აგორა ფინანსები - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, 2015 წლის მარტის თვეში ქვეყანაში რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების რაოდენობამ 4 465 ერთეული შეადგინა, რომელთა შორის 96.2% სამეწარმეო სუბიექტია, ხოლო 3.8% - არასამეწარმეო სუბიექტი.
2015 წლის მარტის თვეში წინა თვესთან შედარებით გაიზარდა როგორც სამეწარმეო სუბიექტების (7.4%-ით), ისე არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა (27.8%-ით). განსხვავებული ტენდენცია დაფიქსირდა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით: მარტის თვეში რეგისტრირებული სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 6.1%-ით შემცირდა, ხოლო არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 14.9%-ით გაიზარდა.
ამ წლის მარტის თვეში ბიზნეს სუბიექტთა უმეტესობა დარეგისტრირდა ინდივიდუალური მეწარმის (2 442 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 54.7%) და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (1 690 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 37.8%) სახით. ამავე თვეში ქვეყანაში დარეგისტრირდა: 168 არასამეწარმეო იურიდიული პირი, 150 კოოპერატივი, 9 უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, 4 სააქციო საზოგადოება და 2 უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი.