როცა ღმერთი დეპრესიაშიაზოგჯერ ღმერთსაც სჭირდება ფსიქოლოგი. განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ადამიანები უკვე ტექნოლოგიებს აღმერთებენ.პ რ ო ლ ო გ ი“ღმერთო, შენ რომელ საათზე წვები ხოლმე დასაძინებლად? ცხრა საათი ძალიან ადრეა, არა? დედიკოს და მამიკოს უთხარი რა. იქნებ შენ მაინც დაგიჯერონ“ - ლუკა. 7 წ.
„ღმერთო, შენზე მითხრეს - ყოვლისშემძლეაო. თუ მართლა ეგრეა, შეგიძლია, რომ მეცხრე ბლოკს რამე მოუხერხო?“ - ლუკა. 8 წ.
„ღმერთო, სანტა კლაუსმა მითხრა, რომ არ არსებობ. ოღონდ მთვრალი იყო, ანზორი ბიძიას ჰგავდა და არ დავუჯერე. მატყუებდა ხო?“ - ლუკა. 10 წ.
„ღმერთო, თუ ის შემიყვარებს, გპირდები, რომ ყოველკვირას ვივლი წირვაზე. და კიდევ გპირდები, რომ წინა დაპირებისგან განსხვავებით ამჯერად ამ დაპირებას მართლა შევასრულებ“ - ლუკა. 16 წ.
„ღმერთო, „ჩაკრულო“ თუ მოგწონს?“ – Lucka21. სტუდენტი...
I
...მერე ლუკა გენიოსი გახდა. აი ასე - უბრალოდ. ერთ დღეს გაიღვიძა და ყოველგვარი მეტამორფოზის გარეშე აღმოაჩინა, რომ გენიოსი იყო.
თუმცა, სანამ ლუკა გენიოსი გახდებოდა, იქამდე მოხდა ისე, რომ ბევრმა სიტყვამ თავისი პირვანდელი პეწი დაკარგა. გაუფერულდა. შინაარსისგან დაიცალა. გამეჩხერდა. სწორედ ამიტომ იყო, რომ აინშტაინსა და ლუკას შორის არსებული ლექსიკური ზღვარი მეტისმეტად ფარდობითი გახდა. ანუ, ახლა უკვე აინშტაინიც გენიოსი იყო და ლუკაც. აინშტაინი იმიტომ, რომ ისტორიას წერდა. ლუკა იმიტომ, რომ - ლექსებს. ოღონდ სევდიანს. ოღონდ განშორებაზე. და ოღონდ ყველას ისეთივე ერთნაირს, როგორიც კვირის სამუშაო დღეებია. თუმცა, გოგოებს, ნათესავებსა და ძმაკაცებს, რომელთაც აინშტაინის ღვაწლი „დიდად არ ანაღვლებდათ“, ან კიდევ უფრო თუ დავაზუსტებთ - „ცალ ფეხზე ეკიდათ“, ღრმად სწამდათ, რომ „ლუკა გენიოსი გახლდათ და ვსო“ .
ჰოდა, როდესაც ერთ დღეს ლუკამ გაიღვიძა და საკუთარი გენიოსობა თავადაც იწამა, მერე სხვა გზა აღარ დარჩა უკვე - „გენიოსივით უნდა მოქცეულიყო“. ანუ, თითქმის არასოდეს ამოეღო ხმა, ან, ამოეღო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი სიტყვები უფრო მეტყველი იქნებოდა, ვიდრე სიჩუმე. ერთი სიტყვით, რიგითობის მიხედვით, პირველი მარიანის ღრმული უნდა ყოფილიყო, მეორე - ბაიკალის ტბა და მესამე - ლუკას ნათქვამი. შესაბამისად, ლექსიკაც ღრმა და პოეტური გაუხდა: „ჩემი ქვედა კიდურები ვერასოდეს მოხვდება თქვენი კვების რაციონში“ („ფეხებს ვერ მომჭამ“), „ჩემი გასტროენტეროლოგიური სისტემა საფუძვლიან რესტავრაციას საჭიროებს“ („მაგრად მშია“), „მელანქოლიურად განწყობილი ღრუბლები სევდას გულში ვეღარ იტევენ“ („წვიმს“), „ენდორფინის რაოდენობა ჩემში უპრეცენდენტოდ მაღალია“ („უბედნიერესი ვარ“) და ასეთები.
