ამ ორიოდ დღის წინ საფრანგეთის დედაქალაქში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი დედამიწა უკიდურესად ააფორიაქა.
დღისით-მზისით პარიზში, ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაში ორი ავტომატიანი მკვლელი შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. დაიღუპა თორმეტი და დაიჭრა ათი ადამიანი. მკვლელების ვინაობა დადგენილია. ცნობილია ამ შემზარავი დანაშაულის მოტივიც. გულწრფელად ვწუხვარ და თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ახლობლებს.
მოდი, გულზე ხელი დავიდოთ და ვაღიაროთ - პარიზში დატრიალებულ ტრაგედიას და 12 ადამიანის დაღუპვას მსოფლიოში უფრო დიდი გამოხმაურება და პროტესტი მოჰყვა, ვიდრე 2008 წლის აგვისტოში რუსული არმიის საქართველოში შემოჭრას, ორივე მხრიდან ასეულობით ადამიანის მსხვერპლს, ნგრევას, ქართული არმიის კრახს, ახალი ქართული ტერიტორიების დაკარგვას და ათეულ ათასობით ახალი ლტოლვილის გამოჩენას.
მართლაც, ძნელი სათქმელია, რა უფრო მნიშვნელოვანია თანამედროვე მსოფლიოსთვის - დიდი რუსეთისა და პატარა „პროვინციული“ საქართველოს დაპირისპირება, თუ საფრთხე ისლამური და ქრისტიანული სამყაროების კონფლიქტისა, რასაც, შესაძლოა, მსოფლიო ცივილიზაცია ემსხვერპლოს.
მკვლელობას, ზოგადად, ძალადობას არავითარი გამართლება არ გააჩნია. ამიტომ მთელი მსოფლიოს და, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეების პროტესტიც სავსებით გასაგები და მისაღებია. საშიში და მიუღებელია სხვა რამ - საით შეიძლება უბიძგოს კაცობრიობას რელიგიურ ნიადაგზე წარმოშობილმა კონფლიქტმა.
ამას იმიტომ ვამბობ, რომ მთელ საქრისტიანოში უკვე გაისმის ანტიისლამური და ანტიმუსლიმური მოწოდებები. საქართველო, ბუნებრივია, არც ამ მხრივ გახლავთ გამონაკლისი. ვწუხვარ, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ის „პატრიოტები“, საქართველო მხოლოდ ქართველებისთვის რომ ემეტებათ და ქართველებად მხოლოდ მართლმადიდებელი ეთნიკური ქართველები მიაჩნიათ, უკვე დროშებს აფრიალებენ, „სამშობლოსა და სარწმუნოების გადასარჩენად“ ჯვაროსნული ომისკენ მოგვიწოდებენ.
ასეთი მოწოდებები სულ უფრო დაჟინებით გაისმის პრესიდან, ტელეარხებიდან ინტერნეტქსელებიდან. „პატრიოტებიდან“ ზოგი გონებაშეზღუდული გულწრფელია, ზოგი - ავანტურისტი, უმრავლესობა - პროვოკატორი. პატრიოტული რიტორიკით შენიღბული ამგვარი ანტისახელმწიფოებრივი, ანტისაზოგადოებრივი მოწოდებები თბილისში, საფრანგეთის საელჩოსთან „შარლის“ მხარდასაჭერად გამართულ აქციაზეც გაისმა.
ადამიანთა უზარმაზარი მასების, სახელმწიფოების სამკვდრო-სასიცოცხო დაპირისპირება ყველაზე ადვილად სწორედ რელიგიური მოტივით შეიძლება. ის, რაც „შარლის“ კარიკატურისტებმა და რედაქტორებმა გააკეთეს (ანტიისლამური კარიკატურების გამოქვეყნება), იყო საყოველთაო აღშფოთებაზე გათვლილი წმინდა წყლის პროვოკაცია. თანაც, ეს არ იყო პირველი შემთხვევა.
ფრანგული საზოგადოებრიობა ქუჩაში ამ ფაქტის გასაპროტესტებლად რომ გამოსულიყო, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, არც ის ადამიანები დაიღუპებოდნენ, არც ისლამური პროტესტი დაიწყებოდა და არც ანტიისლამური პროპაგანდის აუცილებლობა გაჩნდებოდა.
ქართველ მოქალაქეებს - გულუბრყვილოებსაც, დაბნეულებსაც და პროვოკატორებსაც, - უნდა შევახსენო, რომ დედამიწაზე, დაახლოებით, მილიარდნახევარი ისლამის აღმსარებელი ცხოვრობს, მათგან ოთხმილიონიან საქართველოში - ნახევარ მილიონზე მეტი. საქართველოს გარდა, ისლამის მიმდევარი ასეულ ათასობით ეთნიკური ქართველი ცხოვრობს ირანში, თურქეთსა და სხვა ქვეყნებში.
დაბოლოს, ერთი მეგობრული რჩევა ჩემს თანამოქალაქეებს - სანამ ლანძღვა-შეჩვენებას დაიწყებდეთ, ეცადეთ, გაიგოთ, რას ნიშნავს ისლამი მისი მიმდევრებისთვის და რა შეიძლება მოჰყვეს, ზოგადად, მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას.
სხვათა შორის, ლოზუნგი „მე ვარ შარლი“, ადამიანურ ქართულ ენაზე ასე ითარგმნება - „მე პროვოკატორი ვარ“!
http://rubrica.ge/tavisupali-tribuna/sharl...isis-quchebshi/