ახლა არ არის გადაბრალების და განტევების ვაცის ძებნის დრო, ახლა არის სწრაფი და ეფექტური ნაბიჯების განხორციელების დრო, რომლის მიზანი უნდა იყოს სავალუტო შემოდინებების გაზრდა იმ წყაროებიდან, რომელზეც გვაქვს გავლენა. ეს გამოიწვევს ლარის გამყარებას და შვებას მისცემს იმ მოქალაქეებს, ვისაც დაუმძიმდა სესხის ტვირთი.
ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელზეც ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის ბრალდებებს უპასუხა. ამასთან, ხელისუფლებისა და მმართველი კოალიციის წევრებს მოუწოდა, მყისიერად შეწყვიტონ თავდასხმები ეროვნულ ბანკზე.
გიორგი ქადაგიძემ პრესკონფერენციის დასაწყისში აღნიშნა, რომ ბანკი არ აკეთებს პოლიტიკურ კომენტარებს სხვადასხვა დროს სხვადასხვა ტიპის თავდასხმებზე, რომლებიც ხორციელდება ეროვნულ ბანკზე, რადგან იზიარებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც გააჩნია.
„ჩვენ არც მომავალში ვაპირებთ პოლიტიკურ დებატებში ჩართვას საჯაროდ. ეს არ არის ჩვენი მანდატი, მაგრამ ვინაიდან ბოლო პერიოდში ეროვნული ბანკის წინააღმდეგ იწარმოება მიზანმიმართული, ცილისმწამებლური კამპანია, საჭიროდ ვთვლით მოგახსენოთ ქრონოლოგიურად იმ პოზიციის შესახებ, რომელსაც ეროვნული ბანკი გამოხატავდა ბოლო პერიოდში,“– აღნიშნა ქადაგიძემ და განაცხადა, რომ ჯერ კიდევ 2013 წლის დასაწყისში ბანკმა განაცხადა, რომ ზრდის პროგნოზი იყო ოპტიმისტური და საჭიროებდა გადახედვას. ნაცვლად იმისა, რომ მოსმენილი იყო არგუმენტები, მივიღეთ ცილისწამების პირველი ტალღა და პოლიტიკურ საბოტაჟში დადანაშაულება.
გიორგი ქადაგიძის თქმით, პროგნოზი გამართლდა და მივიღეთ განახევრებული ზრდა
მისი განცხადებით, 2013 წლის ზაფხულიდან ბანკმა არაერთხელ განაცხადა რომ არათანაბარ ხარჯვას აქვს უარყოფითი შედეგი გაცვლით კურსზე. აქაც წლის ბოლოს, გამართლდა პროგნოზი და 2013 წლის ბოლოს ჩვენ მივიღეთ საბიუჯეტო ზეწოლა ლარის კურსზე და დევალვაცია რომ არ მომხდარიყო, ბანკმა განახორციელა რამდენიმე ასეული მილიონის ინტერვენცია სიტუაციის დასაბალასნებლად. მისი თქმით, ბანკმა ეს გადაწყვეტილება მიიღო, რადგან პრობლემა გამოწვეული იყო ერთჯერადი ფაქტორებით და არა ერთჯერადი მიზეზით
2014 წლის აგვისტოს შემდეგ, როგორც ქადაგიძე ამბობს, გამოჩნდა ექსპორტის შემცირებისა და იმ პრობლემების პირველი ნიშნები, რომლებიც სავარაუდოდ თავს იჩენდა შემდგომ თვეებში, თუმცა, სამწუხაროდ, ისევ გაზიარებულ იქნა ეკონომიკური ბლოკის იმ წარმომადგენელთა არგუმენტები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ყველაფერი კარგადაა და არანაირი ფუნდამენტური პრობლემა არსებობს.
ნაცვლად არგუმენტების მოსმენისა, ქადაგიძის თქმით, მივიღეთ ნიაღვარი შეკვეთილი სტატიებისა და ახლადგამოჩეკილი ექსპერტების მხრიდან მცდელობა, გაეკეთებინათ მორიგი შეტევა ეროვნულ ბანკზე.
რაც შეეხება რეზერვებს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამბობს, რომ არის მცდელობა, საზოგადოება დაარწმუნონ, თითქოს რეზერვების ხარჯვა არის გამოსავალი.
