სეპარატისტული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის შენახვა რუსეთის მთავრობას წელიწადში 1 მილიარდ დოლარზე მეტი უჯდება. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ნავთობის გაიაფების შედეგად კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ რუსეთის ბიუჯეტს ეს ორი რეგიონი უკვე "ყელზე ადგას"."სამხრეთ ოსეთის" ბიუჯეტის 92% რუსული ფულით გროვდება, დანარჩენი 8% კი რუსული ხელფასებიდან აკრეფილი საშემოსავლო გადასახადია. კრემლის მიერ ჩარიცხული ტრანსფერებით ივსება აფხაზეთის ბიუჯეტის ნახევარიც.
ბუნებრივია, აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" კონტროლი რუსეთს არანაირ ეკონომიკურ სარგებელს არ აძლევს. ეს სარგებელი უფრო პოლიტიკურია, რომელსაც რუსეთი შავი ზღვისპირეთში, ცენტრალურ და სამხრეთ კავკასიაში და შემდეგ უფრო შორეული მიმართულებით აღწევს. "ამიტომ ხარჯი დანიშნულებას ამართლებს. ცოტა სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩიტი ბდღვნად ღირს", - აღნიშნავს ეკონომისტი სოსო არჩვაძე.
ე.წ. სამხრეთ ოსეთს ეკონომიკა, ფაქტობრივად, არ აქვს. ამ რეგიონის 2015 წლის ბიუჯეტის მიხედვით, რუსეთიდან მიღებული დოტაცია საბიუჯეტო შემოსავლის თითქმის 92%-ს შეადგენს. 7,2-მილიარდიანი ბიუჯეტიდან 6,7 მლრდ რუბლზე მეტი რუსეთიდან მიღებული თანხაა.
კრემლს ამ რეგიონის შენახვის ხარჯი თითქმის ყოველ წელს ეზრდება. რუბლის კურსის თამაშის გათვალისწინებით, რუსეთი წელიწადში "სამხრეთ ოსეთის" მოსახლეობის ლოიალურობის შესანარჩუნებლად დაახლოებით 150 მილიონ დოლარს იხდის. ეს არის დახმარება ბიუჯეტისა და საპენსიო უზრუნველყოფისთვის.
აფხაზეთში ეკონომიკა ასე თუ ისე არსებობს, რომელიც კუს ნაბიჯებით, მაგრამ წინ მიიწევს, სოსო არჩვაძის თქმით, ეკონომიკური პარამეტრების გამოქვეყნებისას აფხაზეთის სტატისტიკა უტიფრად ტყუის. სტატისტიკის მიხედვით, ამ რეგიონის ეკონომიკა, დაახლოებით 700 მილიონ დოლარად ფასდება. "ეს ცოტა ღიმილის მომგვრელია. გამოდის, რომ საქართველოს მშპ მოსახლეობის ერთ სულზე მხოლოდ 15%-ით მეტია აფხაზეთის ანალოგიურ მაჩვენებელზე", - ამბობს სოსო არჩვაძე.
აქვე წერენ, რომ აფხაზეთის მშპ-ს 60% ვაჭრობაში იქმნება. შეიძლება ითქვას, რომ ვაჭრობა ენგურს აქეთ საქართველოს ეკონომიკისთვისაც ერთ-ერთი მოწინავე დარგია. მიუხედავად იმისა, რომ ყოველი ფეხის ნაბიჯზე სავაჭრო ობიექტებია, ჩვენთან ვაჭრობის წილი მშპ-ში 17-18%-ზე მეტი მაინც არ არის.
"წარმოიდგინეთ, ვაჭრობის როგორი ბუმი უნდა იყოს აფხაზეთში, რომ ეს დარგი მშპ-ში 60%-ს აღწევდეს. რა თქმა უნდა, ეს წარმოუდგენელია. ასევე აბსურდული ჩანაწერია, რომ მოსახლეობის შემოსავალი ერთ სულზე 3 ათას დოლარს შეადგენს", - ამბობს სოსო არჩვაძე.
მიუხედავად იმისა, რომ 2010 წლიდან აფხაზეთის ეკონომიკა მცირედით წინ მიიწევს, რეგიონის ბიუჯეტის 40-45% რუსეთიდან მიღებული ტრანსფერით ყალიბდება. ოფიციალური წყაროებით აფხაზეთის მოსახლეობა ხუთჯერ აღემატება ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას, თუმცა აბსოლუტური დახმარების მასშტაბები თითქმის თანაბარია. განსხვავება არის ის, რომ აფხაზეთის თვითგამოცხადებული მთავრობა, ცხინვალისგან განსხვავებით, ბიუჯეტს უფრო მკაცრად აკონტროლებს. რუსული დახმარების 1/3 მიიმართება ბიუჯეტის ხაზით, დანარჩენი გათვალისწინებულია საინვესტიციო პროექტებისა და სოციალური-ეკონომიკური გნვითარებისთვის. ამ შემთხვევაშიც აფხაზეთისთვის ნაჩუქარი რუსული ფული ჯამში, დაახლოებით 150-160 მილიონი დოლარია.
