რიყის „დოქებში“ შესაძლოა ღვინის მუზეუმი განთავსდესhttp://commersant.ge/index.php?m=5&news_id=18743&cat_id=11რიყის „დოქებში“ შესაძლოა ღვინის მუზეუმი განთავსდეს. განიხილება ვარიანტი, რომ მუზეუმის პროექტი ღვინის აღმართის რეკონსტრუქციის ფარგლებში განხორციელდეს. ამის შესახებ „კომერსანტს“ თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა თემურ ხომერიკმა განუცხადა.
მისი თქმით, არსებული ინფორმაციით, ღვინის აღმართის დასაწყისში ღვინის მიწისქვეშა სარდაფებია, სადაც სარაჯიშვილი პირველად მასალას ინახავდა, და სწორედ ამ ისტორიული დატვირთვის გათვალისწინებით, შესაძლოა, ამ სივრცეში განთავსდეს ღვინის მუზეუმიც. კერძოდ, განიხილება ერთიანი კომპლექსის შექმნა, რომლის ნაწილიც იქნება „დოქები.“
„დოქების“ შეძენით და იქ საგამოფენო სივრცის მოწყობით დაინტერესებულია ესპანელი ბიზნესმენების ჯგუფიც, თუმცა, როგორც ხომერიკი აცხადებს, პრობლემას ქმნის ის, რომ არავის სურს 30–34–მილიონიანი შენობის 90 მილიონ დოლარად შეძენა – სწორედ ამდენია უკვე დახარჯული აღნიშნულ შენობაზე.
ხომერიკი ამბობს, რომ ნაგებობა მოცემულ სივრცეში არ ეწერება და ამიტომ მას ან დამატებითი ფუნქციები უნდა მიებას და ადაპტირდეს სივრცისადმი. ან მოხდეს მისი დემონტაჟი.
თუმცა ეს ქალაქის ბიუჯეტს 6–დან 12 მილიონამდე ლარი დაუჯდება და აქედან გამომდინარე, ნაკლებსავარაუდოა, დედაქალაქის ხელმძღვანელობამ ეს გზა აირჩიოს.
ამ ეტაპზე კი მიმდინარეობს შესწავლა, რა არქიტექტურული გადაწყვეტით შეიძლება ამ შენობის გაქირავება ან გასხვისება. ამჟამად კი, თემურ ხომერიკის ინფორმაციით, ეს სივრცე გამოუყენებელია, და უსაფრთხოების ნორმებიც არ სრულდება – არ არის დამცავი ჯებირები, სცენისთვის განკუთვნილ ორმოულში კი წყალი დგას.
რაც შეხება რიყის დანარჩენ ტერიტორიას, თემურ ხომერიკის თქმით, ქალაქის ხელმძღვანელობამ უნდა მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება და ამის შემდეგ გამოცხადდეს კონკურსი რიყის კონცეფციის შესაქმნელად. სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა, რა დანიშნულების იქნება „დოქები.“
თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელის თქმით, ეს ტერიტორია ძირითადად თბილისობისა და ახალი წლის აღსანიშნავად გამოიყენება, მაგრამ საფეხმავლო ბილიკები და გაზონები ვერ უძლებს ასეთ მასობრივ ღონისძიებებს. ამიტომ ახალი კონცეფციის ერთერთი მიზანი იქნება კონფიგურაციის შეცვლა ამ ტერიტორიაზე.
მერია აპირებს, რომ ამ ტერიტორიისთვის მისაღებ სტილში გაკეთდეს მოსასვენებელი სივრცე. ასევე იგეგმება საკვები ობიექტების განთავსება.
შეგახსენებთ, რომ წინა ხელისუფლება აღნიშნულ შენობაში მუსიკისა და დრამის თეატრის გახსნას გეგმავდა.
რაც შეეხება ღვინის მუზეუმს. მისი გახსნის გეგმების შესახებ „კომერსანტთან" საუბარში ღვინის ეროვნული სააგენტოს მაშინდელმა ხელმძღვანელმა, ლევან დავითაშვილმა ჯერ კიდევ გასული წლის დასაწყისში განაცხადა. აგვისტოში ითქვა, რომ პროექტზე მუშაობა 2014 წლის ბოლომდე დასრულდებოდა და კონკრეტული სამუშაოები 2015 წლიდან დაიწყებოდა. თუმცა პროექტის შესახებ დეტალები დღემდე უცნობია.
მანადე გავრცელებული ინფორმაციით, მუზეუმი კუს ტბის ტერიტორიაზე, ეთნოგრაფიული მუზეუმის გვერდით მდებარე ცარიელ ადგილას აშენდება. დღეს კი, როგორც ირკვევა, განიხილება მისი განთავსება კომპლექსში, რომელმაც შესაძლოა, ღვინის აღმართი და „დოქები“ მოიცვას.