http://www.icmm.ge/ka/site/articles/8182/საკრებულოს წევრი სხდომებზე ჩაფხუტით დადის – გამგებელი სკამს ისვრის [Video]
2015.04.09 | 19:41
მანანა მამაგულაშვილი
საკრებულოს წევრი სხდომებზე ჩაფხუტით დადის – გამგებელი სკამს ისვრის [Video]
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ტარიელ ჩხუტიაშვილი სხდომებზე ჩაფხუტით დადის. ამის მიზეზი 1–ელ აპრილს საკრებულოს ბიუროს სხდომაზე მომხდარი ინციდენტია. დუშეთის გამგებელი ვაჟა ჩოხელი საკრებულოს წევრის გია რუბაშვილის მიერ გამგეობაში ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებით დასმულმა კითხვებმა გააღიზიანა და დეპუტატს სკამი ესროლა. სკამი მეორე დეპუტატს ნუკრი უნდილაშვილს თავში მოხვდა.
„პირველ აპრილს, ბიუროს სხდომაზე, ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებით დეპუტატებმა გამოხატეს თავისი პროტესტი და გამგებელს დაუსვეს შეკითხვები. ჩვენმა გამგებელმა სკამი აიღო, გაისროლა და მოხვდა ერთ - ერთ დეპუტატს. სკამი რომ საფეთქელში მოხვედროდა, შეიძლებოდა სიცოცხლისთვის საშიში გამხდარიყო. ვიღაცას შეიძლება გაეცინოს, მაგრამ მას შემდეგ სხდომებზე ჩაფხუტით დავდივარ, რომ გამგებლის ნასროლი სკამი თავში არ მომხვდეს. არაკომფორტულია, მაგრამ სიცოცხლისთვის უსაფრთხოა“ - უთხრა მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს დუშეთის საკრებულოს წევრმა ტარიელ ჩხუტიაშვილმა.
საკრებულოს სხდომაზე გამგებელმა დეპუტატს რომ სკამი ესროლა, ამ ფაქტს საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ლაფანაშვილიც ადასტურებს.
„გამგებელმა დეპუტატებთან საუბრისას ხმას აუწია, დაიწყო ყვირილი, რაზეც დეპუტატებმა საკმაოდ კორექტულად მიუთითეს, რომ აქ საყვირელი არაფერია და კითხვებზე პასუხი უნდა გაეცა. შესაბამისად, ემოციურმა ფონმა იძალა, რის შემდეგაც მოხდა ის, რაც მოხდა. გამგებელმა სკამი მოიქნია, ერთმა დეპუტატმა დაიჭირა ეს სკამი და მეორე დეპუტატს მოხვდა შემთვევით სადღაც ყურთან, საფეთქელთან. ეს მოხდა და ამას ვერავინ უარყოფს“ - განუცხადა მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს დუშეთის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ლაფანაშვილმა.
მომხდარის თვითმხილველია „კავშირი სამოქალაქო განვითარებისთვის“ დირექტორი ლია როინიშვილი. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმიმადგენელი საკრებულოს სხდომას ესწრებოდა.
„შევესწარი ძალიან არასასიამოვნო ფაქტს, დაპირისპირებას, რომელიც ფიზიკურ შეხლა–შემოხლაში გადაიზარდა ბილწსიტყვაობის შემდეგ. ერთი მხრიდან იყო გინება, მეორე მხრიდან სკამის სროლა. ეს იყო სამუშაო შეხვედრა, მაგრამ რომელიც ცირკად გადაიქცა“ - ამბობს ლია როინიშვილი.
მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი დაუკავშირდა დეპუტატ გია რუბაშვილსაც, რომელსაც გამგებელმა სკამი ესროლა, თუმცა მან ამ თემაზე კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვაჟა ჩოხელის თქმით, დეპუტატი რომლის მიმართულებითაც სკამი ისროლა, კორექტულობის ფარგლებს გასცდა.
„კორექტულობის ფარგლებს არავინ არ უნდა გავცდეთ. ეს თემა მემგონი არ არის საინტერესო, აქტუალური. ეს თემა მოგვარებულია. ასე რომ თუ სკანდალი ვინმეს აინტერესებს, სკანდალს დუშეთში ვერ იპოვის“ - უთხრა მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვაჟა ჩოხელმა.
კითხვა, რომელმაც საკრებულოს ბიუროს სხდომაზე გამგებლის გაღიზიანება გამოიწვია, შიდა აუდიტის მიერ გამოვლენილ ფინანსურ დარღვევებს ეხებოდა. აუდიტის დასკვნის მიხედვით, გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური თანხებს არამიზნობრივად ხარჯავს.
„იკვეთება ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა, ვინაიდან თანხები გადარიცხულია ისეთი სამედიცინო მომსახურებისთვის, რომელთა დაფინანსებაც საკრებულოს დადგენილების თანახმად დაუშვებელია. გარდა ამისა, დაფინანსებულები არიან ის მოქალაქეები, რომლებიც გადარიცხვის პერიოდში დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში თანამდებობებზე მუშაობენ და იღებენ ანაზღაურებას, რაც ასევე დაუშვებელია.“ - აღნიშნულია შიდა აუდიტის დასკვნაში, რომელიც 2015 წლის 13 მარტით არის დათარიღებული. ამ საკითხზე მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი ცალკე მასალას შემოგთავაზებთ.
სპლიყვი ფაქტობრივად შენი სეგმენტი თემაა მარა დაგასწარი ბრატ