შაჰის საიდუმლო პოლიციის «სავაქი»-ს 1-ი დირექტორის გენერალ თეიმურ ბახთიარის ლიკვიდაცია
/ვასილი პაპავა/
"სავაქი" (სპარს.: ساواک, აბრევიატურა. سازمان اطلاعات و امنیت کشور — «Sazman-e Ettela'at va Amniyat-e Keshvar») — ირანის შაჰის მოჰამედ რეზა ფეჰლევის დაზვერვისა და სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო (1957—1979 წწ.).
"სავაქი"-ს შექმნისა და განვითარების ისტორია
1953 წ. 19 აგვისტოს, სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, როდესაც შაჰის ერთგულმა სამხედრო ნაწილებმა დაამხეს მოჰამედ მოსადიყის მთავრობა, შაჰმა გადაწყვიტა შეექმნა ეფექტური შიდა უსაფრთხოების სამსახური, რათა გაეძლიერებინა მონარქიული რეჟიმი: კონტროლზე აეყვანა პოლიტიკური ოპონენტები; აღეკვეთა დისიდენტური მოძრაობა.
შაჰი განიხილავდა არმიას, როგორც რეჟიმის მთავარ მხარდამჭერ პოლიტიკურ-ძალისმიერ ინსტიტუტს, — პოსტ-მოსადიყურ პერიოდში კი შაჰი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა პოლიციისა და უშიშროების სამსახურების რეორგანიზაციის საკითხს, რომლის მეშვეობითაც ქვეყანაში დაიწყო ხისტი სისტემური რეპრესიები ოპოზიციური ჯგუფებისა და დისიდენტების მიმართ. მონარქიის უშიშროების სტრუქტურებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო "დაზვერვისა და ეროვნული უსაფრთხოების სამინისტრო", შემოკლებით "სავაქი".
ირანის საიდუმლი პოლიციური სტრუქტურების ფორმირება დაიწყო 1955 წ. აშშ-ს სამხედრო ექსპერტებისა და სპეცსამსახურების სპეციალისტების ხელშეწყობით. ირანში თავისი "ექსპერტები" გააგზავნა ასევე ისრაელმა, ერთ-ერთი მათგანი იყო პოლკოვნიკი იაკობ ნიმროდი (ისრაელის სამხედრო დაზვერვის "ამან"-ის თხოვნით).
1955 წ. მარტში, აშშ-ს არმიის პოლკოვნიკის მისია შეიცვალა "CIA"-ს ("ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო") ინსტრუქტორებით (სულ 5 ოფიცერი: ექსპერტები ფარული ოპერაციებისა, ინფორმაციის ანალიზისა და კონტრდაზვერვის სფეროში).
შაჰის საიდუმლო სააგენტო მჭიდროდ თანამშრომლობდა "CIA"-სთან, აგზავნიდა თავის აგენტებს ნიუ-იორკის სამხედრო საჰაერო ბაზაზე გამოცდილების გაზიარებისა და დაკითხვის მეთოდების განსახილველად.
1960—1961 წწ. "CIA"-ს სპეციალისტები ჩაანაცვლეს ისრაელის "მოსადი"-ს ინსტრუქტორებით ("დაზვერვისა და სპეციალური დანიშნულების ინსტიტუტი" — წარმოადგენს ისრაელის სპეციალური დაზვერვის სააგენტოს)
1965 წელს, "მოსადი"-ს ექსპერტები, თავის მხრივ, ჩაანაცვლეს უკვე საკუთარი, "სავაქი"-ს ინსტრუქტორებით.
1960-იან წლებში "მოსადი" უფრო აქტიურად თანამშრომლობდა შაჰის ირანთან რეგიონულ უსაფრთხოების სფეროში, დაწყებული "სავაქი"-ს პერსონალის გაწვრთნით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის კუთხით და დამთავრებული ერთობლივი სპეცოპერაციების ჩატარებით (ერაყელი ქურთების შეიარაღება და გაწვრთნა ბაასისტური ხელისუფლების წინააღმეგ; ჩრდილო იემენში პრო-მონარქისტული ძალების მხარდაჭერა რესპუბლიკური მთავრობის წინააღმდეგ, რომელსაც ეხმარებოდა ეგვიპტის პრეზიდენტი გამალ აბდელ ნასერი).
"სავაქი"-ს ფორმირება. "სავაქი"-ს შექმნის კანონპროექტი შემოღებულ იქნა მეჯლისის მიერ 1957 წ. 20 იანვარს, და შემდგომ სენატის მიერ დამტკიცდა.
