„შებრძანება უნდაო“, – ასე ახსნა პოლიციის თანამშრომელმა ვაჟა გოგაშვილმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის ნიკოლოზ ჯანიაშვილის მისაღებში პოლიციელების მობილიზაცია. გამგებლისგან კომენტარის ჩაწერას კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტები ცდილობდნენ თანამდებობის პირების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებთან დაკავშირებით, რაზედაც ick.ge ჟურნალისტურ მოკვლევას ატარებს.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტები ნიკოლოზ ჯანიაშვილის კომენტარის ჩაწერის მიზნით გამგებლის მისაღებში დაახლოებით ერთი საათი იმყოფებოდნენ. ჟურნალისტების თხოვნით მდივანმა გამგებელს რამდენჯერმე შეახსენა, რომ მისგან კომენტარის ჩაწერა გვსურდა. გამგებელი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა. გამგებლის მისაღებში მისვლიდან დაახლოებით 20 წუთის შემდეგ, გამგეობაში პოლიცია გამოიძახეს. პოლიციელები გამგებლის სამუშაო ოთახის შესასვლელ კართან ჩადგნენ და დაახლოებით 15–20 წუთი გამგებლის ოთახს ასე „იცავდნენ“.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა შორენა ჯახუამ განაცხადა, რომ პოლიციაში მოქალაქემ დარეკა.
„მოვიკითხე, რატომ იყო მისული პოლიცია დედოფლისწყაროს რაიონის გამგეობის შენობაში. გავარკვიე, რომ ისინი იქ მოქალაქისგან შესული შეტყობინების საფუძველზე მივიდნენ, გადაამოწმეს სიტუაცია და როცა დარწმუნდნენ, რომ სიმშვიდე იყო, მალევე დატოვეს გამგეობის ტერიტორია. კონფიდენციალურობის ფარგლებში ვერ გავამხელთ შეტყობინების ავტორის ვინაობას, თუმცა, ეს ნამდვილად რიგითი მოქალაქე იყო“, – განაცხადა შსს–ს წარმომადგენელმა.
კახეთის საინფორმაციო ცენტრმა დედოფლისწყაროს პოლიციის თანამშრომლებისგან გამოარკვია, რომ გამგეობაში პოლიცია დედოფლისწყაროს გამგებელმა გამოიძახა თითქოს ჟურნალისტები ადმინისტრაციულ შენობაში ხულიგნობდნენ და მის სამუშაო ოთახში ნებართვის გარეშე შესვლას ცდილობდნენ.
დღევანდელ ინციდენტს წინ უძღოდა კახეთის გუბერნატორის ირაკლი შიოლაშვილის დაპირისპირება კახეთის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორთან. ჟურნალისტური გამოძიება ირაკლი შიოლაშვილს ეხება. კახეთის საინფორმაციო ცენტრი მასალებს უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს.http://ick.ge/articles/20987-i.html
Moscow et Mecca delenda est.