საქართველოში მანქანების რაოდენობამ 1 მილიონს გადააჭარბა
საქართველოში ავტომობილების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა და 1 მილიონს გადააჭარბა. 2014 წლის მდგომარეობით, მათი რიცხვი 960 000-ს შეადგენდა. გამოდის, რომ ყოველ მეოთხე ადამიანს მანქანა ჰყავს და 1 ოჯახში მინიმუმ 1 მანქანა მაინც არის.
3 წლის წინათ საქართველოს მასშტაბით 806 000 ავტომობილი იყო რეგისტრირებული, ხოლო 2011 წელს მათი რაოდენობა 745 000-ს არ აღემატებოდა. 2012 წლიდან მოყოლებული, ავტომობილების შეძენის მსურველების რაოდენობამ ქვეყანაში 6%-ით მოიმატა.
2010 წელს საქართველოში 693 ათასი მანქანა მოძრაობდა, ხოლო 2009 წელს - 647 ათასი. 2008 წელს რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა 603 ათასს არ აჭარბებდა, ხოლო 2007 წელს 517 ათასს არ აღემატებოდა.
სტატისტიკურ-ანალიტიკური კვლევით, რომელიც შსს-მ დაახლოებით წელიწადნახევრის წინ ჩაატარა და 2012 წლის მდგომარეობას ასახავს, ავტოპარკის 60,9%-ს მსუბუქი ავტომანქანები შეადგენდა, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი (90,9%) 2004 წლამდეა წარმოებული, თუმცა იზრდება 3 წლამდე ასაკის ავტო-მოტო ტრანსპორტის რაოდენობა.
არსებული მონაცემებით, ავტოპარკის 40% თბილისშია თავმოყრილი. ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ინფორმაციით კი, ამ ეტაპზე სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა ბოლო 7 წელიწადში ნახევარი მილიონი ავტომობილით არის გაზრდილი.
ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი მიიჩნევს, რომ მანქანების რაოდენობის ზრდა არასწორი პოლიტიკის შედეგია. ქვეყანამ ალტერნატიულ საშუალებებს უნდა მიმართოს, კერძოდ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოპულარიზაციას შეუწყოს ხელი, რაც მისი ვარაუდით, ქვეყანაში კერძო ავტომობილებზე მოთხოვნას საგრძნობლად შეამცირებს.
მესხიშვილის აზრით, საქართველოში ავტომობილების რაოდენობა ქაოტურად იზრდება და ხელისუფლება ვერანაირ რეგულაციას ვერ აწესებს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
"ავტომობილების მზარდი ტემპი, ერთი შეხედვით, შესაძლოა, კარგი იყოს, მაგრამ რეალურად სერიოზულ პრობლემასთან გვაქვს საქმე. საქართველოში ავტომობილს ყიდულობს ყველა, სჭირდება თუ არ სჭირდება. ეს ხდება იმიტომ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არასწორად ვითარდება.
რაღაც ზომებს უნდა მივმართოთ, რომ საქართველოში ავტომობილებზე მოთხოვნის არნახული ზრდა შეჩერდეს. როდესაც ოჯახში 4 ავტომობილი ჰყავთ, მოძრაობის განტვირთვაზე საუბარიც ზედმეტია. საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების გარდა, მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ეკონომიური ავტომობილების პოპულარიზაციაც", - დასძენს მესხიშვილი.
ავტოექსპერტი, ჟურნალ "ავტობილდის" რედაქტორი შალვა ბუაჩიძე ფიქრობს, რომ საქართველოში ავტომანქანების რაოდენობა უახლოეს რამდენიმე წელიწადში კიდევ მოიმატებს, მაგრამ ის პრობლემას ვერ ხედავს. ბუაჩიძე თვლის, რომ ქაოსური მოძრაობის საკითხი ურბანისტების აქტიური ჩარევით უნდა მოგვარდეს.
"საზოგადოებრივ ტრანსპორტს რაც უნდა პოპულარიზაცია გაეწიოს, ავტომობილებზე მოთხოვნას ვერ შეამცირებს. გარკვეულწილად, მოაგვარებს მოძრაობის პრობლემას, როგორც ეს ევროპულ ქვეყნებშია, მაგრამ მოკლევადიან პერსპექტივაში ამით შედეგის მიღწევა წარმოუდგენელია.
ჩვენი მენტალიტეტიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოპულარიზაციას ეჭვით ვუყურებ. ქართველი კაცი, რომელსაც მანქანა ჰყავს, მეტროთი არ იმგზავრებს, ეს გამორიცხულია. ქაოსური მოძრაობის პრობლემა ურბანისტების აქტიური ჩარევით უნდა მოგვარდეს, რომ გამოსავალი მოიძებნოს, თუმცა მიღებული გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის არ უნდა იყოს მძიმე.
ხალხს გაუჩნდა საშუალება და ავტომანქანებს ყიდულობს, ტენდენცია სამომავლოდაც გაგრძელდება. ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. სპეციალისტების აქტიური და სწორი ჩარევით, ალბათ, საცობებთან დაკავშირებული პრობლემაც მოგვარდება", - აცხადებს ბუაჩიძე.
"საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" ხელმძღვანელი ეკა ლალიაშვილი ფიქრობს, რომ უნდა შეიქმნას ორგანო, რომელიც სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს და ამ გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებლობას აიღებს.
"იმისთვის, რომ პრობლემა მოგვარდეს და საცობებისგან გავთავისუფლდეთ, ესტაკადების მშენებლობა საკმარისი არ არის. "ჭკვიანი შუქნიშნების" დამონტაჟება, ორმხრივი მოძრაობის ქუჩების გახსნა და სხვა, მხოლოდ დროებით თუ მოაგვარებს პრობლემას. საჭიროა გავიზიაროთ ევროპული გამოცდილება და აქცენტი მანქანების რაოდენობის შემცირებაზე გავაკეთოთ. ევროპული ქვეყნების სტრატეგია მიმართულია იქითკენ, რომ ავტომობილების რაოდენობა შემცირდეს ქალაქში, განვითარდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მეტი იარონ ფეხით ადამიანებმა.
ყოველწლიურად კატასტროფულად იზრდება ავტომობილების რაოდენობა. ის ღონისძიებები, რაც ამ კუთხით სახელმწიფოს მხრიდან ტარდება, არ არის საკმარისი. ამას უფრო კომპლექსური მუშაობა სჭირდება როგორც სახელმწიფო, ისე მუნიციპალურ დონეზეც", - აცხადებს ლალიაშვილი.
რავი, მე მგონი კატასტროფის წინაშე ვართ, მოვიდეს ბიდზინა გა გაგვცეს პასუხი.
This post has been edited by 7171 on 6 May 2015, 11:07
მიმაგრებული სურათი