აგორა ფინანსები - ქართული ღვინის ძირითად ბაზრებზე, რუსეთში და უკრაინაში ექსპორტის ისევ ზრდას ელოდება ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი სამანიშვილი.
მან Eugeorgia.info-ს განუცხადა, რომ ამ წლის იანვარ-თებერვალში ამ ორ ბაზარზე ღვინის ექსპორტი შენელდა და ეს ლოგიკური იყო, რუბლის და გრივნას მდგომარეობის გათვალისწინებით. „პროგნოზის გაკეთება რთულია. წლევანდელი ექსპორტის მოცულობა დამოკიდებული იქნება ამ ქვეყნების ეროვნული ვალუტის მდგომარეობაზე. თუ ისინი შეძლებენ თანხების სტაბილურ გადახდას, მაშინ ექსპორტი ძალიან არ შემცირდება. ვფიქრობ, რომ მარტიდან ღვინის ექსპორტი ისევ გაიზრდება, მაგრამ 2014 წლის დონეს ვეღარ მიაღწევს“, -განაცხადა სამანიშვილმა.
მან ასევე თქვა, რომ სახელმწიფოც და კერძო ბიზნესიც მუშაობს ბაზრების დივერსიფიცირებაზე და ეს სამუშაობი 2013 წელს დაიწყო. დივერსიფიცირებაში იგულისხმება ის, რომ უნდა გაიზარდოს საექსპორტო ქვეყნების ნუსხა და ექსპორტის ნახევარი რომელიმე ერთ ქვეყანაზე და ერთ რეგიონზე არ მოდიოდეს.
სამანიშვილი აცხადებს, რომ ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებს მიეკუთვნება აშშ, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები. „წელს ამ ბაზრებზე აქტიური ღონისძიებები გვაქვს დაგეგმილი. 2015 წლიდან ვზვერავთ იაპონიის და კორეის ბაზრებს. ამ ქვეყნებში ჯერ აქტიური ქმედებები დაგეგმილი არა გვაქვს. წელს იაპონიაში ორ გამოფენაში მივიღებთ მონაწილეობას. კომპანიები მოსინჯავენ, რომელ სეგმენტში შეიძლება რომ შევიდნენ. ვფიქრობთ, რომ ეს ორი ბაზარი ჩვენთვის ძალიან საინტერესო იქნება“, -აცხადებს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე Eugeorgia.info-თან.
ის ამბობს, რომ ქართული ღვინის საშუალო ფასი საექსპორტო ბაზარზე $3.15-ია. მაღალ საფასო სეგმენტში ქართული ღვინო ვერ გადის, რადგან მას სათანადო ცნობადობა არა აქვს. სამანიშვილის აზრით, ქართული ღვინის მომხმარებელი არის ის ხალხი, ვისაც სიახლეების აღმოჩენა უყვარს, ვინც ბევრს მოგზაურობს და არა ის, ვინც ტრადიციულად მხოლოდ რომელიმე ერთი სახეობის ღვინოს სვავს.
http://agora.ge/news_.php?news_id=7593