ოფიციალურად "სავაქი", როგორც ოგრანიზაცია, დაფუძნდა 1957 წ. 20 მარტს შაჰის სპეციალური კანონით, რომელიც უფლებამოსილი იყო შეეგროვებინა ინფორმაცია ფეჰლევის დინასტიის მონარქიული რეჟიმის პოლიტიკურ ოპოზიციაზე, ასევე, აღეკვეთა ნებისმიერი ანტისახელმწიფოებრივი ქმედება. საბოლოოდ, "სავაქი"-ს დაარსების კანონი დამტკიცდა 1957 წ. 18 ოქტომბერს, მეჯლისის XIX-ე მოწვევის სხდომაზე.
"სავაქი"-ს კანონში, მის ძირითად მიზნებებად სახელდებოდა:
ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის საჭირო ინფორმაციის შეგროვება;
იმ ჯგუფებისადმი, რომლების იდეოლოგია და ქმედებები ეწინააღმდეგებოდა ქვეყნის კონსტიტუციას, პრევენციული ღონისძიებების გატარება;
ქვეყნის უფასრთხოების წინააღმდეგ მიმართული შეთქმულებების განეიტრალება და ა.შ.
ბუნებრივია, ტერმინი "ეროვნული უსაფრთხოება" კანონის ტექსტის მიხედვით გულისხმობდა შაჰის უმაღლესი ძალაუფლების და მთიანად არსებული ირანის პოლიტიკური სისტემის უსაფრთხოებას.
"სავაქი" მჭიდროდ თანამშრომლობდა ქვეყნის არმიასთან და პოლიციის სხვა სტრუქტურებთან (სამხედრო დაზვერვა და კონტრდაზვერვა, შსს, ჟანდარმერია, იმპერიული გვარდია "Javidan Guard" და სხვა), ასევე მას გააჩნდა საკანონმდებლო და აღმასრულებელი უფლებამოსილება, რაც იმას ნიშნავდა, რომ "სავაქ"-ს, სასამართლო ორდერის გარეშე შეეძლო ეწარმოებინა დაპატიმრებები და ხანგრძლივი პერიოდით დაეკავებინა ეჭვმიტანილები.
მიუხედავად იმისა, რომ საიდუმლო პოლიცია "სავაქი" ფართოდ იყო ჩართული "საბჭოთა საფრთხე"-სა და მემარცხენე ტერორისტული ჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლაში, საბოლოოდ, მისი დანიშულება იყო შაჰის პოლიტიკური ოპონენტების იდენტიფიცირება და დაშინება.
ზოგიერთი პოლიტოლოგი აღნიშნავს, რომ "სავაქი"-ს რეპრესიები 1960—1970 წწ. იყო შაჰის პოლიტიკის მიზანმიმართული ქმედება საბჭოთა კავშირის პროგრამის წინააღმდეგ, რომელიც მიზნად ისახავდა ირანის შიდა პოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაციას, როგორც აშშ-ს ერთ-ერთ საიმედო მოკავშირის ახლო აღმოსავლეთში. ამასთან დაკავშირებით, კომუნისტური რუმინეთის უშიშროების სამსახურის ("სეკურიტატე"-ს საგარეო დაზვერვის დირექტორის მოადგილე) ერთ-ერთი მაღალჩინოსანი — გენერალი იონ მიჰაი პაჩეპა თავის მემუარებში აღნიშნავს, რომ საბჭოთა კავშირი წვრთნიდა, აფინანსებდა და იარაღით ამარაგებდა ირანელი მემარცხენეების გასამხედროებულ ორგანიზაციებს "ფედაინ-ე ისლამი"-ს და "მოჯაჰედინ-ე ჰალკ"-ს.
ისტორიკოსი უილიამ ლიუისი თავის წიგნში "Debacle: The American Failure in Iran. 1981" წერს: "შაჰის რეჟიმი იყო შედარებით უფრო თავისუფალი, ვიდრე რეგიონის სოციალისტური სამხედრო დიქტატურები ან კონსერვატიული რელიგიური მონარქიები".
"სავაქი"-ს პერსონალი
"სავაქი"-ს პერსონალის რაოდენობა მრავალი წლის განმავლობაში წარმოადგენდა ისტორიკოსების დავის საგანს. იმის გამო, რომ ირანს არასოდეს გაუცხადებია საიდუმლო სააგენტოს თანამშრომელთა რაოდენობა — ბევრ ისტორიკოსს მოჰყავთ "სავაქი"-ს პერსონალის რაოდენობის სრულიად განსხვავებული რაოდენობა — 6'000 [Sullivan, William H., Mission to Iran. 1981], 20'000, 30'000 და 60'000 [Graham, Robert, Iran: The Illusion of Power. 1978].
