ყაჩაღური გზით წართმეულ ქონებას უცხოელ ინვესტორს არ უბრუნებენ!!!
მაშინ როდესაც საყდრისი საბადოს გარშემო ატეხილი ხმაური არ წყდება და საზოგადოების გარკვეული ნაწილი გამალებით ითხოვს საბადოს გადარჩენას, თბილისის ცენტრში ისტორიულ შენობას თავზე გვანგრევენ. საუბარია პეტრიაშვილის ქუჩაზე მდებარე „სავანე #1 ღვინის ქარხანაზე“, რომელიც უნიკალურ ისტორიულ ძეგლს წარმოადგენს.
ხელისუფლების შეცვლის დღიდან აქციონერები ელოდებიან სამართლიანობის აღდგენას, თუმცა მათ ჯერ ვერ მოახერხეს სიმართლის დამტკიცება და დღემდე უწევთ ბრძოლა იმისთვის, რომ წართმეული ქონება დაიბრუნონ. სანამ პოლიტიკური გადაწყვეტილება მომწიფდება, „სავანე“ და უნიკალური მემკვიდრეობა ნადგურდება. ისტორია ნაცნობი სცენარით განვითარდა: სააქციო საზოგადოება „სავანე #1 ღვინის ქარხანა“ თბილისში, პეტრიაშვილის #1-ში მდებარე უძრავი ქონების მფლობელი იყო. დღეისთვის კი ეს ქონება წარმოადგენს მიმთვისებლების შპს „კატრის“ და მისი შვილობილი ორგანიზაციების საკუთრებას და მისი გადაცემა უკანონოდ განხორციელდა, უფრო სწორად კი ყაჩაღობის გზით. ამ საქმეში იკვეთება ყოფილი ხელისუფლების წარმომადგნლებისა და სამართალდამცავების სახელები. საბაბი სააკაშვილისთვის მარნის გაკეთება იყო. თაღლითური დაჯგუფების მსხვერპლი კი ამჯერად არა ქართველი, არამედ უცხოელი ინვესტორი აღმოჩნდა _ პრამოდ მიტალი, რომელსაც საქართველოში ორმილიონიანი ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა, თუმცა, მარტივად რომ ვთქვათ, მას ქონება მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა „აახიეს“. კომპანიის დირექტორმა ჯორჯ კურტისმა ბევრჯერ მიმართა როგორც საქართველოს ყოფილ, ასევე ახლანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, სახალხო დამცველს, პროკურატურას, თუმცა პასუხი არ მიუღია და არც რეალური დახმარება აღმოუჩენიათ მისთვის. ჯორჯ კურტისის პროკურატურისადმი გაგზავნილ წერილში აღწერილია პრამოდ მიტალის შეხვედრა იმხანად მოქმედ მინისტრ ნიკა გილაურთან; როგორც აღმოჩნდა, გილაურიც დაპირდა დახმარებას, მაგრამ უშედეგოდ. მიტალი სასტუმრო „თბილის მარიოტში“ ცხოვრობდა, ფოიეში მას ნაციონალური მოძრაობის დეპუტატობის კანდიდატი ვლადიმერ კვარაცხელია და მიხეილ უგულავა დაეკონტაქტნენ. განუცხადეს, რომ ქარხანა მათ მფლობელობაში იყო, ყველა საბუთი წესრიგში ჰქონდათ და კანონიერების აღდგენის არანაირი შანსი არ არსებობდა. ამასთანავე დაემუქრნენ, რომ, თუკი მათთან შემდგომ მოლაპარაკებებზე უარს განაცხადებდა, დაკარგავდა არამარტო ქარხანას, არამედ ნავთობის ბლოკს და საქართველოში არც საქმიანობისა და არც გაჩერების საშუალებას არ მისცემდნენ. ამ საუბარს მიტალის იურიდიული მრჩეველიც შეესწრო, რომელმაც ურჩია, არ ჩარეულიყო კორუმპირებულ გარიგებაში. ამის შემდეგ ბიზნესმენმა ყველა სასამართლო პროცესი წააგო და გაუუქმდა ნავთობის კონცესიაც. იგი დღემდე აგრძელებს დავას და აპირებს, საქართველოს განახლებულ პროკურატურას მიმართოს დახმარებისთვის. წერილიდან ირკვევა, რომ ღვინის ქარხანაში, პირდაპირი გაგებით, ვანდალიზმი ტრიალებდა; გატანილი იყო და ჯართში იყო ჩაბარებული ტექნიკა, უკვალოდ დაიკარგა ქარხნის დიდ სადეგუსტაციო დარბაზში არსებული ახლად ჩამოტანილი დანადგარები. მოპარული იყო ალკოპიპის დამამზადებელი ხაზი. გაქრა ქარხნის მიერ მიღებული ასობით დიპლომი და მედალი, საწყობში