კიევში, ბასარაბსკის მოედანზე ავტომობილის აფეთქების დროს თემურ მახაური დაიღუპა. „112 უკრაინას“ ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის შსს-ს კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა არტიომ შევჩენკომ განაცხადა.
„დღეს, ავტომობილი აფეთქდა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა. ეს არის ადამიანი, რომელიც გარდაიცვალა, ქალი, რომელიც მძიმედ დაშავდა და ექიმები მისი ჯანმრთელობისთვის იბრძვიან და ბავშვი, რომელიც გადარჩა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - აღნიშნა შევჩენკომ.
მან თავდაპირველად დაადასტურა, რომ მანქანაში გარდაცვლილის მეუღლე იმყოფებოდა. თუმცა, მოგვიანებით აღნიშნა, რომ არ არის მზად დანამდვილებით თქვას, არის თუ არა ქალბატონი გარდაცვლილის მეუღლე და ამას გამოძიება დაადგენს.
„წინასწარი ინფორმაციით, ამოქმედდა ასაფეთქებლი მოწყობილობა, რომელიც ავტომობილში იყო დამონტაჟებული. გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეა. მისი ვინაობა დადგენილია, მაგრამ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ გავასაჯაროებ“, - განაცხადა შსს-ს წარმომადგენელმა. თუმცა, ჟურნალისტების დაჟინებული თხოვნით, მან გარდაცვლილის ვინაობა დაასახელა.
„ეს პირი კრიმინალურ წრეებში ცნობილია და ჰქვია თემურ მახაური. მას ჰქონდა მჭიდრო კონტაქტები სხვადასხვა ჩეჩნურ წრეებთან. წელს ის უკრაინაშიც იყო დაპატიმრებული, მაგრამ საპროცესო გარიგების საფუძველზე გათავისუფლდა. მას ბრალად ედებოდა, თუ არ ვცდები, იარაღის უკანაონოდ შენახვა. მან სასამართლოში დანაშაული აღიარა და 5-წლიანი პატიმრობა შეეცვალა სამი წლით. მაშინ მისი თანდასწრებით ამოიღეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, რომელშიც ეწერა, რომ შეიხ მანსურის ბატალიონის წევრი იყო“, - განაცხადა შევჩენკომ.
თემურ მახაური რუსლან პაპასკირის და ჩეჩენი ალი დაბუევის სახელითაც არის ცნობილი.
არსებული ინფორმაციით, კიევში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილი რუსლან პაპასკირი, მეტსახელად „ზონაა“.
რუსლან პაპასკირის გვარი რამდენიმე გახმაურებულ ინციდენტში ფიგურირებს. 2012 წელს სტამბულში ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად ჩეჩნეთიდან თურქეთში არალეგალურად გადასული 6-კაციანი ჯგუფი დააკავეს, რომელსაც ქართველი რუსლან პაპასკირი ხელმძღვანელობდა. ამის შესახებ თურქული მედია წერდა.
თურქული მედიის ინფორმაციით, ჯგუფის წევრებს ბრალი ედებოდათ სტამბულში რამდენიმე ჩეჩენი საველე მეთაურის მკვლელობაში. გავრცელებული ცნობების თანახმად, ჯგუფის ხელმძღვანელი სწორედ ქართველი რუსლან პაპასკირი, მეტსახელად "ზონა" და "აჩრდილი" იყო.
ჯგუფის წევრები შენიღბვის მიზნით პარიკებს ატარებდნენ. მაშინ ეჭვმიტანილთა დაკავებისას ამოიღეს იარაღით სავსე რამდენიმე ჩემოდანი. პაპასკირს თან აღმოაჩნდა ქართული პირადობის მოწმობა, რომელიც თურქული მხარის განცხადებით, სავარუდოდ, ყალბი იყო.
