opupop
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 812
წევრი No.: 12872
რეგისტრ.: 17-September 05
|
#2352647 · 29 Dec 2005, 16:31 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ნინო გვენეტაძე: ეს იყო მთელი მოსამართლეთა კორპუსის გაფრთხილება - "პროცესის დაწყებისთანავე მივხვდი, რომ ჩვენს წინააღმდეგ ერთი კონკრეტული ადამიანი კი არა, მთელი სახელმწიფო იბრძოდა"[B]
[B]"ექიმის ოთახიდან მისი განწირული ხმა ისმოდა, სატელეფონო საუბრით მას ვიღაც აიძულებდა განეცხადებინა, რომ ტურავას ჰიპერტონული კრიზი არ ჰქონდა, გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოდან უნდა გაეწერათ. მედპერსონალი ისეთ დღეში ჩააგდეს, რომ ათქმევინეს, რომ კრიზი კი იყო, მაგრამ მან გაიარა და ბატონი მერაბი სახლში უნდა გაეყვანათ."
" როგორც ქალბატონმა ნინომ (ბურჯანაძე) თქვა, ჩვენ არ დაგვიცავდა იმიტომ, რომ ხმაური ავტეხეთ მას შემდეგ, რაც ჩვენს თავს მოხდა ეს უბედურება... ის ჩვენ პიროვნულად ძალიან ახლოს გვიცნობდა, ობიექტური წყაროებიდან ბევრი რამ იცოდა ჩვენი პროფესიონალიზმისა და ჩვენი წარსული მოღვაწეობის შესახებ, ამიტომ ვწუხვარ, რომ თუნდაც მაშინ, როდესაც პრობლემა მე შემექმნა, ის ამ საკითხით არც დაინტერესდა და თავი იმით იმართლა, რომ პოზიციის დაფიქსირება მხოლოდ დისციპლინარული საქმის წარმოების დასრულების შემდეგ შეეძლო."
"- იმის მიუხედავად, რომ დღეს სასამართლო ხელისუფლების რეიტინგი ძალზედ დაბალია, [B]საზოგადოების სერიოზულმა ნაწილმა მხარდაჭერა გამოგიცხადათ.
- მათი მხარდაჭერის ახსნა მარტივად შეიძლება. საზოგადოება მიმდინარე პროცესებში არც ისე გაუთვითცნობეიერებელია, როგორც ეს ჩვენს პოლიტიკოსებს წარმოუდგენიათ."
სრული ტექსტი:
უზენაესი სასამართლოს ამბოხებულ მოსამართლეებს სადისციპლინო კოლეგიამ ვერდიქტი უკვე გამოუტანა. გვენეტაძე-ტურავა-სულაქველიძის სამეულისგან მოსამართლის მანტიის შენარჩუნება მხოლოდ ამ უკანასკნელმა მოახერხა. ნინო გვენეტაძესა და მერაბ ტურავას (დაუსწრებლად) იუსტიციის საბჭოს სადისციპლინო კოლეგიამ მოსამართლეობის უფლება შეუჩერა. მათი ბედი უზენაესი სასმართლოს სისხლის სამართლის საკასაციო პალატის კიდევ ორმა მოსამართლემ თამარ ლალიაშვილმა და მურმან ისაევმაც გაიზიარეს. დავით სულაქველიძის შემთხვევაში კი შენიშვნით დაკმაყოფილდნენ. ეს იმ დროს, როცა ნინო გვენეტაძის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატაში განსახილველად 300-მდე საქმეა შესული და მოსამართლე თითქმის აღარ დარჩა. რაც, პრაქტიკულად, მართლმსაჯულების გაჩერებას გამოიწვევს. რაც შეეხება იუსტიციის საბჭოს სადისციპლინო კოლეგიის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას, უზენაესი სასამართლოს აწ უკვე ყოფილი მოსამართლე ნინო გვენეტაძე აცხადებს, რომ ის მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.
- ქალბატონო ნინო, რა კომენტარს გააკეთებთ ბრალდებებზე, რომელიც სადისციპლინო კოლეგიამ "დაგიმტკიცათ".
- შემაჯამებელი სხდომა კვირა დღეს გაიმართა. 25 დეკემბერს დაწყებულ თათბირს კოლეგიამ 4 საათი მოანდომა და გადაწყვეტილება 26 დეკემბრის ღამის 3 სათზე გამოგვიცხადა. ეს მხოლოდ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი იყო, ბრალის რომელიმე ეპიზოდის მოტივაციისა და დასაბუთების გარეშე. გადაწყვეტილებას ალბათ 5 დღეში ჩაგვაბარებენ და მათი მოტივაციების გაცნობის, გაზიარების თუ გაკრიტიკების შესაძლებლობაც გვექნება. თუმცა წინასწარ გეტყვით, რომ იქ წარმოდგენილი მოტივები მიუღებელი იქნება, რადგან ჩვენ ვამტკიცებდით ერთს, ბრალდება ადასტურებდა მეორეს. იმდენად განსხვავებულ სამართლებრივ ღირებულებებზე ვსაუბრობდით, რომ მათთან პროფესიული პაექრობაც მეტად ძნელი იყო. ეს ღიად სადისციპლინო კოლეგიის სხდომაზეც დავაფიქსირე.
- კალანდაძე-გვარამიას გულისხმობთ.
- ბრალდების მხარეს, რომელსაც ნიკა გვარამია და უჩა გოგოხია წარმოადგენდნენ. ისინი განსხვავებული ფსიქოლოგიური მუხტით და იმპერატიული ტონით ზემოქმედებდნენ კოლეგიაზე, რომ მხოლოდ მათი პოზიცია იყო გასაზიარებელი. დაცვის არც ერთი პოზიცია, შუამდგომლობა თუ ნორმის განმარტება კოლეგიამ არ გაიზიარა.
- რატომ, ნინო კალანდაძის განცხადებით, მათთვის მოულოდნელად, მოსამართლეთა გარკვეულმა ნაწილმა საკუთარი უდანაშაულობა დაამტკიცა...
- არ მესმის, ეს მოულოდნელი რატომ იყო. საოლქო სასამართლოს ორი მოსამართლის მიმართ ბრალდებამ საკუთარი პოზიცია მოხსნა. ამ ნაწილში საპრეტენზიო არაფერი მაქვს, რაც შეეხება კონკრეტულად ჩვენს წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებს, ბრალდებისა და კოლეგიის მოსამართლეების პოზიცია აბსოლუტურად ემთხვეოდა. ერთადერთი გამონაკლისი ბატონი დავით სულაქველიძე იყო, რომლის მიმართ ბრალდების პატარა ნაწილი გვარამიამ ნამდვილად მოხსნა და მხოლოდ სახდელი შენიშვნით შემოიფარგლა. თუმცა ესეც უნიჭოდ დადგმული სპექტაკლი იყო.
- იმ ფაქტს, რომ შენიშვნა მაინცდამაინც სულაქველიძეს აკმარეს, ბევრი ეჭვის თვალით უყურებს...
- ამას, ბუნებრივია, ჩვენც ეჭვით ვუყურებთ. იცით, პოლიტიკური ხელისუფლების მხრიდან ბატონ დავითთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ გაკეთებული განცხადებები და ამდენად, გარკვეული პასუხისმგებლობის წინაშე დადგნენ. თანაც, თუ ჩვენ დაგვშლიან, ჩათვლიან, რომ ბრძოლა მოიგეს. თუმცა ცდებიან, ბატონი დავითი ქვეყნის ბედსა და კეთილდღეობას ემსახურება და არა პრივატულ ინტერესებს, რომელიც შეიძლება ჩვენს პოლიტიკური ოპონენტებს გააჩნდეთ. ის თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და ისეთივე უკმაყოფილოა შენიშვნით, როგორც ჩვენ. ამიტომ აპირებს კოლეგიის გადაწყვეტილება ჩვენთან - გათავისუფლებულ მოსამართლეებთან ერთად გაასაჩივროს.
- ანუ ბრძოლის განგრძობას აპირებთ.