რობერტ ფისკი აღნიშნავს, რომ ირანელთა 1/3 ქონდათ გარკვეული კავშირი "სავაქ"-თან. ძირითადად ისინი საიდუმლო პოლიციის ინფორმატორები ან ფაქტობრივი აგენტები იყვნენ. [Fisk, Robert. The Great War for Civilization: The Conquest of the Middle East. 2006]
"სავაქი"-ს სტრუქტურა
მას შემდეგ, რაც 1965 წ. «სავაქი»-ს სათავეში მოვიდა გენერალი ნემათოლა ნასირი, სულ რაღაც 5 წელიწადში «სავაქი» იქცა უმსხვილეს სადაზვერვო ორგანიზაციად ("სახელმწიფო სახელმწიფოში"). 1970 წელს, «სავაქი» სტრუქტურულად 9 ძირითად დეპარტამენტად იყო დაყოფილი:
"დეპარტამენტი I"
კადრები, სასწავლო კურსები, სეკრეტარიატი, სამდივნო
"დეპარტამენტი II"
საგარეო დაზვერვა, კომუნიზმი, ავღანეთი, ერაყი და იემენი
"დეპარტამენტი III"
პარტია "თუდე", "ეროვნული ფრონტი", საზღვარგარეთ მყოფი სტუდენტები
"დეპარტამენტი IV"
პირადი უზრუნველყოფა
"დეპარტამენტი V"
ტექნიკური განყოფილება
"დეპარტამენტი VI"
ფინანსური ადმინისტრაცია
"დეპარტამენტი VII"
სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურებთან კონტაქტების დამყარება და ოპერატიული ინფორმაციის გაცვლა
"დეპარტამენტი VIII"
კონტრდაზვერვა
კონტრდაზვერვის დეპარტამენტი აწარმოებდა საკმაოდ აქტიურ ბრძოლას უცხო ქვეყნების მზვერავების წინააღმდეგ (პირველ რიგში ეს ეხებოდა კომუნისტურ აგენტურას)
"დეპარტამენტი IX"
არქივი, საპასპორტო განყოფილება
და 2 განყოფილება — თეირანში და რეგიონებში, რომლებიც თავის მხრივ შედგებოდა 6 განყოფილებისაგან:
ეროვნული ფრონტი;
კომუნისტური პარტია;
საჯარო დაწესებულებები;
მუშათა განყოფილება;
უნივერსიტეტების საქმეთა განყოფილება;
ბაზრების განყოფილება.
ფორმალურად, «სავაქი» უშუალოდ პრემიერ მინისტრის ოფისთან იყო მიმაგრებული. ფაქტობრივად, «სავაქი»-ს დირექტორი პრემიერ-მინისტრს საზოგადოებაში და ოპოზიციურ წრეებში არსებული პოლიტიკური ვითარების შესახებ მხოლოდ შერჩეულ ინფორმაციას აწვდიდა. კვირაში ორჯერ, «სავაქი»-ს დირექტორი ხვდებოდა შაჰს, სადაც განიხილავდნენ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს და ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას.
გენერალ ბახთიარის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, ირანის ყველა საიდუმლო სამსახური უშუალოდ შაჰს დაექვემდებარა (პარლამენტისა და მინისტრთა კაბინეტის პრემიერ-მინისტრის მეთაურობით გვერდის ავლით).
«სავაქი»-ს ფუნქციები
რეჟიმის მოწინააღმდეგეების მიმართ საიდუმლო პოლიცია «სავაქი» პრაქტიკულად უკიდურესად რეპრესიულ-სადამსჯელო ზომებს იღებდა.
«თუდე»-ს კომუნისტებისა და განსაკუთრებით მემარცხენე ისლამისტების ("ფედაინ-ე ისლამი" და "მოჯაჰედინ-ე ჰალკი") წინააღმდეგ მასობრივი ხასიათის რეპრესიები კიდევ ერთხელ მოწმობდნენ შაჰის რეჟიმისა და მისი საიდუმლო პოლიციის «სავაქი»-ს ყოვლისშემძლეობას.
ოპოზიციური ორგანიზაციების განადგურების მიზნით საიდუმლო ძალოვანი სტრუქტურების ქმედებების გაფართოებით და სრულყოფით შაჰის რეჟიმი იყენებდა ასევე "კანონიერ" ზომებს. ამგვარად, 1957 წელს «ნაციონალურ ფრონტში» შემავალი პარტია «ირანი»-ს ლეგალური მოღვაწეობა აკრძალულ იქნა «1931 წლის ანტიკომუნისტური კანონის» თანახმად.
ამ პერიოდში სრულიად შეიზღუდა პრესის, სიტყვის, შეკრებების და მიტინგების თავისუფლება.