მერე ბრძნადმეტყველებამ გადაუარა. გენიოსობამ - არა. ამიტომაც, ადგა და ორი გენიალური გადაწყვეტილება მიიღო. პირველი მაშინ, როდესაც პირისაგან წიგნაკისა აღგავა ყველა ის რიგითი ლექსი, რომელმაც თავის დროზე „გენიოსის“ წოდება მოუტანა. და მეორე მაშინ, როდესაც ფსიქოლოგი გახდა. იმიტომ, რომ გენიოსობის დასადასტურებლად დუმილი იყო საჭირო და დუმილის მეშვეობით ფულის გამომუშავების უკეთეს გზას ძნელად თუ მიაგნებდა. ფსიქოლოგები ხომ იცით? აი, ის ხალხია - ყურადღებით რომ გისმენენ, მერე გეუბნებიან „ყველაფერი კარგად იქნებაო“ და ამაში ფულს გართმევენ. ლუკაც იჯდა სახლში, ყურადღებით უსმენდა ხალხს, ამშვიდებდა, რომ „ყველაფერი კარგად იქნებოდა“, იღებდა ფულს და ამდენი ნეგატივისგან დამძიმებული მიდიოდა სხვა ფსიქოლოგთან, რომელიც ყურადღებით უსმენდა მას, ამშვიდებდა, რომ „ყველაფერი კარგად იქნებოდა“ და ფულსაც სრულიად დამსახურებულად ართმევდა.
სწორედ ამ პერიოდში გავიცანი ლუკა. უფრო სწორად, ამ პერიოდში გავიცანი ახლოს, თორემ შორიდან ბავშვობიდანვე ვიცნობდი. ეს ის პერიოდი იყო, როცა ეგზისტენციალური პრობლემები მქონდა, ადამიანური ურთიერთობების გაუფასურებაზე ვდარდობდი და მეგონა, რომ გარშემომყოფებს მხოლოდ მაშინ ვახსენდებოდი, როცა რაიმეში დახმარება სჭირდებოდათ. დამეთანხმებით, რთულია, ასეთ მდგომარეობაში ვინმეს დახმარებაზე იფიქრო. მით უფრო, რომ ადამიანებმა იშვიათად იციან ზუსტად ის, თუ რა უნდათ. დაიწყებენ ხოლმე - „ღმერთო, გთხოვ ამან და ამან შემიყვაროს და მეტი არაფერი მინდაო“. შეაყვარებ და აღმოაჩენს, რომ „მეტი სდომებია“. მანქანა. სახლი. ფული. მერე ამ ყველაფერს რომ მიიღებს, ხვდება, რომ „ამანდაამანი“ აღარ მოსწონს. გასუქდა. ან უფრო უარესი - თვითონ მოიმატა წონაში და „ამანდაამანმა“ მიატოვა. ჰოდა, იწყებს მერე ტირილს - „რატომ, ღმერთო, რატომო?“ და „თვითონ რომ მთხოვა ერთ დროს: შემიყვაროსო“ - ეს აღარ ახსოვს... მოკლედ, ისე ვარ მონატრებული წუწუნს, რომ რაც მახსენდება ყველაფერს ვყვები. თავი უნდა გავაკონტროლო ცოტა... რაზე დავიწყე? ა, ჰო, სწორედ მაშინ გავიცანი ლუკა...
* * *
- ყველაფერი კარგად იქნება - თქვა ლუკამ.
- ნუ მატყუებ, თუ ღმერთი გწამს. ისეთი ამბები მესმის ყოველდღე, რომ ყველაფრის რწენა დავკარგე. იცი რა სურვილები აქვთ ხოლმე ადამიანებს? „ღმერთო, გთხოვ, ათი კილო მომაკლებინე და გპირდები ერთი წელი მარხვას დავიცავ...“, მადხვას დავიდავ, მადხვას დავიდავ - გამოვაჯავრე - ან ის თუ იცი, რომ შენი მეზობელი თავს მხოლოდ იმის გამო იკლავდა, რომ მისმა შეყვარებულმა აიფონ 6-ის ნაცვლად აიფონ 5 აჩუქა. ახლაც ჩამესმის მისი ტირილი: ღმერთო, ამით სად უნდა გამოვჩნდე, ბარემ პირდაპირ ეთქვა, რომ აღარ ვუყვარვარო...
- ყველაფერი კარგად იქნება... იმათთანაც - თქვა ლუკამ.
