სიბრიყვიდან მავნებლობამდე, ანუ 2015 წლის საპირველაპრილო საკანონმდებლო ცვლილებები საქართველოს სამაუწყებლო სივრცეში
ძალიან მიყვარს სიტყვა - მამულიშვილებო !
ამიტომაც, ამ სიტყვებით მინდა დავიწყო ჩემი გზავნილი - მოგესალმებით მამულიშვილებო!
არ მიყვარს უკიდურესი აუცილებლობის გარეშე რაიმე მიმართვის გაკეთება და საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოხვედრა, და ამას ერთადერთი მიზეზით ვხსნი, დაახლოებით ცხრა წლის წინ ავირჩიე ჩემი ცხოვრებისეული გზა და ცხოვრება დავუკავშირე იდეოლოგიას,
სახელწოდებით "ეტალონი!"
საზოგადოებაში მიმდინარე მოვლენებზე მაქვს ჩემი მოსაზრებები, მაგრამ ამ მოსაზრებების გამჟღავნებაზე უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნდა უბრალოდ მეკეთებინა სოციალურ-საგანმანათლებლო მედიაპროექტი "ეტალონი" და საქართველოს ყველა კუთხეში მომობნეული ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის საკუთარი თავის რწმენა და სითამამე ჩამენერგა.
ამაგდარი პედაგოგებისთვის კი ჩემი პატივისცემა დამედასტურებინა და პროექტის პრინციპების ახსნით, მოსახლეობაში თანამოაზრენი მომეძებნა.
სწორედ ამ მიზნით, 2014 წლის შემოდგომაზე - 46, ხოლო 2015 წლის 31 მარტისთვის - 17 შეხვედრა გავმართე საქართველოს ყველა რეგიონში (მალე ყველა მუნიციპალიტეტს მოვივლი).
შეხვედრები იყო ძალიან ამაღელვებელი და ყველა მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მმართველობა, თვითმმართველობა და რესურსცენტრ(ებ)ი დამეთანხმება, რომ გადაჭედილი დარბაზიდან ადამიანებს 1-საათიანი რეგლამენტირებული შეხვედრის შემდეგ წასვლა არ უნდოდათ (იხილეთ ფოტოები) . . .
და ამის მიზეზი ძალიან მარტივია, მიმაჩნია, რომ ინფრასტრუქტურული და სხვა პროექტების განხორციელების გარდა, საქართველოს მომავალი გადარჩენისა და გაბრწყინების გზა ნიჭიერი ახალგაზრდების სისტემურ მოტივირებასა და წახალისებაზე გადის . . .
სწორედ ამას ემსახურება "ეტალონი" და სამწუხაროდ, ის ამ მიმართულების ერთადერთი მედია-პროექტია ქართულ მედიასივრცეში . . .
სხვათაშორის, ახალგაზრდების მოტივირებას როცა ვახსენებ, აქ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ძალიან მნიშვნელოვანია უფროსებისგან პირადი მაგალითის მიცემა და ამიტომაც, საკუთარი თავისთვის დაწესებული უამრავი შეზღუდვის გარდა, დიდი ხანია ჯანსაღი ცხოვრების წესს მივდევ და ყველა შეხვედრაზე განათლებასთან ერთად, სპორტის პოპულარიზაციასაც ვეწევი . . .
ჩემო მამულიშვილებო, ახლა კი იმ დაუჯერებელი ამბის შესახებ მინდა მოგითხროთ, რამაც გადამაწყვეტინა თქვენი ყურადღება მიმეპყრო - საქართველოს პარლამენტმა მიმდინარე წლის მარტის დასაწყისში მიიღო კანონი, რომელიც 12 მარტს გამოქვეყნდა:
საქართველოს კანონი "მაუწყებლობის შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებების შესახებ, რომელიც 2015 წლის 1 აპრილიდან ამოქმედდა.
გასაოცარია, რომ აღნიშნული კანონის ამ სახით და ასე ნაუცბათევად მიღება, არანაირ აუცილებლობას არ წარმოადგენდა, თუმცა კომიტეტის თავმჯდომარე ამას ევროკავშირის მოთხოვნით ასაბუთებდა (ასეთი მოთხოვნა, ნაუცბათევად მიიღეთ კანონიო, ევროკავშირის მოთხოვნებს შორის ნამდვილად არ არსებობს).
ჩვენი პროექტის პროფესიონალი თანამშრომლები კანონპროექტით თავიდანვე დაინტერესდნენ და შესაბამის კომიტეტს და დეპუტატებს დაუღალავად ვწერდით და ვუსაბუთებდით, რომ ამ კანონის ასე უცბად მიღება არ იქნებოდა გამართლებული, ჩვენც დაგვაზარალებდა, აუცილებლად ხელს შეუშლიდა ბიზნესის განვითარებას და ერთ-ერთი ტელეკომპანია წლის ბოლოს კიდევ უფრო გაძლიერდებოდა.