არსებული 200 000 აშშ დოლარის ღვინის პროდუქცია _ იგი ან ადგილზე იყო დალეული ან წაღებული. ქარხნის ცოცხალი კუთხე მთლიანად განადგურებული იყო. დარბეული, გაპარტახებული იყო უცხოელ სპეციალისტთა საცხოვრებელი ბლოკი და ოფისები. გატანილი იყო ყველა ინვენტარი და პირადი ნივთი. „დანაშაულებრივი ჯგუფის (მ. უგულავა, ვლადიმერ კვარაცხელია, გრიგოლია) ქმედების შედეგად „კაპიტალ მენეჯმენტ ინვესტმენტმა“ დაკარგა ქონება, „სავანე ღვინის #1 ქარხანამ“ და აქციონერებმა ვერ მიიღეს სამმილიონიანი კომპენსაცია, „იმპერიალ ჯორჯიან ვაინმა“ ვერ დაიბრუნა ჩადებული ინვესტიცია, არ დასაქმდა 1200 ადამიანი, ბიუჯეტმა ვერ მიიღო მილიონობით შემოსავალი აქციზისა და სხვა გადასახადების სახით, არ განხორციელდა 35-მილიონიანი ინვესტიცია საქართველოს მეღვინეობაში, გაიძარცვა და გაპარტახდა ღვინის საცავები. გაქურდულია ღვინის მარაგი, მიღებული და მითისებული იქნა დაახლოებით 13-მილიონიანი სესხი“, _ ნათქვამია კურტისის წერილში. როგორც წერილიდან ირკვევა, `საქართველოს ბანკის~ პრობლემური სესხების განყოფილების მაშინდელი ხელმძღვანელი ზაზა გრიგოლია უშუალოდ მონაწილეობდა მოწმეთა დაშინებაში და ხალხის გატაცებაში. ბანკმა ბანკმა ერთ დღეში გასცა 12 მილიონის ოდენობის სესხი, რაც შეუძლებელია და ყველა კომერციული და ადმინისტრაციული ნორმის დარღვევაა. სესხის გაცემიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, ბანკის მმართველი ვლადიმერ გურგენაძე დაწინაურდა პრემიერ- მინისტრის თანამდებობაზე, ხოლო მაშინდელი პრემიერი ნიკოლოზ გილაური ბანკში ხელმძღვანელ თანამდებობაზე გადავიდა. შანტაჟი, დაშინება, მუქარა, გატაცება და გაუპატიურების მცდელობა _ ეს ის მეთოდებია, რომლის საშუალებითაც დანაშაულებრივი ჯგუფი მოქმედებდა. `სავანეს~ ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ზურა მარგველაშვილის ჩვენებიდან ირკვევა, რომ მან მხოლოდ იმიტომ მოაწერა ხელი ქონების გადაცემას, რომ ღამით სახლში გამომძალველები დაადგნენ, რომლებიც საგამოძიებო ნაწილის უფროსთან, გიორგი ლაცაბიძესთან სატელეფონო კოორდინაციით მოქმედებდნენ. ემუქრებოდნენ დაპატიმრებით, მეუღლის გაუპატიურებით. ის სახლიდან გაიტაცა მიხეილ უგულავამ და შეიარაღებული ბანდის წევრებმა, საჯარო რეესტრში ღამის 12 საათზე მიიყვანეს, სადაც კომპანიის ბეჭედი წაართვეს. მოწმე გიორგი მგალობლიშვილის წერილიდან ირკვევა, რომ მას მიხეილ უგულავა და ვლადიმერ კვარაცხელია ატერორებდნენ. სწორედ მიხელ უგულავას მითითებით, მოიტაცეს მისი 5 წლის შვილი და მძევლად აიყვანეს, მგალობლიშვილის მეუღლე კი საგურამოს ტყეში გაიტაცეს, არეკინებდნენ მგალობლიშვილთან, ატირებული მეუღლე სთხოვდა, ყველაფერი დაეთმო და წინააღმდეგობა არ გაეწია მათთვის. ეს ფაქტი 2007 წელს მოხდა.
ზვიად ქურდაძე ქარხნის ერთ-ერთი აქციონერი იყო, ამ თემაზე საუბარი ახლაც უჭირს და აღელვებს. ჩვენებაზე ხელი შანტაჟისა და ძალადობის გამო მოაწერა:
„ეს არის ისტორიული ძეგლი, რომელიც დღეს ინგრევა. დანგრეული და გაპარტახებულია. მე ვიყავი ერთ-ერთი დირექტორი და აქციონერი. პირადად ჩემზე ხორციელდებოდა ძალადობის ფაქტები. როდესაც ყოფილი პრეზიდენტი მიხელ სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიდა, დაიჭირეს ჩემი ძმა, ბუღალტერი, მეც მიჭერდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ უარი ვუთხარი ქონების გადაცემაზე.
