კახეთში ტურისტულ ობიექტებს პრობლემები აქვთ. სიღნაღში უკვე დაიკეტა სასტუმრო „კანოდუსი“, მომხმარებლები 30 – 40%–ით შეუმცირდა სასტუმროების ქსელს „რჩეული“; სიღნაღში მდებარე სასტუმრო „კაბადონის“ 14 სტანდარტული ნომრიდან ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მხოლოდ სამი იყო დაკავებული. საოჯახო სასტუმროების უმეტესობას მომხმარებელი საერთოდ აღარ ჰყავს. ტურისტების ნაკადის შემცირებაზე საუბრობს „თუშური ფარდაგის“ მფლობელი ლილი მურთაზაშვილიც.
„შარშან უფრო მეტი იყო ტურისტი. ყოველ კვირას 25 – 30 კაციანი მარტო მოლდოვის და უკრაინის ჯგუფები მოდიოდნენ. წელს შემცირდა“ , – უთხრა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ლილი მურთაზაშვილმა.
„ბოლო წლებში შედარებით იკლო ტურისტების რაოდენობამ. სიღნაღში ალბათ ეს დაკავშირებულია ინფრასტრუქტურის განვითარების შეჩერებასთან. წელს საშუალოდ იყო 60-70%–იანი დატვირთვა“, - ამბობს საოჯახო სასტუმრო „სიღნაღის მასპინძელის“ მფლობელი მარინა გუგინაშვილი.
„წელს ნაკლები ტურისტი იყო ჩვენს სასტუმროში, ვიდრე შარშან. თითქოს ყველა კმაყოფილი მიდის აქედან, მაგრამ არვიცი“ - აღნიშნავს ახმეტის რაიონში მდებარე საოჯახო სასტუმრო „ალვანის ველის“ მფლობელი ნანა საღირიძე.
„არვიცი რა სიტუაციაა საქართველოში, მაგრამ ჩემთან გასულ წელთან შედარებით გარკვეულწილად მოიმატა. გასულ წელს მოიმატა 2012 წელთან შედარებით“, - უთხრა კახეთის საინფორმაციო ცენტრს სოფელ ველისციხეში ახლადგახსნილი მარანი - მუზეუმი „ნუმისის“ მფლობელმა ნუნუ კარდენახიშვილმა.
ტურისტების რაოდენობის კლებაზე საუბრობენ რესტორნების, კაფე – ბარების მეპატრონეები და სხვა მცირე მეწარმეები.
„სანამ „ოცნება“ ჩაგვიდგებოდა სათავეში, მანამდე უცხოელი მეტი იყო და მაშინ იყიდებოდა კარგად. მერე ეს უცხოელი წავიდა. არ ვიცი საერთოდ საქართველოდან წავიდა, ჩვენიდან კი წავიდა. კახეთში აღარ მოძრაობს უცხოელი. შემოვიდა მერე რუსი და ისინი ყიდულობდნენ, მაგრამ ეხლა ისიც საერთოდ გაქრა“ - უთხრა კახეთის საინფორმაციო ცენტრს საგარეჯოს რაიონის სოფელ მანავის მცხოვრებმა ნაილი არუნიშვილმა, რომელიც ცენტრალურ გზაზე ჩურჩხელებს ყიდის.
უცხოელი ტურისტების მხრიდან ინფორმაციის მოთხოვნის შემცირებაზე საუბრობს კახეთში ბაზირებული საინფორმაციო ცენტრი 16 100–ის მენეჯერი ეკატერინე წიწრიაშვილი. მისი თქმით, 2013 წელთან შედარებით, 2014 წელს უცხოელი მომხმარებლების ზარები თითქმის 30%–ით არის შემცირებული. „ძირითადად ითხოვდნენ ხოლმე ინფორმაციას საკემპინგე ადგილების, სასტუმროების და საოჯახო სასტუმროების, ასევე, სხვა სერვისების შესახებ. წელს უცხოელი ტურისტების ზარები დაახლოებით 30%–ით შემცირდა“, – ამბობს ეკატერინე წიწრიაშვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებით, 2014 წლის თერთმეტი თვის განმავლობაში საქართველოში უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობამ 5,392 303 შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 1,2%-ით აღემატება. ნოემბერში შემოსული ტურისტების რაოდენობა 402 ათასს შეადგენს, რაც 2013 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3,8%-ით ნაკლებია.