- რასაკვირველია, წინ გვაქვს სადისციპლინო საბჭო, სადაც წარმოდგენილ კოლეგიას ორი მოსამართლე დაემატება და წინასწარ ვიცით, რომ იქ არაფერი შეიცვლება. შემდეგ უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო კოლეგია და ბოლოს სტრასბურის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლო.
- რაც შეეხება იმ მოსამართლეებთან თქვენს დამოკიდებულებას, რომელნიც იუსტიციის საბჭომ გაამართლა, ან მათი გაფრთხილებით და საყვედურით შემოიფარგლა, მათზე ზეწოლა თუ იგრძნობოდა.
- არ იგრძნობოდა, რადგან ბრალი ცალ-ცალკე წარგვიდგინეს და ერთმანეთს ხელს ვერაფერში შევუშლიდით ან შევუწყობდით. თუმცა ერთ ნაწილში ბრალდება აბსოლუტურად ყველა მოსამართლეს წარედგინა. მათ პროფესიონალიზმისა და პროფესიული კეთილსინდისიერებიდან გამომდინარე, თავიანთი პოზიციები დაიცვეს. შეიძლება ისინიც არ არიან უკმაყოფილო იმ სახდელებით, რაც დააკისრეს. ეს მაშინ გამოჩნდება, თუ იუსტიციის საბჭოს სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.
- თუკი მათ მოუსმინა, კოლეგიამ თქვენი მოსმენა რატომ არ ისურვა.
- იმიტომ, რომ გადაწყვეტილება ჩვენს მიმართ უკვე წინასწარ იყო გამოტანილი.
- ანუ, პროცესს ფორმალური ხასიათი ჰქონდა.
- დიახ, და ეს იყო მთელი მოსამართლეთა კორპუსის გაფრთხილება, რომ მეამბოხე სულის გამოვლენის შემთხვევაში აუცილებლად ამ ფორმით დაისჯებიან. პოლიტიკურმა ოპონენტებმა რამდენიმე ხნით ადრე გამოაცხადეს, რომ ჩვენ რაც უნდა გვეხტუნავა, ასეთი გადაწყვეტილება მიიღებოდა. ამდენად, რაც მოხდა, მოულოდნელი არ ყოფილა.
- წინა პროცესი ერთ-ერთი მოსამართლის ავადმყოფობის გამო გადაიდო. კვირას საავადმყოფოში მერაბ ტურავა აღმოჩნდა და კოლეგიამ ის დაუსწრებლად გაასამართლა...
- წინა სხდომა 24 დეკემბერს ღამის 12 საათზე დასრულდა. დაახლოებით ნახევარ საათს ვკამათობდით, უნდა შეგვეწყვიტა თუ არა სხდომა. კოლეგია გადაწყვეტილების გამოტანას ძალიან ჩქარობდა.
- თუმცა თავიდან რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ კოლეგია გადაწყვეტილების გამოტანას არ ჩქარობდა...