_ უფრო კონკრეტულად, რა მოხდა იმ ღამეს, როდესაც გაგიტაცეს?
_ მიხეილ უგულავამ და ვლადიმერ კვარაცხელიამ პირადად მიმიყვანეს საჯარო რეესტრში, იქ იყო პროკურორიც. მაწამეს და ძალით გადამაფორმებინეს ქარხანა. ეს პირადად უგულავამ და მისმა ბანდამ ჩაიდინა. მიზეზი გვითხრეს, რომ იყო პრეზიდენტის დავალება. ჩვენს გარდა, უამრავი ადამიანი დაზარალდა, მათ შორის უცხოელი ინვესტორი _ პრამოდ მიტალი, მილიარდელი, რომელიც აქ ინვესტიციების განხორცილებას გეგმავდა. მივმართეთ პროკურატურას, როგორც მაშინდელ, ასევე ახლანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, მაგრამ დახმარება არავინ აღმოგვიჩინა. ყველაზე მთავარი კი არის ის, რომ ეს არის კულტურული ძეგლი, რომ მიხვიდეთ, ვერ იცნობთ, ყველაფერი დანგრეულია, იქ იყო ისტორიული ენოთეკა, სადაც ინახებოდა სტალინისდროინდელი ისტორიული ღვინოები. იყო უნიკალური კოლექცია, ყველაფერი გაანადგურეს. არც კი ვიცი, რაიმე თუ გადარჩა. ისეთი პერიოდი გამოიარა ამ ქარხანამ, მეეჭვება, რამე გადარჩენილიყო. უკვე მივმართე პროკურატურას, მიაქციოს ამ საქმეს ყურადღება და გამოიძიოს. აღდგეს სამართლიანობა. ის, რაც მოხდა, არის ყაჩაღობა და ქურდობა, არავის უნდა შერჩეს ასეთი ქცევა. მიკა უგულავამ და კვარაცხელიამ ჩაიდინეს ეს დანაშაული და პასუხი უნდა აგონ, პირველ რიგში, საზოგადოების წინაშე, ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლი რომ გაანადგურეს~, _ ამბობს ქურდაძე.
ალეკო ელისაშვილი, თბილისის საკრებულოს დეპუტატი:
_ ეს იყო უძველესი საუფლისწულო ღვინის ქარხანა. აქ სამეფო კარისთვის მზადდებოდა ღვინო და იყო შესანიშნავი ენოთეკა. რა თქმა უნდა, ეს არის ისტორიული მემკვიდრეობა, თუმცა დღეს კერძო საკუთრებაშია. კულტურის სამინისტროსგანაც აქვთ ნებართვა, სამწუხაროდ. რა, გაუჭირდებოდათ ახლა ამ ნებართვის მიღება... სადაც ძეგლთა დაცვის სამინისტრომ საყდრისი ააფეთქებინა და ბულდოზერები მიუშვა, აქ რატომ შეიკავებდნენ თავს? ან რაში ენაღვლება ნიკოლოზ ანთიძეს ან მის მსგავს ტიპებს, ეს კულტურული ძეგლია თუ არა? რამდენადაც ვიცი, სურთ, ქარხნის ადგილას მასშტაბური პროექტი განახორციელონ. ვნახე თუ არა, რა ხდებოდა იქ, მაშინვე დავრეკე კულტურის სამინისტროში და ძეგლთა დაცვის დეპარტამენტში, კატეგორიულად მოვთხოვე, ზედამხედველობის ჯგუფი მოსულიყო.
_ იყო რაიმე რეაგირება მათი მხრიდან? _ მხოლოდ ის, რომ სამუშაოები გაჩერდა. არ გაგრძელებულა. თბილისის ძეგლებთან დაკავშირებით ცოტა გაუგებრობაა. ჯერ კიდევ კულტურის სამინისტროს ექვემდებარება თბილისის ძეგლები, უნდა გადმოეცეს თბილისის მერიას. მერიაში კი არანაირი შესაბამისი სტრუქტურა არ არსებობს. _ თქვენ ამბობთ, რომ ამ წუთებში სამუშაოები გაჩერებულია?
_ იქ ხშირად მიწევს გავლა და აქტიური სამუშაოები აღარ მინახავს, არც მოსახლეობას დაურეკავს... ყოველთვის მირეკავენ ხოლმე. საშინლად გამოიყურება იქაურობა. მინდა, უფრო მეტად გავერკვე ვითარებაში და ამის შემდეგ უფრო გამიადვილდება, ვიმოქმედო.
გიორგი იაშვილი
http://www.versia.ge/index.php/2013-07-31-...%83%91%E1%83%90ამხელა ტექსტს უმეტესობა არ წაიკითხავთ და მოკლე შინაარს გეტყვით ორი სიტყვით.მიშას ხელისუფლება გასასამართლებელია და ეს ხელისუფლება გასაგდებია პანღურის ამორტყმით.