შაჰის პოზიციის გამყარება, მისი — როგორც სახელმწიფოს მეთაურის პრეროგატივების გაფართოება ხდებოდა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს როლის დაკნინების ფონზე. ირანის პოლიტიკური ცხოვრების ეს ტენდენცია უშუალოდ იყო დაკავშირებული ირანის უმაღლეს მმართველი ორგანოების, უპირველეს ყოვლისა შაჰის, ასევე აშშ-ს და დიდი ბრიტანეთის მხრიდან ფინანსურ, სამხედრო და პოლიტიკურ მხარდაჭერასთან. იმავდროულად, ირანის გადაქცევა პოლიციურ სახელმწიფოდ ("რეგიონის ჟანდარმი") იწვევდა შესამჩნევ უკმაყოფილებას მთელ რიგ როგორც სოციალისტურ, ასევე კაპიტალისტურ ქვეყნებში. აშშ-ს პოლიტიკურ და საუნივერსიტეტო წრეებში შეიმჩნეოდა შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ შაჰის მთავრობის "დრაკონულ" ზომებს შეეძლო წაექეზებინა პრომოსადიყური ძალები საიდუმლოდ ეთანამშრომლათ საბჭოთა კავშირთან.
«სავაქი»-ს სტრუქტურებში გამოირჩეოდა განსაკუთრებული ბიურო, რომლის განკარგულებაშიც იყო საკუთარი სასჯელაღსრულებით-გამასწორებელი დაწესებულებები, რომელთა შორის ყველაზე ცნობილი იყო «კომიტეტი და მომსახურების ორგანო ევინი» და ციხე «კასრი». შაჰის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გამოიყენებოდა წამებისა და ჩვენებების მიღების საკმაოდ "ეფექტური" მეთოდები: ელექტროდენით ზემოქმედება, გამათრახება, ცემა, უძირო ჭიქის ჩადება პირში და ადუღებული წყლის ჩასხმა პირდაპირ სწორ ნაწლავში, სასქესო ჯირკვლებზე გირების დაკიდება, არაქირურგიული მეთოდებით კბილების დაძრობა, სხეულის ლურსმნებით დაჩხვლეტა, წამება ცივი წყლით და ასე შემდეგ. ყველა ეს ქმედება სრულდებოდა ყოველგვარი პროტოკოლის გარეშე. წამების ამგვარ მეთოდებს იყენებდნენ ძირითადად შაჰის პოლიტიკური ოპონენტების —რადიკალური ისლამისტების, გასამხედროებული ორგანზაციების «ფედაინ-ე ისლამი»-ს და «მოჯაჰედინ-ე ჰალკი»-ს წევრების, დამხობილი პრემიერ მინისტრის მოსადიყის მომხრეების, რესპუბლიკელების, კომუნისტების, შაჰის კარის შეთქმულ არისტოკრატთა მიმართ.
წყაროები განსხვავებულ მონაცემებს იტყობინებიან «სავაქი»-ს მსხვერპლთა რაოდენობის და ასევე მის მიერ წამების არაადამიანური მეთოდების შესახებ. შაჰის ჩამოგდებიდან ერთი კვირის შემდეგ ჟურნალ «TIME» გამოაქვეყნა სტატია, სადაც «სავაქი»-ს სპეცსამსახურები დახასიათებულნი იყვნენ, როგორც "ყველაზე დაუნდობელი სამსახურები, რომლებისაც ირანელებს ეშინოდათ", სადაც "მოკლული და ნაწამები იყო შაჰის ათასობით მოწინააღმდეგე".
სახელმწიფო სადაზვერვო სამმართველოს (გრუ), თეირანში სსრკ ყოფილი ატაშეს გენერალ-მაიორის სერგეი კრახმალიოვის ცნობით "... «სავაქი» წლების განმავლობაში თავზარს სცემდა ირანის მოსახლეობას. მაღალი თანამდებობის პირებიც კი ძრწოდნენ მისი სახელის გაგონებისას". მისივე თქმით "... მისი არსებობის 22 წლის მანძილზე მოკლულ იქნა 380 ათასი ადამიანი".
პროფესორი ერვანდ აბრამიანი თვლის, რომ 1971—1977 წლებში («სავაქი»-ს ყველაზე მკაცრი რეპრესიების პერიოდი) «სავაქი»-ს თანამშრომლებმა (და სხვა პოლიციელებმა და სამხედროებმა) გაანადგურეს დაახლოებით 368 პარტიზანი და სიკვდილით დასაჯეს ასამდე პოლიტპატიმარი.
არ ეყრდნობოდა რა სრულად «სავაქ»-ს, შაჰმა 1958 წელს დააარსა «შაჰის ინსპექცია» და «ინფორმაციის სპეციალური ბიურო» და მის ხელმძღვანელად თავისი მეგობარი გენერალი ჰუსეინ ფარდუსტი დანიშნა, რომელთანაც ერთად შვეიცარიაში სწავლობდა. ეს ორგანიზაცია მონარქს აწვდიდა მონაცემებს ირანის ელიტის ქმედებების "ბნელი მხარეების" შესახებ და მოქმედებდა "სავაქი"-სგან დამოუკიდებლად.