წელს ტურისტების ყველაზე დიდი ნაკადი ივლის-სექტემბრის მონაკვეთში დაფიქსირდა, როდესაც თვეში საშუალოდ 650 ათასი უცხოელი ვიზიტორი შემოდიოდა.
ვიზიტორების წარმომავლობის მიხედვით პირველ ადგილზე თურქეთია, საიდანაც პირველ ცხრა თვეში 1,3 მილიონი ტურისტი შემოვიდა, თუმცა წინა წელთან შედარებით თურქი ვიზიტორების რაოდენობა 11%-ით არის შემცირებული. წინა წელთან შედარებით აზერბაიჯანელი ვიზიტორების რაოდენობა 19%-ით არის გაზრდილი, სომხეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა კი - 0,6%-ით. თუმცა სხვა ქვეყნებიდან შემოსული ტურისტების რაოდენობა 5%-ით არის შემცირებული.
აღსანიშნავია, რომ წელს 2014 წლის 1-ელი სექტემბრიდან, საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, საქართველოში უვიზოდ ყოფნის ვადა შემცირდა და 360 დღის ნაცვლად, 180-დღიან პერიოდში 90 დღით განისაზღვრა. 24 ქვეყანას, მათ შორის, ერაყს, სენტ-კიტსის და ნევისის ფედერაციას, ჩილეს, ტრინიდადის და ტობაგოს რესპუბლიკას და სხვა, გაუუქმდა უვიზო რეჟიმი საქართველოსთან, ხოლო ევროკავშირის, ნატო-ს, შენგენის, დსთ-ს წევრ და სხვა ძირითად პარტნიორ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა შენარჩუნდა. იმ შემთხვევაში, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეს სურვილი აქვს შემოვიდეს საქართველოში და დარჩეს 90-დღეზე მეტი ხნით, საემიგრაციო ვიზა უნდა აიღოს. აღნიშნული რეგულაცია ვრცელდება მათ შორის იმ ქვეყნებზე, რომელთა მოქალაქეებისთვის საქართველოში უვიზო რეჟიმი იმოქმედებს.
ამასთან, საქართველოს ვიზებს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო აღარ გასცემს. ვიზები გაიცემა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულოებში. უცხოელმა, რომლის წარმოშობის ქვეყანაში საქართველოს არ გააჩნია დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება, საქართველოს ახლომდებარე საელჩოს ან საკონსულო დაწესებულებას უნდა მიმართოს. კანონის მიხედვით, ვიზის აღება საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე შესაძლებელი იქნება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში.
1-ელი სექტემბრიდან საქართველოს ვიზა 50 აშშ დოლარი ღირს. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებების განხორციელებამდე, სხვადასხვა ტიპის ვიზაზე განსხვავებული ფასები მოქმედებდა.
მანანა მამაგულაშვილი | კახეთის საინფორმაციო ცენტრი
http://ick.ge/articles/20336-i.html This post has been edited by silver_ranger on 12 Dec 2014, 15:01
თუ იმათ, მოსულთ, ჩვენი მიწის გულისათვის სიკვდილისა არ ეშინიათ, ჩვენ, ამ მიწის პატრონთ რად უნდა გვილაჩრდებოდეს გული?
-
"თუ მოსახლეობა ირჩევს მექრთამე,უვიც,გამპრავებელ და არაფრისმაქნის ხელისუფლებას,ის მსხვერპლი არ არის,დანაშაულის თანამონაწილეა"
ჯორჯ ორუელი