„ერთიანმა ნაცმოძრაობამ“ საქართველოში ხელისუფლების შეცვლის დღე დაასახელა - 21 მარტი. პარტიის წარმომადგენლები და მისი მხარდამჭერები სოციალური ქსელებით მოსახლეობას მოუწოდებენ საპროტესტო აქციაში მონაწილეობა მიიღონ და „ისტორიის სანაგვეზე გაიტანონ საქართველოსთვის დამღუპველი რუსი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი“, - ნათქვამია რუსული გამოცემა „ნეზავისიმაია გაზეტას“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში (ავტორი - იური როქსი).
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ მასალის მიმოხილვას გთავაზობთ:
„ნაციონალები“ მას შემდეგ აფუსფუსდნენ, როცა მათი იდეა პარლამენტის საგანგებო სხდომის მოწვევის თაობაზე ჩაიფუშა. როგორც ცნობილია, მათ პრეზიდენტს განცხადებით მიმართეს, რომ ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური კრიზისის გამო, აუცილებელი იყო პარლამენტის სხდომა მოწვეულიყო და მთავრობის საქმიანობის საკითხი განხილულიყო. პრეზიდენტი მათ დაეთანხმა, მაგრამ საკანონმდებლო ორგანოს სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობა არ გამოცხადდა, იგივე გააკეთეს მთავრობის წევრებმაც - პარლამენტის სხდომის იგნორირება მოახდინეს. რასაკვირველია, „ერთიანმა ნაცმოძრაობამ“ მომხდარი ნეგატიურად შეაფასა და ხელისუფლება მკაცრად გააკრიტიკა: როგორც „ნაციონალების“ აღმასრულებელმა მდივანმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, მთავრობის წევრები და უმრავლესობა უპასუხისმგებლოდ მოიქცნენ, სხდომაზე არ გამოცხადდენ, სადაც შეიძლებოდა ანტიკრიზისული ზომები შემუშავებულიყო. მისი თქმით, ასეთ პირობებში, როცა ხელისუფლება მოსახლეობის მდგომარეობისადმი გულგრილობას ამჟღავნებს, როცა ხელისუფლებას ხალხის ხმა საკანონმდებლო ორგანოში არ ესმის, „ერთიან ნაცმოძრაობა“ ეცდება ხალხის ხმა ხელისუფლებას რუსთაველის გამზირიდან მიაწვდინოს. მოკლედ, „21 მარტს ყველანი ქუჩაში გამოდით და მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის უუნარი მთავრობა ისტორიის სანაგვეზე მოვისროლოთო“.
სხვათა შორის, „ნაციონალებთან“ სინქრონში დაიწყეს მოქმედება სხვა ოპოზციურმა პარტიებმაც: ასე მაგალითად, „თავისუფალმა დემოკრატებმა“, რომლებიც ცოტა ხნის წინათ მმართველ კოლიციაში იყვნენ, ხელისუფლების მიერ გატარებული საგარეო პოლიტიკის კრიტიკა დაიწყეს და შეუტიეს როგორც რუსეთის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელს, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს... „თავისუფალი დემოკრატების“ შემდეგ ხმა ამოიღეს ლეიობორისტებმაც, რომლებმაც მთავრობა მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის მკვეთრ გაუარესებაში დაადანაშაულეს.
ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია შეაფასა ალიანს „პატრიოტთა ლიგის“ ლიდერმა, ცნობილმა ჟურნალისტმა ირმა ინაშვილმა, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა გაავრცელმა 2012 წელს, საარჩევნო კამპანიის დროს, ციხეებში წამების ამსახველი ვიდეოკადრები და ამით ხელის შეუწყო „ნაციონალების“ დამარცხებას. მისი თქმით, დღეს „ნაციონალები“ მთავრობის კრიტიკის დროს ბევრ რამეში მართლები არიან, მაგრამ დასანანია, რომ ხელისუფლებას სწორედ ისინი აკრიტიკებენ: „იმის ნაცვლად, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ „ქართულ ოცნებას“ „ნაციონალური მოძრაობის“ განადგურება დაესრულებინა, ბიძინა ივანიშვილმა და მისმა გუნდმა თამაში დაიწყო და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ: „ნაციონალები“ მომძლავრდნენ და ახლა ისინი თავიანთ რევანშისტულ მიზნებს აღარ მალავენ“.
თუმცა, რასაკვირველია, ასე ხელაღებით მთავრობის დადანაშაულება უმოქმედობაში სწორი არ იქნებოდა: თბილისში ხელისუფლების მოწვევით საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლები იყვნენ ჩამოსულნი, ისინი შეხვდნენ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და ეკონომიკური ბლოკის მინისტრებს. ცნობილი გახდა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გაწევის თაობაზე, რომელიც ეროვნული ვალუტის გამყარებისკენ იქნება მიმართული. ამის მიუხედავად, ხელისუფლების ნაბიჯებს საზოგადოების მხრიდან დადებითი შეფასება არ მოჰყვა: სავალუტო ფონდთან ურთიერთობის მოწინააღმდეგეებმა გაიხსენეს ფაქტები იმ სახელმწიფოების ისტორიიდან, რომლებმაც ფონდის დახმარება მიიღეს და „ვალების ორმოში ჩაცვივდნენ, საიდანაც დიდხანს ვეღარ ამოვიდნენ“.
საეჭვოა, რომ ოცდაერთ მარტს დაგეგმილმა ანტისამთავრობო აქციამ თავის მიზანს მიაღწიოს - მთავრობა ამ შეტევას გაუძლებს, რადგან კრიტიკული სიტუაცია ობიექტურად ჯერ არ დამდგარა. აქცია პირველ რიგში აჩვენებს იმას, თუ რამდენად პერსპექტიულია „ნაცმოძრაობის“ შემდგომი გაძლიერების ტენდენცია. ეს აქცია ხელისუფლებისათვისაც შეიძლება საკმაოდ სასარგებლო აღმოჩნდეს, რომელიც იძულებული იქნება პოლიტიკური ოპონენტებისაგან მომდინარე საფრთხეები სერიოზულად შეაფასოს და ანტიკრიზისული ზომები ინტენსიურად განახორციელოს, მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით.
თუ „ქართული ოცნება“ მოახლოებულ საპროტესტო აქციაზე თვალს დახუჭავს, მაშინ მმართველი ძალა დიდ და რთულად გადასაწყვეტ პრობლემას გაიჩენს, შიდაპოლიტიკურ არენაზე ინიციატივის დაკარგვის ჩათვლით.
http://www.newspress.ge/uckhouri-presa/622...-danishnes.htmlრუსები აწიკვინდნენ
ეს ქოცები და რუსები რა ერთ ქვაბში ზიან და სულ ერთნაირი აზრები აწუხებთ