აშშ-ს და ირანის სპეცსამსახურების თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გაფართოვდა 70-იან წლებში, როდესაც «სავაქი»-ს აგენტებს აშშ-ში ოპერაციების ჩატარების უფლება მიეცათ. «სავაქი»-ს თანამშრომლები აგროვებდნენ ინფორმაციებს იმ პოლიტემიგრანტების მოღვაწეობის შესახებ, რომლებიც შაჰის ჩამოგდების მიზნით შეთქმულებაში მონაწილეობაში ეჭვმიტანილნი იყვნენ. მიცემულ ღონისძიებებში შეუფასებელ სამსახურს უწევდა აშშ-ს «ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო» და «გამოძიების ფედერალური ბიურო».
«სავაქი»-ს აგენტურული ქსელი მოიცავდა ასევე უკვე არსებული ოპოზიციის რიგებსაც. «სავაქი»-ს აგენტები ინერგებოდნენ ირანის ოპოზიციის სხვადასხვა ჯგუფებში — მათ შორის მარქსისტების, პარტიზანების, რუჰოლა ხომეინის გარემოცვიდან შიიტი სასულიერო მსახურების და მოსადიყის მიერ დაარსებულ «ნაციონალურ ფრონტში». თითქმის ყველა ამ ჯგუფში იყვნენ «სავაქი»-ს ინფორმატორები.
შაჰის რეჟიმის მოწინააღმდეგეთა უშუალო ლიკვიდაციის გარდა «სავაქი» უფლებამოსილი და კომპეტენტური იყო მასობრივი ინფორმაციის საშუალებების და ლიტერატურის ქმედებების შეფასებაში და ჰქონდა პრეროგატივა თავისი შეხედულებისამებრ აემოქმედებინა ცენზურა გარკვეული სახის პრესის და წიგნების გამოცემის მიმართ.
შაჰის პოზიციების გამყარება რეგიონში: «სავაქი»-ს როლი. ირანის პოლიტიკაში ახალი მიმართულებების გაჩენას ხელი შეუწყო გარე ფაქტორებმა, კერძოდ სისხლიანმა ანტიმონარქიულმა გადატრიალებამ ერაყში 1958 წელს, სახელმწიფო გადატრიალებამ თურქეთში 1960 წელს, სამხედრო გადატრიალებამ და მონარქიის დამხობამ ჩრდილო იემენში 1962 წელს, ნაციონალური ტენდენციების გაძლიერებამ ეგვიპტეში და მონარქიის დამხობამ ლიბიაში 1969 წელს.
მოჰამედ რეზა ფეჰლევის გააზრებული ქონდა, თუ რა დამღუპველი იყო ჯარის პოლიტიზაცია ქვეყნისთვის და ამ მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება გაატარა. მან მთელი ჯარი დაუქვემდებარა «სავაქი»-ს მკაცრ და დაუნდობელ კონტროლს. ირანის მონარქმა იმპერიის ჯარის ყველა გენერალს და ოფიცერს აუკრძალა შეკრება მისი თანხმობის გარეშე. ირანში სამხედროების მხრიდან სახელისუფლებო გადატრიალების მცდელობები პრაქტიკულად ანულირებული იყო.
შაჰის სპეცსამსახურები საკმაოდ აქტიურ საგარეო ქმედებებს ეწეოდნენ. ამ პერიოდში «სავაქი»-ს ძირითადი მოწინააღმდეგეები იყვნენ ეგვიპტის, სხვა არაბული ქვეყნების და მათი მოკავშირე სსრკ-ს სპეცსამსახურები. ამასთან, ის ეყრდნობოდა რეგიონის რელიგიურ უმცირესობას — შიიტებს, ქრისტიანებს და ებრაელებს.
თ. ბახთიარი «სავაქი»-ს სათავეში (1957–1961)
1954 წელს, შაჰმა თეიმურ ბახთიარს სამვარსკვლავიანი გენერლის წოდება მიანიჭა.
1957 წ. ოქტომბერში გენერალი ბახთიარი ახლადშექმნილი ირანის უშიშროების სამსახურის «სავაქი»-ს ხელმძღვანელის თანამდებობაზე დაინიშნა (ბახთიარი ამ დროს უკვე ბრიგადის გენერალი იყო). გენერალი ბახთიარი სასტიკად ებრძოდა შაჰის რეჟიმის ნებისმიერ ოპოზიციას — დაწყებული კომუნისებით და დამთავრებული მემარცხენე ისლამისტური ორგანიზაციებით და ჯგუფებით. ყველა ოპოზიციური პარტიები და დაჯგუფებები განადგურებულ იქნა ან იატაკქვეშეთში გადავიდნენ.
