუ დედას დაითანხმებს, ელენეს ძალიან უნდა პანსიონიდან წამოსვლა: „გაზაფხულზე 16-ის ვხვდები. მოქალაქის უფლებებში ვისწავლეთ, რომ 16 წლის ბავშვს შეუძლია იმუშაოს. ჰოდა, მეც ვიმუშავებ“სრული სტატია:
http://www.netgazeti.ge/GE/105/News/39213/