აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ გამოცხადებული ტენდერის თანახმად, საბჭო გეგმავს, 2008 წლის გამოშვების Toyota Land Cruiser Prado-ს შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურებისთვის (პრეისკურანტით) 112 905 ლარი დახარჯოს. აღნიშნული ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების ვებ-გვერდზე არის განთავსებული.
სულ აღნიშნული ავტომობილის 231 ნაწილის შეცვლა იგეგმება, დოკუმენტაციაში ასევე მოცემულია ნაწილების ფასები და მომსახურების გაწევის სავარაუდო ღირებულება.
"აიპრესი" აღნიშნულთან დაკავშირებით აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის უფროსს ბესარიონ შერვაშიძეს დაუკავშირდა. მას აღნიშნული ტენდერის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია არ გააჩნდა. ასევე შევეცადეთ დავკავშირებოდით თავად ავთანდილ ბერიძეს, რომელმაც ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
"ამ ტენდერის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. თუ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ასეთი ტენდერი გამოცხადდა, ის სახელმწიფო შესყიდვების ვებ-გვერდზე უნდა იყოს განთავსებული", - განაცხადა შერვაშიძემ.
აღსანიშნავია, რომ სატენდერო დოკუმენტაციაში გათვალისწინებულია ასევე მეორე ავტომობილის, 1991 წელს გამოშვებული Mercedes E კლასის შეკეთება და ტექნიკური მომსახურება არის გაწერილი. აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებისთვის გათვალისწინებულია 11 645 ლარი. ტენდერი მიმდინარე წლის 15 იანვარს გამოცხადდა, ხოლო წინადადებების მიღება 23 იანვარს დასრულდება.
შეგახსენებთ, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსა და მისი თავმდჯომარის შესყიდვები არაერთხელ გამხდარა რეზონანსული თემა. მაგალითად 2014 წლის დასაწყისში გამოცხადებული ტენდერი, რომლითაც აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე ახალი მოდელის 83 000 ლარის ღირებულების "ტოიოტა პრადოს" შესყიდვას აპირებდა, ტენდერის გახმაურების შემდეგ გაუქმდა. როგორც ცნობილია, ავთანდილ ბერიძე ამ დრომდე სარგებლობს სახაზინო ძვირადღირებული ავტომანქანის მომსახურებით.
http://ipress.ge/new/1217-avtandil-beridzi...is-112-905-lari