- პირიქით, კოლეგია ყოველთვის ჩვენ გვდებდა ბრალს, რომ პროცესს უაზრო შუამდგომლობებით ვაჯანჯლებდით. კოლეგიის ორი წევრი და ბრალდების მხარეც მოსამართლეები არ არიან, არც სასამართლო პროცედურები იციან და არც ის, რომ დაცვამ მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა უნდა ამოწუროს. ეს დისციპლინარული დევნის ჩვეულებრივი პროცესი არ იყო, სადაც ხშირად, ჩვენდა სამწუხაროდ, მოსამართლეები თავჩაქინდრულები დგანან და ვერდიქტს მორჩილად ელოდებიან. ზნეობრივად, მორალურად და სამართლებრივად ჩვენ პროცესი არ წაგვიგია. მაგრამ, სამართლებრივი მექანიზმი მათ ხელთ იყო და სასურველი გადაწყვეტილება მიიღეს. 24 დეკემბერს 12 საათზე დასრულებული სხდომა კოლეგიამ კვირას 11 საათზე ერთპიროვნული გადაწყვეტილებით განაახლა. თქვენ წარმოიდგინეთ, 6-საათიანი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ მყოფი მუშაობის შემდეგ გამოვედით კოლეგიიდან, დილის 11 საათზე უნდა ვყოფილიყავით ისევ მობილიზებულები დისციპლინარული მოსმენისთვის, სადაც ჩვენთვის ვერდიქტი უნდა გამოეტანათ. საღამოს ბატონი მერაბი ცუდად გახდა და სასწრაფო დახმარების მანქანით რესპუბლიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიურ განყოფილებაში გადაიყვანეს. სადისციპლინო კოლეგიის დაწყებისას 11 საათზე მე ეს ინფორმაცია გავაკეთე, რის გამოც ბატონი გიგა გვარამიას რისხვა დამატყდა თავს, რადგან, მისი თქმით, მე ასეთი განცხადების გაკეთების უფლება არ მქონდა და ეს მის წარმომადგენელს უნდა გაეკეთებინა. თუმცა, ჩვენმა წარმომადგენლებმა შაბათს ღამის 12 საათზევე განაცხადეს, რომ ისინი დასვენების დღეს კვირას, დილის 11 საათზე ჩანიშნულ სხდომაზე არ მოვიდოდნენ. ბატონმა ნიკამ გადაწყვიტა, ადგილზე შეემოწმებინა სიტუაცია და სხდომის ერთი საათით გადადება ითხოვა. მას პირადად მერაბ ტურავა არ უნახავს, მაგრამ ერთ საათში დაბრუნდა და განაცხადა, რომ სჭირდება დრო საღამოს 6 საათამდე ტურავას სიმულანტობის დასამტკიცებლად.
- თუმცა, ექიმმაც პრაქტიკულად იგივე თქვა...
- ვერ დაგეთანხმებით, რადგან შესვენებისთანავე რესპუბლიკურ საავადმყოფოში წავედი, უშუალოდ შემსწრე გავხდი იმ ამაზრზენი ფაქტებისა, რაც აქ დატრიალდა. მკურნალი ექიმი ამბობდა, რომ ბატონი მერაბის მდგომარეობა არასახარბიელო იყო და ორი დღის განმავლობაში მისი დატვირთვა, იგივე კოლეგიაში მონაწილეობა გამორიცხული იყო. ერთი საათის შემდეგ ექიმის ოთახიდან მისი განწირული ხმა ისმოდა, სატელეფონო საუბრით მას ვიღაც აიძულებდა განეცხადებინა, რომ ტურავას ჰიპერტონული კრიზი არ ჰქონდა, გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოდან უნდა გაეწერათ. მედპერსონალი ისეთ დღეში ჩააგდეს, რომ ათქმევინეს, რომ კრიზი კი იყო, მაგრამ მან გაიარა და ბატონი მერაბი სახლში უნდა გაეყვანათ. თუმცა, თხუთმეტ წუთში ერთხელ უკონტროლებდნენ წნევას და წნევა არ იწევდა. როცა მერაბ ტურავა საავადმყოფოდან გამოყავდათ, მას ფეხზე დგომა არ შეეძლო, საკაცეზე იწვა და დაცვა ეწინააღმდეგებოდა ჟურნალისტებს, ტელეკამერებს დაეფიქსირებინათ როგორ მიჰყავდათ ის საკაცით სასწრაფო დახმარების მანქანისკენ. - როგორ ფიქრობთ, ასეთი სასტიკი მოპყრობა რამ განაპირობა.