გენერალ ბახთიარის მეთაურობით «სავაქი» ფეჰლევის მონარქიული რეჟიმის შიდა უსაფრთხოების ეფექტურ საიდუმლო სამინისტროდ ჩამოყალიბდა.
ჯონ კენედის ადმინისტრაციის პერიოდში საგრძნობლად შეიცვალა ირანისადმი დამოკიდებულება. შაჰის რეჟიმი მოექცა კრიტიკის ქვეშ. ამ ვითარებაში, ფეჰლევიმ დაიწყო სახელმწიფო აპარატის წმენდა ე.წ. პროდასავლური ელემენტებისაგან. თუმცა მალევე აღმოჩნდა, რომ «სავაქი»-ს შეფი აწარმოებდა არასანქცირებულ მოლაპარაკებებს აშშ-ს მაღალჩინოსნებთან, რაც შაჰმა სახელმწიფო გადატრიალების წინაპირობად აღიქვა. 1961 წ. ივინსში შაჰმა გენერალი თ. ბახთიარი დაკავებული თანამდებობიდან გადააყენა.
გენერალ ბახთიარის ანტიშაჰური საქმიანობა. თ. ბახთიარი იმედოვნებდა, რომ გაძევება ირანიდან დიდხანს არ გაგრძელდებოდა (მისი იმედები დამყარებული იყო ნათესავებისა და მეგობრების აქტიურობაზე, რათა გადაერწმუნებინათ შაჰი და დაერთო ნება ქვეყანაში დაბრუნებულიყო). მას შემდეგ, რაც ბახთიარი დარწმუნდა, რომ შაჰი მას არ აპატიებდა "ჩადენილ დანაშაულს", გენერალმა გადაწყვიტა ირანში "სხვა საშუალებებით" დაბრუნება. ის ცდილობდა მოეხდინა პირადად შაჰის დისკრედიტაცია.
1962 წლის იანვარში, ბახთიარმა დატოვა ქვეყანა და პირველ ხანებში ცხოვრობდა საფრანგეთში, მალე ჟენევაში დასახლდა (შემდეგ კი ლიბანში გადავიდა), სადაც დაიწყო კონტაქტების დამყარება მთელ ევროპას, ერაყსა და ლიბანში გაფანტულ ირანელ დისიდენტებთან, აიათოლა ჰომეინისთან, «თუდე»-ს პარტიის ლიდერებთან (რეზა რადმანეში — «თუდე»-ს პარტიის გენერალური მდივანი) და სეპერატისტებთან, რომლებიც იბრძოდნენ ირანისგან სამხრეთ აზერბაიჯანის გამოყოფისთვის (სეპარატისტული მოძრაობის სამხედრო მინისტრი მაჰმუდ პანაჰიანი). გენერალი ბახთიარი კარგად იყენებდა კონტაქტებს, რომლებიც დაამყარა "სავაქი"-ს 4 წლიანი ხელმძღვანელობის დროს. ის აქტიურ მონაწილეობას იღებდა შაჰის წინააღმდეგ მიმართულ ყველა ღონისძიებაში.
გენერალ ბახთიარის ლიკვიდაცია (ერაყი, 1970 წ.). 1967 წ. ივნისში გერმანიაში (ფრგ) გამგზავრებამდე შაჰმა მიიღო ინფორმაცია, რომ თეიმურ ბახთიარი მასზე თავდასხმას გეგმავდა. გერმანიაში ჩასვლისთანავე ანტიშაჰური დემონსტრაციების დროს ტრაგიკულად დაიღუპა გერმანელი სტუდენტი ბენო ონეზორგი, რამაც შაჰი განარისხა (როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, სტუდენტი მოკლულ იქნა პოლიციელის მიერ, რომელიც იყო გდრ-ის უშიშროების სამსახურის "შტაზი"-ს აგენტი). შაჰი ვარაუდობდა, რომ ამ დემონსტრაციების უკან ბახთიარის ხელი იყო გარეული. ირანში დაბრუნებისთანავე შაჰმა თანამდებობიდან გაანთავისუფლა გენერალი ჰასან ალავი-კია ("სავაქი"-ს ევროპის განყოფილების უფროსი). აღსანიშნავია, რომ გენერალი ალავი-კია "სავაქ"-ში მსახურობდა ჯერ კიდევ გენერალ ბახთიარის ხელმძღვანელობის პერიოდიდან, ამდენად შაჰს გააჩნდა ეჭვი, რომ მათ შორის არსებობდა ფარული თანამშრომლობა.