- არა. სამყარო არ არის ასე ადვილად მოწყობილი. მე მაინც ნუ მასწავლი. ზომბების საუკუნეა. ტექნოლოგიური ზომბების. უემოციო ადამიანების, რომლებსაც ენის ადგილზე კლავიატურა წამოეზრდებათ მალე. და ამ ადამიანებს უფროდაუფრო ნაკლებად უყვართ ერთმანეთი. იცი რატომ? იმიტომ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები, რომლებიც ვითომდა მათ დასაახლოვებლად შეიქმნა, ყველაზე მეტად აშორებს ერთმანეთს. ადრე პუნქტუაცია აზრის გამოსაკვეთად იყო საჭირო, ახლა გადმოსაცემადაც საკმარისია... რას ეძახით? სმაილები ჰო? - დეპრესიის მიუხედავად, მაინც ვიღიმი.
- კი. განაგრძეთ... – „განაგრძეთ“ ფსიქოლოგების საყვარელი მეორე ფრაზაა.
- ჰოდა, მაგას ისიც დაემატა, რომ სულ გამიზარმაცდა კაცობრიობა. კისერზე მაზის. სენსორს თუ არ ეხებიან, თითის განძრევაც არ უნდათ ისე. იტყვიან „ღვთის წყალობით, ყველაფერი კარგად იქნებაო“ და მერე მე უნდა ვიზრუნო, რომ მართლა კარგად იყოს. არ იზრუნებ და მაშინვე იმას იტყვიან „არ არსებულა ღმერთიო“. მე კიდევ ისედაც ეგზისტენციალური პრობლემები მაქვს.
- თქვენ, მგონი...
- ფსიქიატრი მჭირდება და არა ფსიქოლოგი?
- როგორ მიხვდით?
- ღმერთი ყოვლისმცოდნეა - გავუღიმე. ძალიან მაღიზიანებს ის მომენტი, ადამიანებს ღმერთი პირველ საუკუნეში ჩარჩენილი, ვარსკვლავებში მიმალული უხილავი ძალა რომ ჰგონიათ და ვერ წარმოუდგენიათ, რომ ყველაფერი თუ ვითარდება სამყაროში, თავად ამ სამყაროს შემქმნელიც შეიძლება განვითარდეს.
- ღმერთი არ არსებობს - მხრები აიჩეჩა ლუკამ - ღმერთი რომ არსებობდეს...
- ...აფრიკაში ბავშვები არ იშიმშილებდნენ?
- როგორ მიხვდით?
- იქიდან, რომ ყველა მაძღარი მაგას მსაყვედურობს და თვითონ რომ უზრუნველად ცხოვრობენ, მაგაზე მადლობის თქმა უკვე ავიწყდებათ.
- ღმერთი არ არსებობს... - ჯიუტად გაიმეორა ლუკამ - ...იმიტომ რომ არასოდეს უპასუხია ჩემს წერილებზე.
- ეჰ! - ამოვიოხრე - ზედმეტად ეგოისტები ხართ ადამიანები. „მამაო“ რომ „ჩვენოა“ ეს კარგად გაგიზეპირებიათ, მაგრამ ღმერთი ყველას მაინც თქვენი კერძო საკუთრება გგონიათ. და საერთოდ, რით ვერ მოგწყინდათ ღმერთისადმი ბავშვის წერილებით აპელირება. სანტა კლაუსი იმისთვის გამოვიგონე ზუსტად, რომ ბავშვების სეგმენტი იქ გადამემისამართებინა.
- ეცადეთ, დროითი და სივრცითი კონტინუუმის დარღვევას არ შეუწყოთ ხელი - ლუკა დაიბნა და წარსულის ლექსიკურმა ცოდვებმა უდროოდ შეახსენა თავი.
- ანუ?
- ანუ, განაგრძეთ - თქვა ლუკამ - ყველაფერი კარგად იქნება...
II
რთულია, ღმერთობა.