- პროცესის დაწყებისთანავე მივხვდი, რომ ჩვენს წინააღმდეგ ერთი კონკრეტული ადამიანი კი არა, მთელი სახელმწიფო იბრძოდა. სახელმწიფოს არ სურს, ჩვენ სასამართლო ხელისუფლებაში ვიყოთ. ამიტომ, სხდომაზე აბსოლუტურად "მშვიდად" მივედი, რადგან ვერდიქტი ჩემთვის წინასწარვე იყო ცნობილი. მით უმეტეს მას შემდეგ, რაც ვნახე ცუდად მყოფ ადამიანს საავადმყოფოდან როგორ აძევებენ და მის მიღებაზე ყველა კლინიკამ იმ მოტივით, რომ თავისუფალი საწოლი არ აქვს, უარი თქვა. ამიტომ, ბატონი მერაბი სახლში დააბრუნეს. სადისციპლინო კოლეგიის მტარვალი სხდომა მის გარეშე გაიმართა. მთელი ამ პროცესის განმავლობაში ჩვენს ვგრძნობდით არაადამიანურ მოპყრობასა და პროფესიული ღირსების დამცირებას. ის, რაც ექიმების მიმართ განხორციელდა, დანაშაულია და უნდა გამოიძიონ. ამბობდნენ, ასეთი ზეწოლა არ გვახსოვსო. თუმცა, ამაზე ღიად საუბარს თავს არიდებდნენ.
- მოლაშვილისა და მირცხულავას შემთხვევაშიც ხომ ექიმები ერთს ამბობდნენ, დასკვნაში სხვას წერდნენ.
- მართლაც გაკვირვებული ვარ, რადგან ადრე მსგავს სიტუაციაში არ აღმოვჩენილვარ. ბატონი ტურავა ზუსტად ანალოგიურ სიტუაციაში აღმოჩნდა.
- ამბობენ, სადისციპლინო კოლეგია თქვენს წინააღმდეგ ასეთი მკაცრი იმიტომ იყო, რომ სხვა მოსამართლეებისგან განსხვავებით, ხმაური ატეხეთ...
- გეთანხმებით, ხელისუფლების გაორმაგებული ზიზღი გამოვიწვიეთ იმით, რომ ხმაური ავტეხეთ. ეს არ არის ჩემი სიტყვები, ბატონმა ნიკა გვარამიამ პროცესზე პირდაპირ დამადანაშაულა, რომ წინა ხელისუფლების დროს მე განსაკუთრებულ პირობებში ვიყავი ჩაყენებული; ჩვენ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები არ ვისჯებოდით, გვქონდა სრული თავისუფლება კანონზეც და სამართალზეც და უკვე გამოჩნდა, რომ ეს ჩვენდამი შურისძიება იყო. ამას დაემატა ჩვენი ამბოხიც და შედეგები სახეზეა.
- როცა ზეწოლის ფაქტები გაახმიანეთ, ალბათ პარლამენტის თავმჯდომარის იმედიც გქონდათ. მან განაცხადა, რომ ის ერთ-ერთი პირველი დაიცავდა მოსამართლეებს ზეწოლისგან, მოგვიანებით კი თქვენი მოსმენაც არ ისურვა...
- როგორც ქალბატონმა ნინომ თქვა, ჩვენ არ დაგვიცავდა იმიტომ, რომ ხმაური ავტეხეთ მას შემდეგ, რაც ჩვენს თავს მოხდა ეს უბედურება. ვწუხვარ, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ ასეთი განცხადება გააკეთა. ის ჩვენ პიროვნულად ძალიან ახლოს გვიცნობდა, ობიექტური წყაროებიდან ბევრი რამ იცოდა ჩვენი პროფესიონალიზმისა და ჩვენი წარსული მოღვაწეობის შესახებ, ამიტომ ვწუხვარ, რომ თუნდაც მაშინ, როდესაც პრობლემა მე შემექმნა, ის ამ საკითხით არც დაინტერესდა და თავი იმით იმართლა, რომ პოზიციის დაფიქსირება მხოლოდ დისციპლინარული საქმის წარმოების დასრულების შემდეგ შეეძლო. კვირას, საავადმყოფოდან, დახმარებისთვის მივმართეთ სახალხო დამცველს, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს, ქალბატონ ელენე თევდორაძეს. ბატონი მერაბი პირადად ესაუბრა და შველა სთხოვა. - როგორი იყო მათი რეაქცია.