საქმე იმაშია, რომ თეიმურ ბახთიარი საკმაოდ ბევრ დროს ატარებდა ბაღდადში და ცხადი იყო, რომ ის იმყოფებოდა სადამ ჰუსეინის მფარველობის ქვეშ. 1968 წ. მარტში, ბახთიარი, იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავეს ლიბანში. ირანის მთავრობამ დაუყოვნებლივ მოითხოვა მისი ექსტრადიცია, თუმცა ლიბანის ხელისუფლებამ ამაზე უარი განაცხადა, რამაც ორ ქვეყნის შორის ურთიერთობების გამწვავება გამოიწვია. ბახთიარი მალევე გაანთავისუფლეს და ის ერაყში დაბინავდა.
თავისი ძირგამომთხრელი საქმიანობით გენერალმა ბახთიარმა შაჰის კარის შეშფოთება გამოიწვია. 1969 წ. ირანის პარლამენტმა (მეჯლისი) მიიღი კანონი, რომლის თანახმადაც თეიმურ ბახთიარს ჩამოერთვა ყველა სამხედრო წოდება, მისი ყველა მოძრავი თუ უძრავი ქონება დააყადაღეს. ირანის მთავრობამ ბახთიარზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა, რის შემდეგაც იგი ერაყში გადავიდა, ვინაიდან იცოდა, რომ ერაყის მთავრობა მას არავითარ შემთხვევაში არ გადასცემდა ირანის ხელისუფლებას. დაფუძვნდა რა ერაყში, გენერალი ბახთიარი შაჰის წინააღმდეგ ალიანსში შევიდა სადამ ჰუსეინთან, სადაც მან დააარსა "შაჰის მოწინაღმდეგეთა ცენტრი", რომლის მუშაობაშიც კერძოდ მონაწილეობას იღებდნენ კომუნისტური პარტია «თუდე»-ს წარმომადგენლები.
შაჰმა, «სავაქი»-ს დირექტორს, გენერალ ნემათოლა ნასირის მკაცრი მითითებები მისცა — რადაც არ უნდა დაჯდომოდა, გაეუვნებელყო "მოღალატე" ბახთიარი. ბახთიარის მიერვე შექმნილმა, გენერალ ნ. ნასირის მიერ მოდერნიზირებულმა და სრულყოფილებამდე მიყვანილმა საიდუმლო სამსახურმა «სავაქ»-მა ჩაატარა ერაყში ბახთიარის ძებნის რთული და მრავალსაფეხურიანი ოპერაცია. მას შემდეგ, რაც შაჰის აგენტებმა ვერ დაადგინეს ბახთიარის ადგილსამყოფელი, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება — ჩაეტარებინათ ისეთი ფარული სპეცოპერაცია, რის შედეგადაც ბახთიარი თავად გამოვიდოდა კონტაქტზე. სპეცოპერაციის დაგეგმარება და რეალიზება დაევალა "სავაქი"-ს II-ე დეპარტამენტს (საგარეო დაზვერვა). მისი ყველა დეტალი მკაცრად გასაიდუმლოებული იყო. «სავაქი»-ს რამდენიმე სპეცაგენტმა გაიტაცა ირანის სამგზავრო თვითმფრინავი, აიძულა ის დაესვათ ბაღდადში და ამით ერაყის ხელისუფლების წინაშე წარსდგნენ, როგორც ირანის შაჰის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლები (საყურადღებოა, რომ "სავაქი"-ს აგენტებს გააჩნდათ სათანადო ბიოგრაფიები). ამით მათ გზა გაეხსნათ ბახთიართან დაახლოებისკენ.
მას მერე, რაც «სავაქი»-ს აგენტებმა მოიპოვეს ბახთიარის და მისი გარემოცვის სრული ნდობა, სავაქელების მხრიდან ამოქმედდა რთული მექანიზმი, რომლის შედეგი უნდა ყოფილიყო ბახთიარის ლიკვიდაცია, მაგრამ იმგვარად, რომ ეჭვი მიეტანათ ბახთიარის გარემოცვასა და მის მომხრეებზე.
«სავაქი»-ს აგენტებმა ბახთიარის მხრიდან ისეთი ნდობა მოიპოვეს, რომ მათ შესთავაზეს კიდეც ბაღდადში გენერლის აპარტამენტში ცხოვრება. მკვლელებს «სავაქი»-დან მანამდეც შეეძლოთ ბახთიარისა და მისი ცოლ-შვილის ლიკვიდაცია მის საკუთარ სახლში, მაგრამ შემდგომ გაქცევის შანსი მიზერული იყო, რადგან თეიმურ ბახთიარი ძალზედ მნიშვნელოვანი პიროვნება იყო ერაყის ხელისუფლებისათვის და იგი ერაყის სპეცსამსახურების («მუჰაბარათი») მუდვივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. ბახთიარს მუდმივად იცავდნენ ერაყელი მცველები. შემდეგი სცენარის მიხედვით მკვლელს «სავაქი»-დან მარტო უნდა ემოქმედა.
