იხ ვიდეო :
http://1tv.ge/ge/videos/view/101970.htmlთბილისის მერ დავით ნარმანიას განცხადებით, კონკურსის წესით შერჩეულმა კომპანიამ, რომელმაც „სი-თი პარკთან“ დადებული ხელშეკრულების სამართლებრივი და ფინანსური ანალიზი ჩაატარა, კვლევის პირველადი შედეგები თბილისის მერიას უკვე გადმოუგზავნა, რამდენიმე დღეში კი დედაქალაქის მთავრობა საბოლოო დასკვნასაც მიიღებს.
ნარმანიას განცხადებით, თბილისის მთავრობას პარკირების სისტემასთან დაკავშირებით სამი მთავარი მოთხოვნა აქვს: განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, ავტომანქანა ადგილზე დაჯარიმდეს და არ იქნას გადაყვანილი საჯარიმო სადგომზე; იმ ადგილებში, სადაც პარკირების ადგილები მოქალაქეთა გადაადგილებას უშლის ხელს, პარკირება შეიზღუდოს; შემოსავლების განაწილების ბალანსის აღდგენა კომპანია „სი-თი პარკსა“ და მუნიციპალიტეტს შორის.
თბილისის მერმა პარკირების მრავალსართულიანი ადგილების მშენებლობის პროექტზეც ისაუბრა. ნარმანიას თქმით, პარკირების ახალი ადგილების მშენებლობის პარალელურად, ტროტუარებზე არსებული პარკირების ადგილები ეტაპობრივად გაუქმდება.
დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისის მერიის მთავარი ამოცანა კომპანია „სი-თი პარკის“ ჩანაცვლება არ არის. „იმდენად კაბალური ხელშეკრულებაა გაფორმებული, რომ ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლას შეიძლება მოჰყვეს ძალიან დიდი ფინანსური ზიანი დედაქალაქის ბიუჯეტისთვის“, - აცხადებს თბილისის მერი.