იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული, ყოფილი პოლიციელი გია სოსანაშვილი აცხადებს, რომ გამომძიებლები მასზე ზეწოლას ახორციელებდნენ და მკვლელობის დაკვეთად ყოფილი პოლიციელის, ირაკლი ფირცხალავას დასახელებას აიძულებდნენ. სოსანაშვილის წერილობითი განმარტება ტელეკომპანია რუისთავი 2-ს ბრალდებულის ადვოკატმა მიაწოდა.
სოსანაშლის განმარტებით, 7 თებერვალს მთავარ პროკურატურაში მიყვანის დროს დაკავების მიზეზი მისთვის ჯერ კიდევ უცნობი იყო. საქმის დეტალები მას დასაკითხ ოთახში შეყვანის შემდეგ უთხრეს, სადაც 13 საათი რკინის მაგიდაზე ხელბორკილებით ჰყავდათ მიბმული.
"შემოვიდა მამუკა ვასაძე და მითხრა, რომ იურა ვაზაგაშვილი არის შენი მოკლული და აღიარეო. მე ვუპასუხე, რომ ამ საქმესთან საერთოდ კავშირი არ მქონდა. მან კი მიპასუხა, რომ მკვლელობის ადგილიდან ამოღებულ ხელყუმბარის სახელურზე შენი დეენემ-ი ამოვიდა და არც დაუმალავს თუ საიდან. გასულ ღამეს გენერალურში რომ მოგაშარდინეს და დეენემ-ი აგიღეს, როგორ ფიქრობ, არ ამოვიდოდაო? საინტერესოა, საიდან იცოდა მამუკა ვასაძემ ჩემი პროკურატურაში მიყვანისთანავე, დღის 3 საათზე, რომ ჩემი დეენემ-ი იყო ხელყუმბარის სახელურზე, მაშინ, როდესაც ნიმუშიც კი არ ჰქონდათ აღებული", - წერს სოსანაშვილი.
ადვოკატ სოსო ჯოგლიძის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ოფიციალურად გენეტიკური კვლევა დაკავებიდან 6–7 საათის შემდეგ ჩაუტარეს. ადვოკატის ცნობით, გარკვეული დრო სოსანაშვილისა და ასაფეთქებლის ფალიაზე ამოსული დნმ–ების შედარებას დასჭირდებოდა. ადვოკატი ეჭვობს, რომ დნმ-ის ნიმუში, რომელსაც გამოძიება ეყრდნობა, გაყალბებულია.
ახსნა-განმარტებაში გია სოსანაშვილი მასზე განხორციელებულ ზეწოლაზეც წერს. იგი აღნიშნავს, რომ მთავარი პროკურატურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი მამუკა ვასაძე მას მკვლელობის აღიარებასა და დამკვეთად კონკრეტული პირის დასახელებას სთხოვდა. პროკურატურის მარალჩინოსანი მისი მამხილებელი ფოტოებითაც ემუქრებოდა, რომელიც თითქოს გამოძიებას ოკუპირებულ სოფელ ორჭოსანში მდებარე რუსული სამხედრო ბაზიდან ჰქონდათ მიღებული.
„მაიძულებდა შემკვეთად ირაკლი ფირცხალავა დამესახელებინა, სამაგიეროდ სასჯელის შემსუბუქებას და ოჯახის უსაფრთხოებას მპირდებოდა. იყო შანტაჟი ვასაძის მხრიდან, რომ მას ჰქონდა სურათები რუსების გადაღებული, რომელიც ადასტურებდა ჩემს ყოფნას ვაზაგაშვილების სასაფლაოზე. თუ აქვთ ეს სურათები, გამოიყენონ, არ ვარ წინააღმდეგი. მაგრამ საიდან, როცა არასდროს ვყოფილვარ შესული ვაზაგაშვილების სასაფლაოზე", -აღნიშნავს სოსანაშვილი.
სოსანაშვილის მიერ ახსნა-განმარტებაში მოყვანილი ფაქტები მთავარ პროკურატურაში უარყვეს. უწყებაში განაცხადეს, რომ ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული არა მამუკა ვასაძემ, არამედ საქმის გამომძიებელმა დაკითხა. მათივე განმარტებით, ვასაძეს, როგორც საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელს, ნებისმიერ მოქმედებაში მონაწილეობის უფლება აქვს.
რაც შეეხება დნმ-ს, საგამოძიებო უწყებაში დაადასტურეს რომ სოსანაშვილს გენეტიკური კვლევა დაკავების შემდეგ ჩაუტარეს. აღებული ნიმუში კი ზურა ვაზაგაშვილის საფლავზე მის დაკავებამდე ერთი თვით ადრე ნაპოვნ დეენემ-ს შეადარეს.
იური ვაზაგაშვილი საკუთარი შვილის საფლავზე 20 იანვარს ააფეთქეს. გამოძიება ერთადერთი ბრალდებულის მიმართ დამამძიემებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
http://www.tabula.ge/ge/story/95011-sosana...s-maidzulebdnen