ლიაუნის სტუდენტები საიდუმლო სატელეფონო აუდიოჩანაწერს გამოაქვეყნებენ
ილიაუნის სტუდენტები საიდუმლო სატელეფონო აუდიოჩანაწერს გამოაქვეყნებენ
18:01 / 14.04.2015
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ხვალ პრესკონფერენციას გამართავენ, სადაც საიდუმლო სატელეფონო აუდიოჩანაწერს გამოაქვეყნებენ.
როგორც ილიაუნის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი, კლუბი „ანტიპოდები YES“-ის წარმომადგენელი თორნიკე ჩიქოვანი აცხადებს, ის პრესკონფერენციას უნივერსიტეტის სხვა სტუდენტებთან ერთად ჩაატარებს.
ჩიქოვანის განმარტებით, საიდუმლო სატელეფონო ჩანაწერი ილიას უნივერსიტეტში 20 აპრილს დაგეგმილ სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებს ეხება.
„ჩანაწერში საუბარი უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ერთ-ერთი სამსახურის უფროსსა და სტუდენტს შორისაა. საუბრიდან იკვეთება, რომ ილიას უნივერსიტეტის ადმინისტრაცია - პიარის უფროსი ანა კვანჭილაშვილი და სტუდენტური სამსახურის უფროსი გიორგი ღვინჯილია, აკადემიურ პერსონალთან ერთად, ცდილობს, არჩევნებში მონაწილე ერთ-ერთ სტუდენტურ კლუბს - ერთიანი ძალას, საარჩევნო სიებისა და მაჟორიტართა დაკომპლექტებაში დაეხმაროს“, - განმარტავენ „ანტიპოდები YES“-ის წარმომადგენლები.
მათივე თქმით, ამავე ჩანაწერში ადმინისტრაციის თანამშრომელი ცდილობს, კანდიდატი რეგისტრაციის ვადის ამოწურვის შემდეგ მაჟორიტართა სიაში ჩასვას. შესაბამისად, აღნიშნული ქმედება მათი შეფასებით, უმაღლესი განათლების შესახებ კანონს ეწინააღმდეგება.
„ადმინისტრაციის მაღალჩინოსნის ქმედება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმის დაღვევას წარმოადგენს და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაა. ილიას უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებში ორი სუბიექტი მონაწილეობს - კლუბი „ანტიპოდები YES” და ერთიანი ძალა. აღნიშნული ჩანაწერიდან კი ირკვევა რომ, „ილიაუნის“ ადმინისტრაცია ცდილობს, თვითმმართველობის სათავეში მართული ძალა მოიყვანოს“, - აცხადებენ „ანტიპოდები YES“-ის წევრები.
მათივე თქმით, სტუდენტები უახლოეს დღეებში გეგმავენ, საპროტესტო აქციები დაიწყონ მოთხოვნით - „გადადგნენ ადმინისტრაციის თანამშრომლები - პიარის უფროსი ანა კვანჭილაშვილი და სტუდენტური სამსახურის უფროსი გიორგი ღვინჯილია“.
სტუდენტები ასევე მოითხოვენ, სასწრაფოდ შეწყდეს სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებში უხეში ჩარევა, რადგანაც მათივე ვარაუდით, არჩევნების დღეს ადმინისტრაცია ყველანაირად შეეცდება, არჩევნების შედეგზე ზეგავლენა მოახდინოს.
http://info9.ge/sazogadoeba/116387-iliauni...html?lang=ka-GE