"ამ თანხის სანაცვლოდ რუსეთი აფხაზეთის მხრიდან იღებს პოლიტიკურ მხარდაჭერას და ლოიალობას იმის გათვალისწინებით, რომ "მუქთა ყველი მხოლოდ სათაგურშია". ეკონომიკის ზრდის გარკვეული ნიშნები არის, მაგრამ თავად ეს ეკონომიკა იქნება აბსოლუტურად არასაკმარისი და არაკონკურენტუნარიანი რომ არა რუსული დახმარება", - აღნიშნავენ ექსპერტები.
სინტერესოა ისიც, რომ საგარეო ვაჭრობის მონაცემების მიხედით აფხაზეთის საგარეო ვაჭრობის დაახლოებით 70% მოდის რუსეთის ფედერაციაზე. ამ რეგიონის დამოუკიდებლობის არაღიარების მიუხედავად, სავაჭრო ურთიერთობების 32% თურქეთზე ნაწილდება, დაახლოებით 4%-ზე ოდნავ მეტი დამალულია და ეს არის ენგურს აქეთ ვაჭრობის წილი. სხვადასხვა დროს ქართველმა ეკონომისტებმა, აფხაზ კოლეგებთან ერთად, წმინდა ეკონომიკური გათვლები განახორციელეს და დადგინდა, რომ 2012-13 წლებში, საშუალოდ, 20-30 მილიონი დოლარის ტვირთი გადაადგილდებოდა ენგურიდან აფხაზეთის მიმართულებით. ეს მონაცემები 2014 წელს უფრო მზარდი უნდა ყოფილიყო.
რაც შეეხება ცხოვრების დონეს. სეპარატისტული სტატისტიკა აჩვენებს, რომ მოსახლეობის შემოსავალი ერთ სულზე 3000 დოლარია, რაც თითქმის 90%-ის დონემზეა ენგურს აქეთ საქართველოს ანალოგიურ მაჩვენებელთან. ეს კი წარმოუდგენელი რამაა, ვინაიდან საქართველოში არსებული სოციალური მდგომარეობის მიუხედავად, მოსახლეობა ბევრად უკეთესად ცხოვრობს, ვიდრე სეპარატისტულ რეგიონში. აფხაზეთში მოსახლეობის თითქმის 70 პროცენტი უმუშევარია.
რაც შეეხება სამხედრო ხარჯს. რუსეთი აღიარებს, რომ ორივე რეგიონში 4000-4000 სამხედრო ჰყავს განლაგებული და არც იმას მალავს, რომ მისი სურვილი ორივე რეგიონში მძლავრი სამხედრო დაჯგუფებების შექმნაა. პერსპექტივაში თითოეულ რეგიონში 15 ათასმდე სამხედრო მოსამსახურის ჩაყვანა განიხილება.
"რუსეთს ორივე რეგიონში მძლავრი ბაზის შექმის პრეტენზია აქვს. რაც შეეხება სამხედრო ხარჯს, ზუსტი რიცხვის დასახელება ძნელია, მაგრამ თუ განვიხილავთ აფხაზეთსა და ცხინვალში მყოფი შეიარაღებული ძალების ხვედრითი წილის, ასევე სტოკჰოლმის განიარაღების ინსტიტუტის შეფასებებს, აღმოჩნდება, რომ რუსეთს ამ ტერიტორიის სამხედრო ინფრასტრუქტურის მოვლა და მისი კონტროლი სულ ცოტა 600-700 მილიონი დოლარი უჯდება", - ამბობს სოსო არჩვაძე.
აქედან გამომდინარე, დაახლოებით, 350-დან 500 მილიონ დოლარამდე ხარჯავს რუსეთი ამ ორი ტერიტორიის ხელისუფლებისა და მოსახლეობის ლოიალობის შესანარჩუნებლად. თავისი გეოსტრატეგიული და გეოპოლიტიკური ინტერესების რეალიზაციისთვის კი მოსკოვი დამატებით 600-700 მილიონ დოლარს აგზავნის. საერთო ჯამში, ორი სეპარატისტული რეგიონის შენახვა ყოველწლიურად 1-1,2 მილიარდ დოლარამდე ჯდება.
http://www.resonancedaily.com/index.php?id...3&id_artc=24382