#44250248 · 7 Apr 2015, 01:04 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჩემი მწირი ცხოვრებისეული გამოცდილებით, ადამიანთა უმრავლესობა ყოველთვის ცდილობს რაღაც ფორმით სიმდიდრის დაგროვებას. ვიღებთ განათლებას, ვკითხულობთ წიგნებს, ვიმაღლებთ კვალიფიკაციასა და პროფესიონალიზმს, ვაკეთებთ დანაზოგებს, ვმოგზაურობთ, ვხდებით გარკვეული გაერთიანებების წევრები, ვიღაცის ან რაღაცის ფანები, რათა ჩვენს ინდივიდუალურობას დამატებითი უნიკალური და მიმზიდველი შტრიხები შევძინოთ.
ამასვე გვკარნახობს თანამედროვე ცხოვრების სწრაფი ტემპი - გინდა თუ არა იყავი აქტიური, საზოგადოებრივ მოვლენებში ჩართული, განვითარდი, დრო არ დაკარგო, გააფართოვე სანაცნობო წრე, იყავი ცნობადი და ა.შ. თავისთავად ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ პირადად ჩემთვის ასეთი მოწოდებები მიუღებელია, რადგან მგონი ამ დროს პირად თავისუფლებას ვკარგავთ და ხშირ შემთხვევაში, განვითარებისა და თვალსაწიერის გაფართოების ნაცვლად, შეიძლება ჩვენდა უნებურადაც, ჩვენი პიროვნების ირგვლივ თითქოს გალავანს აღვმართავთ და გზას ვუღობავთ მათ, ვისაც ჩვენთან ურთიერთობა უნდა, ან პირიქით, ჩვენ გვინდა მათთან ურთიერთობა. მოკლედ, ზომიერებას ვერ ვიცავთ და ხშირად ჩვენვე წარმოვქმნით ხოლმე ხიდჩატეხილობის პრობლემას, ამპარტავნები ვხდებით და გულწრფელი, უშუალო ურთიერთობის, ჩვენი თავის უანგაროდ გაზიარების უნარს ვკარგავთ.
ალბათ საქართველოში ბევრს არ აქვს იმის საშუალება, რომ სულიერი სამყაროს გამდიდრებაზე იზრუნონ, განა ეზარებათ, უბრალოდ არახელსაყრელ გარემოში უწევთ არსებობა. ამიტომ რა თვისებები უნდა განავითარონ ამ ადამიანებმა, საპირისიპირო სქესისთვის მიმზიდველები და სასურველები რომ გახდნენ? თქვენ რომ არჩევანის წინაშე იდგეთ, მდიდარ სულიერ სამყაროს მიანიჭებდით უპირატესობას თუ გარკვეულ ქმედებაში გამოხატულ ურთიერთობისთვის მზადყოფნას (თავგანწირვას, ერთგულებას)? ცხადია, ერთი მეორეს არ გამორიცხავს და არც კომპრომისზეა საუბარი, მაგრამ თქვენი აზრით, როდესაც რამდენიმე ადამიანი მოგწონს და გადაწყვეტილების მიღება გიჭირს, ვიზე უნდა გააკეთო სამართლიანი არჩევანი, ანუ ვინ უფრო იმსახურებს ურთიერთობას? მეორე კითხვაც მაქვს - იმის იმედით, რომ მომავალი ურთიერთობა ორივეს გჭირდებათ, ორივესთვის კარგი იქნება და ყველაფერი თავისთავად გამოსწორდება, თვალი უნდა დახუჭო ადამიანის ზოგიერთ დროებით სულმოკლეობაზე (თავის დაფასება და ა.შ.) და შენ უჩვენო სულგრძელობის მაგალითი, თუ პრინციპული უნდა იყო და მეორე შანსი არ მისცე? შეიძლება ძალიან გაუგებრად ჩამოვაყალიბე აზრი, მაგრამ ვისაც გამოუცდია, მიხვდება რასაც ვგულისხმობ.
|