აი, როგორ აგიხსნათ. ფულის მაგალითი ავიღოთ. თქვენ ხომ გიყვართ ფული? კი, კი. თან იმდენად გიყვართ, რომ ფულის გამო ღმერთსაც გაყიდით. ჰოდა, ერთი წამით, წარმოიდგინეთ, რომ ძალიან ბევრი ფული გაქვთ. ძალიან, ძალიან ბევრი. იმდენი, რომ მთელი ცხოვრება ვერ დახარჯავთ. წარმოიდგინეთ? ახლა ისიც წარმოიდგინეთ, რომ ყოველდღე მოდის ასამდე ადამიანი და ძალიან ცოტა ფულს გთხოვთ. ზღვაში წვეთს. ზვინში თივის ღერს. შაქრის ტომარაში ერთ კრისტალს... თქვენც პირველ დღეს ღიმილით აძლევთ თანხას და თან გიხარიათ, რომ „იქ. ცაში. ასი წლის მერე. დაგიფასებათ“. აქამდე ყველაფერი ადვილია. ახლა წარმოიდგინეთ, რომ მეორე დღეს უფრო მეტი ადამიანი მოდის და ისევ გთხოვთ ფულს, რომელიც ულევია, მაგრამ თქვენ მაინც გეზარებათ. მესამე დღეს ისევ. და ისევ. და ისევ. დაუსრულებლად. თქვენ კი ეს ყველაფერი უკვე არათუ გეზარებათ, ნელ-ნელა გბეზრდებათ კიდეც. გაწუხებთ ეს რუტინა. აღარ გინდათ. და უარს ამბობთ.
ღმერთობა კიდევ აი ამ უარის ვერთქმაა.
ჰოდა, რთულია ღმერთობა.
* * *
- ...ყურადღების მისაპყრობად რა აღარ ვქენი. ერთ გერმანელ მეგობარს ისიც კი ვთხოვე, რამე მოკლე ნეკროლოგი დაეწერა ჩემზე. თუმცა, ამაოდ. რაც უფრო მემატება საუკუნეები, მით უფრო მაკლდება ადამიანური სიყვარული. ჰოდა, ეგზისტენციალური პრობლემებიც ამის გამო შემექმნა. მარადიული არსებობის აზრი დავკარგე...
- ყველაფერი კარ...
- მეორე წარღვნაზეც კი დავფიქრდი.
- ...გად იქნება
- მერე იმდენად დამაკლდა სითბო, რომ გლობალური დათბობა მოვიგონე...
- იქნებ აფრიკაში მოშიმშილე ბავშვებისთვის მიგეხედათ? - გადამაყოლა.
- ყველაფერი იდეალურად რომ იყოს დედამიწაზე, მაშინ სამოთხის არსებობა აზრს დაკარგავს.
- ისე მეტყველებთ, შეუძლებელია ღმერთი იყოთ!
- რომელი საუკუნეა? „და მე გეუბნები შენ, განაგდე ეჭვი და თაყვან-მეც“. ასე გაწყობს?
- კარგ ფსიქიატრს ვიცნობ - ლუკა მიხვდა, რომ ყველაფერი კარგად ვერ იყო და ვერც იქნებოდა.
- შენ თვითონ არ გჯერა, რომ ვარსებობ და მე როგორ დამარწმუნებ - გამეღიმა.
- და რა დავიჯერო, რომ ღმერთი დედამიწაზე ჩამოვიდა, მაინცდამაინც საქართველოში, მაინცდამაინც თბილისში და მაინცდამაინც ჩემთან? - ლუკამ მისთვის უჩვეულოდ გრძელი წინადადება წარმოთქვა.
- ამბავიც იმიტომ იწერება შენზე, რომ შენ აგირჩიე - ამოვიოხრე. ამ ბოლო დროს ხშირად ვოხრავ. ასაკის ბრალია, ალბათ - და რომ იცოდე, რამხელა სიყალბეა ზემოთ, შენც გამოიქცეოდი. ყველა გიცინის. ყველა ყველა ნათქვამს გიწონებს. „ღვთაებრივიაო“ - ამბობენ. მე კიდევ ნორმალური საუბარი მომენატრა. ჩვეულებრივი. ადამიანური, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ეს ადამიანობაც აღარ ჩანს მაინცდამაინც. მეც მომიწევს ალბათ, რომ ფეისბუქი გავხსნა...
- დავითი ჰქვია, ნომერს ჩაგაწერინებთ, ბევრი ნაპოლეონი გადაარწმუნა, ღმერთიც ჰყავდა ერთი...
- ბლაჰ! ის გჯერათ, რომ შვიდ დღეში ამხელა სამყარო შევქმენი და იმას ვერ იჯერებ, რომ შეიძლება ჩემივე შექმნილ სამყაროს ვესტუმრო ხოლმე... მაინცდამაინც შენი ყველა წერილის შინაარსი უნდა მოგიყვე?
- შეგეძლოთ ჩემი ყველა წერილი ისედაც წაგეკითხათ. არ ვმალავ.
- მაშინ, იმას გეტყვი, რომ შენ ახლა თავი გტკივა და რომ ეს ჭეშმარიტებაა.