- არანაირი რეაქცია არ ჰქონიათ. არავინ მოსულა და გამოგვხმიანებია. ამდენად, ქალბატონი ნინოს რეაქცია ჩემთვის უკვე გასაგებია. ეს უფრო მეტად სამწუხაროა, რადგან ის პროფესიით იურისტია და კარგად იცის, რომ კრიტიკულ ჟამს კანონმა და სამართალმა უნდა იზეიმოს. თორემ ისე, როგორც ირღვევა ჩვენი უფლებები, ამას არავის ვუსურვებ, მაგრამ ხვალ და ზეგ ეს პრობლემები ალბათ ყველას დაუდგება.
- თქვენს წინაღმდეგ დისციპლინარული დევნა კონკრეტული მოქალაქის სარჩელის საფუძველზე აღიძრა.
- არა, ერთი ბრალდება ეს არის ბატონი შოთა კოპაძის მიერ მოწერილი წერილი იუსტიციის საბჭოსადმი, სადაც ჩვენ ხსენებულიც კი არ ვართ და საკასაციო ინსტანციაზე საუბარი საერთოდ არ არის. მაგრამ ეს წერილი იმის საბაბად, რომ ჩვენს წინააღმდეგ დაწყებული დევნა სისრულეში მოეყვანათ და ფაქტებიც "დაედოთ", მშვენივრად გამოიყენეს.
- მაგრამ, რამდენადაც ვიცი, დევნა უფრო ადრე აღიძრა და წერილი შედარებით გვიანდელია...
- დიახ, ამ წერილამდე ჩვენს წინააღმდეგ მასალები უკვე შეგროვებული იყო. ჩვენს მიერ მიღებული განჩინების აღსასრულებლად მიქცევის ვადებს გვედავებიან. ჩვენ შევძელით დამტკიცება, რომ ეს სრული აბსურდი იყო, მაგრამ ბრალდებამ უკან არ დაიხია. ბატონი ნიკა გვარამია ჯიქურ ამტკიცებს, რომ ჩვენ კანონის ასე წაკითხვა არ შეგვეძლო. მეორე შემთხვევაში ნამდვილად არის კონკრეტული ადვოკატის, რიჟამაძის განცხადება. სხვათა შორის, მან ერთხელ უკვე 2004 წელს მიმართა იუსტიციის საბჭოს და ჩვენს მიმართ აღძრული წარმოება იუსტიციის საბჭომ შეწყვიტა. თუმცა, ბატონმა ნიკამ ისიც დაგვამადლა, რომ ეს მოხდა ბატონი კოტე კემულარიას პირობებში, საბჭოზე ზეწოლა ხორციელდებოდა და ბატონი ვალერი ცერცვაძე, ასე შეუვალი იუსტიციის საბჭოს მდივანი, აღმოჩნდა ამ ზეწოლის ქვეშ და მოაწერა ამ განცხადებას ხელი. ახლა მისი პროფესიონალიზმი და საჯარო მოხელეობა თქვენ შეაფასეთ. რიჟამაძე მეორედ მიიყვანეს იუსტიციის საბჭოში, ხელახლა დააწერინეს განცხადება და მან ამის შემდეგ სამოსამართლეო გამოცდები ჩააბარა და მოსამართლეობის კანდიდატად არის წარდგენილი.
- ისე, სულ იმას გაყვედრიან, რომ ხმა გვიან ამოიღეთ, ხომ არ ჯობდა, განგაში მაშინ აგეტეხათ, როდესაც იუსტიციის საბჭოს მდივნად პროკურორი დაინიშნა.