„საქართველოს სავალუტო რეზერვი არის ჩვენი აქტივი და ის დოვლათი, რომელსაც ჩვენ ვქმნით მთელი წლების განმავლობაში, რომელიც წარმოადგენს მთავარ გარანტს ჩვენი ფინანსური სტაბილურობისა. ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკა სწორედ რომ რეზერვების დაგროვების და მართვის მიმართულებით არის აღიარებული ყველა საერთაშორისო ორგანიზაციისა და ავტორიტეტული გამოცემის, მათ შორის სავალუტო ფონდის მიერ,“ – განაცხადა ქადაგიძემ.
მისი თქმით, რეზერვებით ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორების ჩანაცვლება, ისეთების როგორიცაა ექსპორტის, გზავნილების, ტურიზმის კლების, არის არის არა მხოლოდ არასწორი ეკონომიკური გადაწყვეტილება, არამედ კონტპროდუქტიული და უშედეგო.
ამის მაგალითად ქადაგიძეს მოლდოვას და აზერბაიჯანის მაგალითები მოჰყავს – მისი თქმით, მოლდოვას ცენტრალურმა ბანკმა მილიარდ დოლარამდე ინტერვენცია გააკეთა და მიუხედავადა ამისა, მოლდავური ვალუტის კურსი გაუფასურდა თითქმის 40%–ით.
ჩვენზე გაცილებით მდიდარმა აზერბაიჯანმა კი 2 მილიარდიანი უშედეგო ინტერვენციების შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება მცურავ რეჟიმში გადაეყვანა ეროვნული ვალუტა, და წინა პარასკევს აზერბაიჯანული მანათი გაუფასურდა 34%–ით.
„ჩვენ არა გვაქვს ფუფუნება დავუშვათ შეცდომები ამ მიმართულებით. ჩვენ არაერთხელ დაგვიშვია შეცდომები 90–იანი წლების დასაწყისში და იგივე შეცდომების დაშვებას ახლა არ ვაპირებთ.
მე მინდა დავარწმუნო ჩვენი მოსახლეობა, რომ ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება, სანამ მე და ჩემი გუნდი ვართ ეროვნული ბანკის სათავეში, ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ იგივე შეცდომების გამეორებას, რაც ჩვენმა ქვეყანამ სამწუხაროდ, არაერთხელ გამერობა,“– განაცხადა ქადაგიძემ.
მან „გაუგებარი“ უწოდა გუშინდელ განცხადებასა და „გუშინდელ დღეს“, როდესაც სავალუტო ბაზარზე აშკარად შეინიშნება სტაბილიზაცია. მისი თქმით, განცხადებამდე და განცხადებების კასკადებამდე, რომელიც ჩვენ ვიხილეთ, სავალუტო ბაზარზე გარიგებები დასრულდა 2,16 კურსით, რაც ცალსახად მიუთითებს სავალუტო კურსის სტაბილიზაციაზე და იმაზე, რომ ყველაფერი მიდის „სწორად და დამშვიდებისკენ.“
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, ლარის გაუფასურება გამოწვეულია ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორებით, ლარი გაუფასურდა 30%–ით, გაუფასურებამ კი გარკვეული პერიოდის შემდეგ დაიწყო ასახვა იმპორტზე და ველოდებით, რომ იმპორტი შემცირდება, რაც შეამცირებს ნეგატიურ გავლენას კურსზე და მოთხოვნას უცხოურ ვალუტაზე და ლარს ექნება შემდგომი გამყარების ტენდენცია.
„მე მინდა მოვუწოდო ხელისუფლების წარმომადგენლებს, მთავრობის წარმომადგენლებს, მმართველი პოლიტიკური კოალიციის წარმომადგენლებს, შეწყვიტონ მყისიერად თავდასხმა ეროვნულ ბანკზე. ასეთი თავდასხმები ვნებს და აზიანებს არა მე, როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, არამედ ურტყამს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, ის ვნებს ინვესტორების განწყობებს, და კონტრპროდუქტიულია იმ პროცესების, რაც დღეს ვითარდება,“ – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ლარის კურსის გაუფასურებაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე გუშინ გავრცელებულ განცხადებაში დაადანაშაულა.
ამ განცხადებამდე ზუსტად 10 დღით ადრე, 16 თებერვალს, ივანიშვილი აცხადებდა, რომ ეროვნულმა ბანკმა ინტერვენცია დროულად გააკეთა და რომ ლარი ჯანსაღად რეაგირებს პროცესებზე. ექსპრემიერის თქმით, ჩვენ სუსტი ეკონომიკა გვაქვს. სუსტი ეკონომიკის პირობებში კი ეროვნულ ვალუტაზე ნებისმიერი საგარეო მოვლენა ახდენს ზეგავლენას.
http://commersant.ge/?m=5&news_id=19072&cat_id=8