მედია მაშინ წერდა, რომ დაკავებულები, სავარაუდოდ, რუსული სპეცსამსახურების მიერ ბერლინში შექმნილი ე.წ. სალიკვიდაციო ქსელის წევრები იყვნენ. თურქული მედია იმის შესახებაც იუწყებოდა, რომ პაპასკირის სახელი ასევე ფიგურირებდა 2011 წლის 10 ოქტომბერს თურქეთში ლტოლვილი ჩეჩენი მუფტის, ჩეჩნეთის შარიათის სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, შამსუდინ ბატუკაევის მკვლელობის მცდელობის საქმეში.
Stargazete-ს მიერ გავრცელებული ცნობებით კი, პაპასკირი 2009 წელს "კავკასიის იმარათის" წარმომადგენლის ალი ოსაევის მკვლელობაშიც იყო გარეული.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ გავრცელებული ცნობების მიხედვით კი, რუსლან პაპასკირის სახელი არც ქართული სამართალდამცავებისთვისაა უცხო. კერძოდ, პაპასკირის სახელი 2012 წლის 28 აგვისტოს ლოპოტას ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებითაც ფიგურირებდა. საინფორმაციო ცენტრის ცნობებით, ერთ-ერთმა ვაჰაბიტმა მათთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ სპეცოპერაციის შესახებ ქართული მხარიდან სწორედ "ზონას" ჰქონდა ინფორმაცია. პაპასკირის სახელი ასევე ფიგურირებს 2010 წელს, თბილისში, ვაჟა-ფშაველაზე მომხდარ აფეთქებაშიც, სადაც, სავარაუდოდ, ამჯერად თავად პაპასკირის მკვლელობის მცდელობას ჰქონდა ადგილი, თუმცა ის უკანასკნელი მხოლოდ მსუბუქად დაიჭრა.
დღეს საღამოს, კიევში, ავტომანქანის აფეთქების შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, ჩეჩენი ეროვნების მძღოლი გარდაიცვალა, რომელიც ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში, დონბასში მსახურობდა. ამის შესახებ 112 Украина-ს პირმა განუცხადა, რომელიც მედიასაშუალებას გაეცნო, როგორც დაშავებულის ახლობელი.
„აქ არის დაშავებულის ბიძაშვილი, მანქანაში იმყოფებოდა თემურ მახაური. ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან. ის ჩეჩენი იყო. მანქანას ქართული ნომრები ჰქონდა“, - აღნიშნა მოსაუბრემ.
თემურის მეგობარმა, ლეონიდემ განაცხადა, რომ მისი აზრით მომხდარში რუსული კვალია. „ის იყო ჩეჩენი ან საქართველოს მოქალაქე - არ ვიცი. მანქანას ქართული ნომრები ჰქონდა. ის ჩვენიანი იყო. უკრაინისთვის იბრძოდა. ვფიქრობ, რუსეთის კვალია“, - განაცხადა მან.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, კიევში ავტომანქანის აფეთქების შედეგად, ერთი ქალი დაშავდა, რომელთან ერთად მცირეწლოვანი ბავშვიც იმყოფებოდა.
უკრაინაში გარდაცვლილი მამაკაცი, რუსლან პაპასკირი, მეტსახელად ”ზონა” რამდენიმე გახმაურებულ საქმეში ფიგურირებდა.
კერძოდ, გაზეთ ”კვირის პალიტრის” ინფორმაციით, "ზონა", იგივე რუსლან პაპასკირი, იგივე თემურ მახაური, 2012 წლის ნოემბერში თურქმა სამართალდამცავებმა დააკავეს. მისმა სახელმა ლაფანყურის ოპერაციის საქმეშიც გაიჟღერა. გამოცემის ცნობით, როგორც ქისტები პირად საუბრებში ამბობდნენ, მეომრების რეკრუტირებასა და მომზადებაში ზელიმხან ხანგოშვილის - "დიშნას" გარდა, "ზონაც" იყო ჩართული.
ამასთან, "ზონას" სახელი ფიგურირებდა სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, გია დგებუაძის, იგივე "მასტერას" საქმეშიც".
