გადამზიდავი კომპანიები მთვარობას ფიზიკური პირებისათვის განსაბაჟებელ პროდუქციაზე ღირებულების ლიმიტის გაზრდას სთხოვენ
12:15 20.03.2015 გადამზიდავი კომპანიები მთვარობას ფიზიკური პირებისათვის განსაბაჟებელ პროდუქციაზე ღირებულების ლიმიტის გაზრდას სთხოვენ
საერთაშორისო გადამზიდავი კომპანიები ფიზიკური პირებისათვის განსაბაჟებელი პროდუქციის ღირებულების ლიმიტის გაზრდას ითხოვენ.
კომპანიები მიიჩნევენ, რომ განბაჟება 1000 ლარზე ზევით ღირებულების საფოსტო გზავნილებს უნდა შეეხოს და არა 300 ლარზე მეტი ღირებულების საქონელს, რასაც დღევანდელი კანონმდებლობა ითვალისწინებს.
შესაბამისი ინიციატივით კომპანია Camex.ge-მ ფინანსთა სამინისტროს რამდენიმე დღის წინ მიმართა. კომპანია კონკრეტულად საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის ცვლილებას ითხოვს.
შპს „კამარა ექსპრესის" ხელმძღვანელი გიორგი სეთურიძე „კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს, რომ ლარის გაუფასურების გამო მომხმარებელს დოლარსა და ევროში ნაყიდი საქონელი ისედაც უძვირდება, რასაც დაბეგვრის თანხაც ემატება.
შედეგად თუ ლარის გაუფასურებამდე, კლიენტს 160 დოლარის ღირებულების პროდუქცია შეეძლო გამოეწერა და არ დაბეგრილიყო, დღეს 120-125 დოლარის ღირებულების პროდუქციის შეძენა შეუძლია დაუბეგრავად. აღნიშნულიდან გამომდინარე სეთურიძე ამბობს, რომ ლარის დევალვაციის გამო ინტერნეტ გამოწერები 25%-ით შემცირდა.
კომპანიის ხელმძღვანელი მეორე ფაქტორზეც ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, ამ მიმართულებით ორმაგი სტანდარტი მუშაობს, რადგანაც ადამიანს, რომელიც საყიდლებზე უცხოეთში მიდის და უკან 1000-2000 ევროს ღირებულების საქონლით ბრუნდება არავინ ბეგრავს.
„ამასთან, დღეს ჩვენი კანონი ვერ ებრძვის იმ იმპორტიორებს, რომლებსაც სინამდვილეში ბიზნესის კეთების მიზნით შემოაქვთ საქონელი. მას შეიძლება შემოაქვს 150 დოლარის საქონელი ერთჯერადად, მაგრამ ამას თვეში აკეთებს 20-ჯერ",- აცხადებს სეთურიძე და აღნიშნავს, რომ ასეთი ტიპის შემომტანებისთვის თვიური ლიმიტი უნდა დაწესდეს, როგორც ეს მეზობელ ქვეყნებშია.
Camex.ge-ს ხელმძღანელი ამბობს, რომ ასეთი ლიმიტის გადაცილების შემდეგ იმპორტიორები ჩვეულებრივი წესით უნდა დაიბეგრონ.
„როდესაც საქართველოში ასეთი სიდუხჭირეა, მოსახლეობას უნდა მიეცეს საშუალება, რომ ხარისხიანი ნივთები შედარებით იაფად შეიძინოს საზღვარგარეთ, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ თავისი ხელით არ შემოაქვს, არ დაიბეგროს იმ გადასახადით, რა გადასახადითაც ახლა ბეგრავენ",- აცხადებს სეთურიძე.
რაც შეეხება მეზობელი ქვეყნების პრაქტიკას, მისი ინფორამაციით, აზერბაიჯანში განსაბაჟებელი პროდუქციის ღირებულების ლიმიტი დაახლოებით 960 ამერიკული დოლარის ეკვივალენტს, რუსეთში კი 1000 დოლარის ეკვივალენტს შეადგენს.
„კომერსანტი" ამ საკითხთან დაკავშრებით კიდევ ერთ გადამზიდავ კომპანია „A-manati.ge"-საც დაუკავშირდა, სადაც ვრცელი კომენტარი არ გაუკეთებიათ. კომპანიაში განაცხადეს, რომ ინიციატივას განსაბაჟებელი პროდუქციის ღირებულების ლიმიტის გაზრდასთან დაკავშირებით მხარს უჭერენ, თუმცა ნაკლებად შესაძლებლად მიაჩნიათ, რომ კანონში შესაბამისი ცვლილება შევიდეს.
რაც შეეხება „usa2georgia"-ს კომპანიაში ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ. თუმცა, ამ გადამზიდავ კომპანიაშიც ადასტურებენ, რომ ლარის გაუფასურებამ შეკვეთებზე გავლენა მოახდინა.
ავტორ(ებ)ი : სალომე მეცხვარიშვილი
წყარო:
LINKესე რო გახდეს რაჯობია ამას მაგრამ, რაღაც არამგონია
This post has been edited by TGroup on 20 Mar 2015, 22:08
Good design Is good business. - Thomas Watson Jr.