გამოდით, ქართველები უნდა დაგთვალოთ...

საუფროსო საკარცხულში მახვშივით ვზივარ,
გვარად ლებანიძე, სახელით მურმანი ვარ,
აინტერესებთ - რა ვარ და ვინ ვარ,
რამხელა ამბავია - სტუმარი ვარ . . .
მე შენ გეტყვი და, მდუმარი ვარ,
ან არყის ხვრეპაზე უარი ვარ!
"მარე" - სვანურად კაცს ნიშნავს და
რამხელა ამბავია, თუ მარე ვარ!
ყველას არ ეთქმისო ჩვენს დროში მარე,
არც ზოგთა - მარეებში გვმართებსო გარევა!
მე თქვენ დაგიმტკიცებთ მალე,
რომ უშგულს სამახვშო მარე ვარ!
დილით ვიჭყიპები სგიმით,
მასპინძლის მაჩუბში დავძვრები:
ირხევა ჭუნირის სიმი, -
ხვრინავენ ოჯახის კაცები . . .
- ადექით, უშგულის დევებო!
ცხენდაცხენ სვიფში გამოვბრძანდეთ.
ნამთვრალევს სროლაში შევებათ,
ცხენსა და თოფში გამომცადეთ!
ლამარიასთან - ჭიხვინია,
ლამარიასთან - გრიალია:
კვერცხები ვითომც ჯიხვებია . . .
ჯიხვები ვითომც რქიანია . . .
პატარა ბიჭებს აცინებენ
სვანები უგერგილო სროლით -
ვაი თუ განგებ აწბილებენ!
ყასიდად აცილებენ მგონი!
ვესროლე, მოვარტყი უმალ,
ირგვლივ სიხარულის ყიჟინია,
"ვინ ეჯიბრებაო, სვანეთში სტუმარს!" -
მასპინძლის ბიჭები იცინიან.
ჩერქეზულ უნაგირში მახვშივით ვზივარ,
გვარად ლებანიძე, სახელით მურმანი ვარ,
შხარასკენ მივქრი და ყველზე წინ ვარ.
რამხელა ამბავია - სტუმარი ვარ!
ფუთა დაჩქელანი მელანდება,
წარსულის ტევრები სულ გავცელე.
ფუთაზე რომანი მენატრება.
რამხელა ამბავია - თუ დავწერე! . .
რამხელა ამბავია, ერის
წარსული დღესავით იხილო.
თავისუფლებაზე მღერით
ძალმომრეობაზე იყვირო!
რამხელა ამბავია, მიგიღონ
თვისტომად, შვილად და გმირად!
რამხელა ამბავია, მიიმკო
ამათი სიყვარული ქირად!
ირგვლივ ლომკაცების ჯარია,
"ლილეო" მწვერვალებს სცილდება,
- დიდება უშგულის მარიამს!
- დიდება! დიდება! დიდება!
მე თუ გავაკეთე ის,
რასაც ვეპირები დღეს,
წინასწარ ცრემლები მდის,
აგინთებ სანთლების ტყეს!
გადავალ ჩეგემის მხარეს,
ჩავყვები ღრუბელთა ეტლებს,
გადმოგგვრი ჩერქეზულ ხარებს,
დაგიკლავ თოვლივით თეთრებს! . .
ფუთა დაჩქელანი მელანდება,
წარსულის ტევრები სულ გავცელე.
ფუთაზე რომანი მენატრება.
რამხელა ამბავია - თუ დავწერე! . .
- ქართლად ფრიადი ქუეყანაჲ აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაჲ ყოველი აღესრულების
- ვისაც ჩვენი არეული არ მოსწონს, მისი დალაგებულის დედაზე ჩამოვჯექი!!!