- ხალხო, ჩვენ არ გავჩუმებულვართ. დაგვიჯერეთ. დღესვე გადმოგცემთ უამრავ ღია წერილს საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის სახელზე დაწერილს, სადაც ვაფიქსირებთ, რომ მოსამართლეებზე ზეწოლა ხორციელდება, რომ კანონპროექტებს პარლამენტი ისე იღებს, როცა უნდა და რა სიხშირითაც უნდა, რომ ჩვენ არაფერს გვეკითხებიან, რომ კონკრეტულ მოსამართლეთა უფლებები ირღვევა. ერთ-ერთის დაცვის მოთხოვნით გენერალურ ინსპექციასაც კი მივმართეთ და ა.შ. ვალერი ცერცვაძეს რამდენჯერმე შევხვდით... მეტი რაღა გევქნა. სხვა გზა აღარ გვრჩებოდა და ხმაური საზოგადოებისა და მედიის წინაშე უნდა აგვეტეხა. დიდი მადლობა მედიას გამოჩენილი მხარდაჭერისთვის. ჩვენ რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ. მე რომ შემეხნენ და ხმა ამოვიღე, ამით არაფერი დამიშავებია. მორალური და ზნეობრივი უფლება მქონდა, ამაზე მეყვირა და შველა მეთხოვა. ძალიან მიკვირს იმ პარლამენტარებისა და დანარჩენი საზოგადოებისაც, რომ ეს მარტივი საბაბი აირჩიეს ყველაფრისთვის თავის ასარიდებლად. რადგან ისინიც უძლურნი არიან იმ ძალების წინაშე, ვინც ჩვენ გვებრძვის.
- იმის მიუხედავად, რომ დღეს სასამართლო ხელისუფლების რეიტინგი ძალზედ დაბალია, საზოგადოების სერიოზულმა ნაწილმა მხარდაჭერა გამოგიცხადათ.
- მათი მხარდაჭერის ახსნა მარტივად შეიძლება. საზოგადოება მიმდინარე პროცესებში არც ისე გაუთვითცნობეიერებელია, როგორც ეს ჩვენს პოლიტიკოსებს წარმოუდგენიათ. მე ვერ ვიტყვი, რომ ჩემს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ყოველთვის ყველა მხარე კმაყოფილი იყო და ეს ბუნებრივიც არის, მაგრამ იმ ხალხს, ვისაც ჩვენთან შეხება ჰქონია, სამართლიანობის განცდა არასდროს დაუკარგავს. დღესაც მირეკავენ უბრალო ადამიანები თუ ჩემი ყოფილი მსჯავრდებულები, რომელთა გვარები ხშირად არც კი მახსოვს და თანადგომას მიცხადებენ. დღეს სასამართლო ხელისუფლების რეიტინგი რომ ნულის ტოლია, ამას ვადასტურებ. ეს იმ ზეწოლის ბრალია, რომელიც მოსამართლეებზე ხორციელდება და ღმერთმა დაგვიფაროს, რომ სასამართლო სისტემაში აღარ დარჩნენ ჩვენნაირი მოსამართლეები. ძალიან თანავუგრძნობ სადისციპლინო კოლეგიის წევრ იმ ორ ჩემს კოლეგა-მოსამართლეს, რომელნიც ვერდიქტის გამოცხადებისას თავის მაღლა აწევას ვერ ბედავდნენ. იქ, სადაც საჭიროა, ყველაფერზე უნდა ამაღლდე და კანონი უნდა დაიცვა.
- ქვეყანაში, სადაც მოსამართლე სამართალს ვერ პოულობს, სად ხედავთ გამოსავალს.
- არ ვიცი, საზოგადოებას, სადაც მოსამართლე თავის დაცვას ვერ ახერხებს (აქ კონკრეტულად პიროვნებებს კი არა, სასამართლოს ავტორიტეტს ვგულისხმობ) და კანონმდებელი თუ სადისციპლინო სასამართლო მას ფეხქვეშ თელავს, სხვა რა ღირებულებებზე უნდა ესაუბრო. მთელი პროცესის განმავლობაში გვიმტკიცებდნენ, რომ ჩვენ არაფერს წარმოვადგენთ. მე მინდა უფრო ამაღლებული დავრჩე ჩემ თავთანაც, საზოგადოებასთანაც, ურთიერთობებთანაც და ეს საკუთარ თავზე არ მიმიღია. სიმართლე გითხრათ, უფრო შეურაცხყოფილი დავრჩებოდი, სხვა ვერდიქტი რომ გამოეტანათ, რადგან შემდეგ სანაცვლოდ რამეს გაღებას აუცილებლად მომთხოვდნენ. დალი ბჟალავა
"ხვალინდელი დღე " 28 დეკემბერი, 2005
|