ბათუმში ოქტომბერში ახალი სტადიონის მშენებლობა დაიწყება. სტადიონი 20 ათას ადამიანზეა გათვლილი და 2017 წელს დასრულდება. აჭარაში სპეციალურად შექმნილმა კომისიამ, გამარჯვებული ცოტა ხნის წინ გამოავლინა. ეს ესპანური კომპანია IBERPROTEX-ია, რომელსაც თავის დროზე საქართველოში ქუთაისის პარლამენტი, ბათუმში ანბანის კოშკი და თბილისში, გმირთა მოედანზე, მემორიალი აქვს დაპროექტებული. საინტერესოა, როგორც გაიმარჯვა აღნიშნულმა კომპანიამ, რომლის მთავარი ლობი თავის დროზე ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი იყო. თანაც მთავარი ის არის, რომ IBERPROTEX-ს არასდროს დაუპროექტებია სტადიონი, რომელიც კონკურსში ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო. კონკურსში მონაწილე კიდევ ერთ პოლონურ კომპანიას აჭარის ეკონომიკის სამინისტროსთან კითხვები აქვს, რომელზეც პასუხები ჯერ ვერ მიიღო. ესპანურ კომპანიასთან კი ხელშეკრულების დადება ორშაბათს იგეგმება.
Iberproexenginereering&projectmanagement – ეს არის ესპანური კომპანიის სრული სახელი, რომელმაც, მას შემდეგ, რაც ბათუმის სტადიონის პროექტი მოიგო, საკუთარი ოფიციალური ვებ-გვერდიდან, ქუთაისის პარლამენტის პროექტი გააქრო. საიტიდან გაქრა ასევე ინფორმაცია ქუთაისის პარლამენტის პროექტის ღირებულების შესახებ, რომელიც 16 მილიონი დაჯდა, მათივე ინფორმაციით.
ინტერნეტში არ მოიძებნა არც ერთი სპორტული სტადიონის პროექტი, რომელიც აღნიშნულ ესპანურ კომპანიას აქვს გაკეთებული. კონკურსის მოთხოვნა კი მონაწილე კომპანიას მინიმუმ ხუთწლიანი გამოცდილება ჰქონოდა.
პოლონურმა კომპანია „პერბომ“ აჭარის ეკონომიკის სამინისტროში ოფიციალური წერილი ერთი კვირის წინ გაგზავნა, სადაც ისინი ესპანური კომპანიის კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე ინფორმაციას ითხოვენ. გარდა ამისა, კიდევ იყო რამდენიმე მოთხოვნა, რომელზეც პასუხი აჭარიდან პოლონეთში ჯერ არ მიუღიათ, ამის პასუხად კი პოლონელებს ეცნობათ, რომ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვისთვის მათ ორი ლარი ჰქონდათ გადასახდელი.
http://primetimenews.ge/%E1%83%9B%E1%83%98...83%98%E1%83%90/