ვითხოვდით კანონპროექტის განხილვისას ჩვენ მიწვევას და უბრალოდ მოსმენას მაინც. . . . თავი რომ არ შეგაწყინოთ,
პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ დეპუტატების აბსოლუტურ უმრავლესობას კანონპროექტი წაკითხულიც კი არ აქვს - გააზრებაზე ზედმეტია საუბარი. . . .
ვითვლიდით სხვადსხვა ვერსიას, მაგრამ სიბრიყვეს (თუნდაც შინაურისას) ვერ გათვლი და საბოლოოდ მივიღეთ ასეთი მავნებლური შედეგი - სოციალურ-საგანმანათლებლო მედიაპროექტი"ეტალონი", რომელიც თვალნათლივ ჩანს, რომ ქვეყანას სჭირდება და სახელმწიფო ხელს უნდა უწყობდეს, საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხის ეთერით ვეღარ გავა . . .
ამიტომაც, ამჟამად მოვძებნეთ ასეთი გამოსავალი:
I. "ეტალონის" ჩაწერები კვლავაც გაგრძელდება მუნიციპალიტეტებთან შეთანხმებული გრაფიკით;
II. "ეტალონი" კვლავაც ჩაიწერება "საზ. მაუწყებლის" სტუდიაში (გაგებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა მინდა მოვახსენო "საზ. მაუწყებლის" უკლებლივ ყველა თანამშრომელს, მათ შორის გენ. დირექტორს გიორგი ბარათაშვილს);
III.
"ეტალონი" ეთერში გავა ტელეკომპანია "ობიექტივის" ეთერში ჩვეულ დროს: ყოველ შაბათს 19:00 საათზე და მეორე დღეს (კვირა) რამდენჯერმე გამეორდება.
ასეთი თანადგომისთვის მადლობა მინდა მოვახსენო ირმა ინაშვილსა და მის გუნდს, რომლებმაც უპირობოდ, ყოველგვარი წინასწარი პირობების წამოყენების გარეშე დაგვითმეს ეთერი და დაგვაიმედეს კიდეც, რომ შემოდგომიდან "ობიექტივი" მთელი საქართველოსთვის კიდევ უფრო მეტად პატივსაცემი არხი გახდება.
IV. "ეტალონი" ყოველკვირეული გადაცემა (I; II და III ტური) განთავსდება რეგიონული მმართველობისა და თვითთმართველობის განვითარების ხელშემწყობ პოპულარულ საიტზე www.etanews.ge
V. ყველაზე ეროვნული სოციალურ-საგანმანათლებლო იდეოლოგიის მატარებელი მედიაპროექტი "ეტალონი" კვლავაც განაგრძობს თანამშრომლობას ტრადიციულ სპონსორებთან და სხვა კომპანიებსაც და ბიზნესმენებსაც მოუწოდებს ითანამშრომლონ "ეტალონთან."
VI. "ეტალონი" კვლავაც განაგრძობს თანამშრომლობას სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან;
VII. "ეტალონი" მოუწოდებს საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას, კანონის ფარგლებში მხარში დაუდგეს სოციალურ-საგანმანათლებლო მედიაპროექტს, რადგან დღეს საქართველოში შექმნილი სოციალურ-ემოციური ფონი "ეტალონის" გაჩერებით ნამდვილად გაუარესდება;
VIII."ეტალონი" მოუწოდებს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს, მიიღოს ისეთი საკანონმდებლო ცვლილებები, რომ საქართველოს სატელევიზიო სივრცეში გაჩნდეს საგანმანათლებლო, სამეცნიერო, სპორტული, კულტურის, ეროვნული ფოლკლორის პოპულარიზაციისა და ხელშემწყობი გადაცემები.
. . .
და ბოლოს ხშირად მეკითხებიან, თუ რას ვფიქრობ საქართველოში შექმნილ მდგომარეობაზე - ჩემი აზრით, საქართველოში ყველა რგოლის თანამდებობაზე მყოფი ადამიანი მამულიშვილობით (ანუ სახელმწიფოებრივი აზროვნებით) და პროფესიონალიზმით უნდა გამოირჩეოდეს. დღეს ორივეს დეფიციტია.
"ეტალონი" მამულიშვილების და პროფესიონალების წარმოჩენასა და აღზრდას ემსახურება, ამიტომაც მოგიწოდებთ მხარში დაგვიდგეთ. მომავალში კი ვისურვებდი, რომ შემთხვევითი ადამიანები ხელისუფლებაში თუნდაც არჩვენების გზით (განსაკუთრებით პარლამენტში) აღარ მოსულიყვნენ და აუცილებლად ყოფილიყვნენ მამულიშვილები!
მომავალ შეხვედრამდე მამულიშვილებო!
გოჩა ტყეშელაშვილი
ხშირად მეკითხებიან, თუ რას ვფიქრობ საქართველოში შექმნილ მდგომარეობაზე - ჩემი აზრით, საქართველოში ყველა რგოლის თანამდებობაზე მყოფი ადამიანი მამულიშვილობით (ანუ სახელმწიფოებრივი აზროვნებით) და პროფესიონალიზმით უნდა გამოირჩეოდეს. დღეს ორივეს დეფიციტია.
http://1.etanews.ge/sazogadoeba/11110-sibr...-sivrceshi.html