- ძველი ფოკუსია. და რომც არ მტკიებოდა, ამტკივდებოდა ისედაც.
- შენი ბავშვობის წარმოსახვით მეგობარს თიფოთი ერქვა - კოზირი გავხსენი.
- მაგას თიფოთივე გეტყოდა - გამიჭრა.
- მაშინ... - პაუზა გავაკეთე, ლუკას ყურისკენ გადავიხარე და - ფფთფთ თთფთფ თთფფ - ისეთი რამე ვუჩურჩულე, აქამდე მარტო თვითონ რომ იცოდა. ან უფრო ზუსტად - ეგონა, რომ მარტო თვითონ იცოდა.
- აუჰ! - თქვა ლუკამ, შერცხვა და მივხვდი, რომ დაიჯერა - მართლა ღმერთი ყოფილხართ! აუჰ! აუჰ! დღესვე დავპოსტავ ფეისბუქზე! რა მაგარია!
ესეც მორიგი ტექნოლოგიური ზომბი აღმოჩნდა. ღმერთი რომც არ ვყოფილიყავი, ისედაც ადვილი მისახვედრი იყო, რომ ფეისბუქის პაროლი: „ზიგმუნდფროიდი“ ექნებოდა. ხელი ჩავიქნიე და ავდექი. ლუკას რჩევისთვის აღარ დამიცდია. უბრალოდ ლაპარაკი მინდოდა, გულის გადაშლა, თორემ ყველაფერი რომ კარგად იქნებოდა, ეგ ისედაც ვიცოდი.
* * *
მერე ლუკამ მართლა დაპოსტა ფეისბუქზე, რომ მისი პაციენტი არც მეტი, არც ნაკლები იყო ღმერთი. რომ ეს იყო სასწაული და უნდა გაეზიარებინათ.
მერე მოვიდნენ თეთრხალათიანები და ლუკა წაიყვანეს.
მერე მივედი მე კლინიკაში და ვუთხარი, რომ მე მართლა ვიყავი ღმერთი და ლუკა არ ტყუოდა.
მერე გამოვიდნენ თეთრხალათიანები და მეც შემიყვანეს.
ახლა ვზივარ პალატაში და ვფიქრობ, რომ აქ ნამდვილი სამოთხეა. სიმშვიდეა. აღარც თხოვნები მაწუხებს. აღარც სხვების ნაცვლად ვფიქრობ. ღმერთობა რთულია. მართლა. ამიტომ ახალი იდეები რომ მოგივიდეს, დროდადრო განმარტოებაა საჭირო. აიფონები და დიეტები მოიცდიან. იქამდე ვიჯდები აქ, სანამ სამომავლოდ რამე გასართობს არ მოვიფიქრებ, აი, რამე დიდი აფეთქებისნაირს.
ისე, როგორ გარბის დრო - დიდი აფეთქებიდან დიდ დეპრესიამდე ერთი წამი ყოფილა თურმე.
ჯერ არ ვიცი, უკან როდის დავბრუნდები.
აღდგომა და ხვალეო.
ე პ ი ლ ო გ ი„ყველა გენიოსს უნდა ჰქონდეს რაღაც ახირება. დასამახსოვრებელი. ექსცენტრიკული. ჰოდა, მაპატიე, ღმერთო, რომ გამოგიგონე და შენი სახელით ჩემზე რაღაც ისტორიებს ვყვები. სამაგიეროდ, შთამომავლები იტყვიან, რომ სინამდვილეში ღმერთი მკარნახობდა ყველაფერს და რომ, იმ მომენტში „უბრალოდ, არავინ დამიჯერა“. რა ვქნა აბა - გენიოსობა რთულია.
პრინციპში, ცოტა ხნით ფსიქიატრიულში ყოფნასაც არაფერი უშავს. ყაზბეგი იჯდა ბოლოსდაბოლოს და მე რითი ვარ ნაკლები.
უი, და ღმერთო, თუკი მართლაც არსებობ სადღაც, იმედია, ამ ყველაფერს მაპატიებ“ - ლუკა. 26 წ. გენიოსი.
* * *
„ლუკა, ეს წერილი რომც ნახონ, მაინც არავინ დაიჯერებს, რომ ჩემია. ამიტომ პასუხს აქვე დავწერ და გაბრიელს გამოვატან.
დაიკიდე რა...“ - ღმერთი
http://lit.ge/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%99%...8%E1%83%90/1467