1970 წლის 12 აგვისტოს, ირანის საზღვართან მდებარე დიალას პროვინციაში ნადირობის დროს მკვლელმა შეარჩია რა მკვლელობისთვის ხელსაყრელი მომენტი, ესროლა გენერალ ბახთიარს პისტოლეტიდან და მხარში დაჭრა. გენერალს თავისი თოფი დაუვარდა და მუხლებზე დაეცა. გასროლაზე მყისივე რეაგირება მოახდინა ბახთიარის ერაყელმა მცველმა და აკ-47 ტიპის ავტომატიდან სცადა მკვლელის განეიტრალება, მაგრამ იგი მაშინვე იქნა მოკლული შუბლში გასროლით. წამებში მიხვდა რა, რომ სიტუაცია სასიკვდილო იყო, გენერალმა ბახთიარმა მარცხენა ხელით სცადა ამოეღო რევოლვერი, მაგრამ ვერ მოასწრო — ხუთი ტყვია მიიღო მუცლისა და მკერდის არეში და ერთიც მარცხენა ხელში. მკვლელობა განხორციელდა პროფესიულად და დეტალურად იყო ფალსიფიცირებული წინასწარ მოფიქრებული გეგმის მიხედვით. «სავაქი»-ს აგენტმა ყველაფერი ისე მოაწყო, რომ მკვლელობა უბედურ შემთხვევას დამსგავსებოდა.
ამის შემდეგ მკვლელმა სწრაფად დატოვა დანაშაულის ადგილი და ირანის საზღვრისკენ წავიდა. არ ქონდა რა სპეციალური შეიარაღება და ამუნიცია, ასევე არ იცოდა, როგორ უნდა დაეღწია თავი ამგავარი სიტუაციიდან, მკვლელმა ბოლომდე ვერ გაითვალისწინა ერაყის უდაბნოს ზაფხულის ცხელი ტემპერატურა, მაგრამ მაინც დიდი მანძილი გაიარა ირანის საზღვრისკენ, თუმცა მან მიზანს ვერ მიაღწია — ის ერაყის სასაზღვრო სამსახურმა დააკავა ირანის საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში და შემდეგ ბაღდადში გადაიყვანა. ამ ადამიანის ვინაობა და ბედი დღემდე უცნობია.
ასევე უცნობია, სად გაიარა მკვლელმა ცეცხლსასროლი იარაღის ხმარებაში მომზადება და სად მიიღო ამ ტიპის იარაღი, რითიც მან მკვლელობა ჩაიდინა. გენერალი ბახთიარი მძიმე ჭრილობებით ბაღდადის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია გაუკეთდა, მაგრამ იგი ძლიერი შინაგანი სისხლდენით 2 დღის შემდეგ გარდაიცვალა. გენერალ ბახთიარის მკვლელობა უმაღლეს დონეზე იქნა გამოძიებული ერაყის ბაასისტური ხელმძღვანელობის მიერ, მაგრამ საეჭვო ვერაფერი გამოვლინდა. მხოლოდ მოგვიანებით, 1979 წელს ისლამური რევოლუციის გამარჯვების შემდეგ, როდესაც მოჰამედ რეზა ფეჰლევიმ დაკარგა ირანზე ძალაუფლება და უკვე განდევნილი იყო ქვეყნიდან, ერთ-ერთ ინტერვიუში ფრანგ ბიოგრაფ და ჟურნალისტს, ჟერარ დე ვილიეს გაანდო, რომ ბახთიარი მისი ბრძანებით იყო ლიკვიდრებული.
ჟერარ დე ვილიემ ამასთან დაკავშირებით აღნიშნა: "ბახთიარის სიკვდილი ნამდვილი ირონია იყო — ის იმ ინსტრუმენტით მოკლეს, რომელიც მან შექმნა".
აღსანიშნავია, რომ "სავაქი"-ს ოთხივე დირექტორი სიკვდილით დასაჯეს: გენერალ თეიმურ ბახთიარი ლიკვიდირებულ იქნა შაჰის ბრძანებით; გენერალი ჰასან პაკრავანი (1961—1965), გენერალი ნემათოლა ნასირი (1965—1978) და გენერალი ნასერ მოგადამი (1978—1979) ხომეინისტების გამარჯვების შემდეგ რევოლუციური ტრიბუნალის განკარგულებით სიკვდილით დასაჯეს.
P.s. თემა ძველია, თუმცა ამით არანაკლებ საინტერესო... ია ტაკ დუმაიუ!
This post has been edited by aryamehr on 18 Feb 2015, 02:59