ვალერიან გორგილაძე - IRI-ს კვლევის შედეგები ასახავენ არა რეალობას, არამედ IRI-ს სურვილებს, როგორ უნდა ფიქრობდეს საქართველოს მოსახლეობა- IRI-სა და NDI-ს კვლევების შედეგებს მე არ განვიხილავ, როგორც სუფთა სოციოლოგიას. ამ შემთხვევაში ეს ე.წ სოციოლოგიური კვლევა წარმოადგენს ჰიბრიდულ ტექნოლოგიას, რომლის მიზანსაც წარმოადგენს გარკვეული სოციალური რეალობის კონსტრუირება. ეს რეალობა, რომელსაც გვიხატავს ამ შემთხვევაში IRI, ეყრდნობა გარკვეულ ემპირიულ მონაცემებს, მაგრამ მე შემაქვს ეჭვი ამ მონაცემების ინტერპრეტაციაში.
მოკლედ და მარტივად რომ ვთქვათ, IRI-ს კვლევის შედეგები ასახავენ არა იმას, თუ რას ფიქრობს საქართველოს მოსახლეობა ამ თუ იმ საკითხებთან მიმართებაში, არამედ IRI-ს სურვილებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა ფიქრობდეს საქართველოს მოსახლეობა. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს საქმე პირდაპირ მცდელობასთან, განხორციელდეს საზოგადოებრივი აზრის მანიპულაცია და სასურველი განწყობების ფორმირება. ხდება პირდაპირი და საკმაოდ უხეში ჩანაცვლებები პოლიტიკური პარტიების რეიტინგებში. კვლავ მინდა დავაფიქსირო ჩემი მოსაზრება იმასთან დაკშირებით, რომ დღევანდელი ვითარება, რომელიც უკავშირდება ექსკლუზიურ უფლებას პოლიტიკურ სოციოლოგიაზე საქართველოში, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლევს.
აბსურდული და შეურაცხმყოფელია ვითარება, როდესაც სუვერენულ ქვეყანაში პოლიტიკური პარტიების, საზოგადოებრივი განწყობების და პრობლემატიკის კვლევის ჩატარებას, მონაცემების ინტერპრეტაციას, შედეგების პრეზენტირებას და საზოგადოებრივი დისკუსიის ინიცირებას ახდენენ სხვა ქვეყნების ორგანიზაციები. ეს არ ხდება არც ერთ ევროპულ ქვეყანაში, მსოფლიოშიც გამიჭირდება იმ ქვეყნების ჩამოთვლა, რომლებშიც პოლიტიკური პარტიების და ინსტიტუტების რეიტინგებს და ზოგადად, სოციალურ და პოლიტიკური დღის წესრიგს ადგენს უცხოური ორგანიზაცია.
ამასთან დაკავშირებით ვურჩევდი ქართულ მედიას, კვლევით და არასამთავრობო ორგანიზაციებს, პოლიტიკურ პარტიებს, რომ ბოლოს და ბოლოს მოხდეს ინდუსტრიული კომიტეტის დაფუძნება, რომლის ეგიდითაც და პატრონაჟითაც მოხდებოდა პოლიტიკური და სოციალური პრობლემატიკის, საზოგადოებრივი განწყობების და მოლოდინების, მათ შორის მედია პრეფერენციების კონსოლიდირებული კვლევა. მხოლოდ ამ ტიპის, ფართო საზოგადოებრივ კონსენსუსზე დაფუძნებული შეთანხმება მოუღებდა ბოლოს ამ საუბარს ვირტუალურ რეალობებზე, რომლის კონსტრუირებით არის დაკავებული ხან IRI და ხან კი NDI.
დანარჩენი აქ.....
http://www.interpressnews.ge/ge/interviu/3...osakhleoba.html