”2007 წელს ქართველი მილიარდერის ბადრი პატარკაციშვილის პოლიტიკურ პროცესებში ჩართვამ იმდროინდელ ხელისულებას მოსვენება დაუკარგა. ქართველმა სპეცსამსახურებმა გადაწყვიტეს, თავიდან მოეშორებინათ აბეზარი ბიზნესმენი. საქმეში გარკვევა და ბოლომდე მიყვანა, ამჯერადაც ”მასტერას” მიანდეს. მან მსგავსი საქმეების უბადლო ოსტატი უვაის ახმადოვი გაიხსენა. ისინი ერთმანეთს სავარაუდოდ, დუბაიში შეხვდნენ.
ცხრა ძმა ახმადოვს ჩეჩნეთში ყველა იცნობდა. ომის დროს საველე მეთაურები იყვნენ, მშვიდობიანობის დროს კი ადამიანების გატაცებაში ბადალი არ ჰყავდათ. დადიოდა ლეგენდები, რომ მათ შეეძლოთ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან გაეტაცებინათ ნებისმიერი რაოდენობის ადამიანი. ომსა და კრიმინალურ გარჩევებს ცოცხალი ორი ძმა გადაურჩა. ისინი 2001-2003 წლებში პანკისის ხეობაში ანტიტერორისტული ცენტრის ქოლგის ქვეშ მშვიდად აგრძელებდნენ ჩვეულ საქმიანობას.
”მასტერა”-ახმადოვის მოლაპარაკებებისას დასახელდა კიდეც პატარკაციშვილის კილერის კონკრეტული გვარი - ეს რუსლან პაპასკირი ("ზონა") უნდა ყოფილიყო, რომელიც მაშინ სტამბოლში დოკუ უმაროვის თანამოაზრეებზე ნადირობდა. შესაჯერებელი იყო მკვლელობის დეტალები, აჯობებდა, მკვლელობა ჰაერში მომხდარიყო. თითქოს ყველაფერზე შეთანხმდნენ, მაგრამ მოულოდნელად ახმადოვმა საქმეზე უარი თქვა”, - წერდა გამოცემა.
გაზეთის ჟურნალისტის, ნინო ბურჭულაძის ინფორმაციით, კი ”ზონა” ჩეჩნეთიდან თბილისში 2005-2006 წლებში გამოჩნდა.
”ძირითადად საქმიანობდა თბილისში. 2010 წელს, ვაჟა-ფშაველაზე, საცხოვრებელ სახლთან ხელყუმბარა აუფეთქეს და დაშავდა. ამ ინციდენტის მიზეზად თავის დროზე, შიდა კლანური გარჩევები დასახელდა იმიტომ, რომ რუსლან პაპასკირი გარკვეულ ჩეჩნურ წრეებში საკმაოდ გავლენიან პირად მიიჩნეოდა. მოგვიანებით, 2012 წლის ნოემბერში ის დაკავეს სტამბოლში, ბრალად ედებოდა გავლენიანი ჩეჩენი სულიერი ლიდერის მკვლელობა, ის იჯდა კიდევაც სტამბოლის ციხეში. როგორც მოგვიანებით გამოძიებამ დაადგინა, მას მკვლელობა არ ჩაუდენია, რადგან როგორც ვიცი, იმ დროისთვის საქართველოში იმყოფებოდა. ბრალდების ვერ დამტკიცების გამო, 2016 წლის ზაფხულში ციხიდან გამოუშვეს. ის პირდაპირ უკრაინაში წავიდა და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, გარკვეული ურთიერთობა ჰქონდა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის იმჟამინდელ მოადგილესთან, გია ლორთქიფანიძესთან. პაპასკირი უკრაინაში ძირითადად ჩეჩნურ დიასპორაში ტრიალებდა”, - წერს ნინო ბურჭულაძე.
შეგახსენებთ, კიევში, ბასარაბსკის მოედანზე ავტომობილის აფეთქების დროს თემურ მახაური, მეტსახელად ”ზონა” დაიღუპა.
http://www.interpressnews.ge/ge/samartali/...igurirebda.html