სატელევიზიო კომპანიების წარმომადგენლები "მაუწყებლობის შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებს აკრიტიკებენ. კანონპროექტის განხილვას, რომელიც დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე მიმდინარეობს, თითქმის ყველა ტელეკომპანიის ხელმძღვანელი პირი ესწრება.
სამაუწყებლო კომპანიების წარმომადგენლების უკმაყოფილებას იწვევს ის რეგულაცია, რომელიც საათში კომერციული რეკლამისთვის მხოლოდ 12 წუთს გამოყოფს.
სამაუწყებლო კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ახალი რეგულაციები მათ ფინანსურ დამოუკიდებლობას დააკარგვინებთ. მათი თქმით, კანონი სარეკლამო ბაზრის დაზარალებასაც გამოიწვევს.
დღეს არსებული რეგულაციით, რეკლამას მთლიანი სამაუწყებლო ბადის 20% უნდა ეჭიროს, რაც დღე-ღამეში 4 საათი და 48 წუთია, ახალი რეგულაციით კი სარეკლამო დრო საათის 20%-ს არ უნდა აღემატობოდეს, რაც საათში 12 წუთიან შეზღუდვას აწესებს. რეგულაცია ე.წ. პრაიმ ტაიმსაც ეხება, სადაც რეკლამის განთავსება შედარებით მეტი ღირს.
აღსანიშნავია, რომ ტელევიზიების ძირითადი შემოსავლის წყარო სწორედ რეკლამებია. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, რომელიც მესამე კვარტალში ტელევიზიების მიერ მიღებულ შემოსავლებს ეხება, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ მიღებული შემოსავალი 6,036,955 ლარია, „ტელეიმედმა“ მესამე კვარტალში სარეკლამო მომსახურებაში 2,905,181 ლარი მიიღო, სტუდია „მაესტროს“ მიერ მიღებული შემოსავალი 1,269,568 ლარია, „ტვ 3“-ის კი 25,561 ლარი.
ეს შემოსავლები კომპანიებს თითქმის 5 საათიანი სარეკლამო დროის გაყიდვისას ჰქონდათ, ჯერჯერობით უცნობია, რა შემოსავალს მიიღებენ ისინი საათში 12-წუთიანი სარეკლამო დროიდან. სპეციალისტები რეკლამაზე ფასების შემცირებას პროგნოზირებენ.
ცვლილებათა პროექტში, რომელიც კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შეიმუშავა, გარდა ყოველსაათიან სარეკლამო დროზე ახალი ლიმიტის დაწესებისა, შეზღუდვები ვრცელდება Product placement-ზე ანუ ფარულ რეკლამასა და სპონსორებზე. პროექტი კრძალავს ფარულ რეკლამას, რეკლამის დამკვეთებს კი უკრძალავს ისეთი გადაცემების სპონსორობას, როგორებიცაა: ა) ახალი ამბების პროგრამები (გარდა სპორტული მიმოხილვისა და ამინდის პროგნოზისა, თუ ისინი პროგრამის ავტონომიური ნაწილის სახით გადაიცემა); ბ) პროგრამები სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებზე; გ) პროგრამები მომხმარებელთა უფლებების შესახებ, საარჩევნო ან საარჩევნო კამპანიასთან პირდაპირ დაკავშირებული პროგრამები.“
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ შემუშავებულ პროექტში აღნიშნულია, რომ საბავშვო პროგრამა, რომელიც 30 წუთზე ნაკლებია, რეკლამით ან ტელეშოპინგით არ შეიძლება შეწყდეს, ხოლო საბავშვო პროგრამა, რომელიც 30 წუთზე მეტია, რეკლამით შეიძლება შეწყდეს 30 წუთში ერთხელ. ამასთან, ახალი ამბების პროგრამა რეკლამით ან ტელეშოპინგით შეიძლება შეწყდეს არა უმეტეს 30 წუთში ერთხელ.
იკრძალება რეკლამით ან ტელეშოფინგით შეწყვეტა: ოფიციალური სახელმწიფო ღონისძიება, უმაღლესი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის ოფიციალური გამოსვლა; რელიგიური ცერემონია; საზოგადოებრივ-პოლიტიკური, რელიგიური, წინასაარჩევნო დებატების პროგრამა, ან დოკუმენტური ფილმი, რომლის ხანგრძლივობა 15 წუთზე ნაკლებია.
მსოფლიო პრაქტიკა სარეკლამო ჭრების დროსთან მიმართებაში არაერთგვაროვანია. გერმანიის პრაქტიკით, კერძო კომპანიებისთვის, სარეკლამო ჭრისთვის დადგენილია 12 წუთიანი ზღვარი საათში. ირლანდიის შემთხვევაში დადგენილია 18%-იანი ზღვარი მთლიანი სამაუწყებლო დროისთვის, ხოლო საათში დადგენილია 12 წუთიანი ზედა ზღვარი, ხოლო ბავშვებისთვის განკუთვნილი გადაცემების ტრანსლირებისას 10 წუთი საათში. სლოვენიის შემთხვევაში დადგენილია 12 წუთიანი ზღვარი საათში, თუმცა კანონი ადგენს გარკვეულ გამონაკლისებს. რუსეთის შემთხვევაში დადგენილია ეროვნული მაუწყებლებისთვის 15 წუთიანი შეზღუდვა საათში, დანიაში კონტენტის შინაარიდან და დროის პერიოდიდან გამომდინარე- 2-10 წუთამდე, ნორვეგიაში - 20% (12 წუთი საათში), ავსტრალიაში - 18 წუთი საათი. არგენტინაში კომერციული რეკლამის დრო შეზღუდულია 12 წუთით ერთ საათში. თურქეთში დადგენილია ასევე 20%-იანი შეზღუდვა საათში.
http://commersant.ge/?m=5&news_id=17457&cat_id=6ერთი საათი რეკლამები მიდის.
ყველა ისე წერს,როგორი კულტურა და შეგნება აქვს და ამაზე მათ ოჯახებში უნდა ეზრუნათ დიდიხნის წინ. nigo