karlsoni
ხატიონი

        
ჯგუფი: Members
წერილები: 50810
წევრი No.: 7762
რეგისტრ.: 13-December 04
|
#44281547 · 10 Apr 2015, 17:33 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
- ჩვვენ, ადამიანები, - დაიწყო ალექსანდრომ,- თუმცა კი ვითომ კარგად ვართ ერთმანეთთან, მაგრამ სრულიად ადვილი შესაძლებელია უფრო უკეთესად ვიყოთ. - სწორია! - დაიღრიალა მთვრალმა და მისკენ უნებურად შეტრიალებულ, შემკრთალ ქალს თვალი ჩაუკრა. - ადამიანთა ურთიერთობა უკეთესობისაკენ მიდის, - დამაჯერებლად განაგრძო ალექსანდრომ, - ჩვენი უძველესი წინაპრები თურმე ერთმანეთს ჭამდნენ, ამ სიტყვების პირდაპირი გაგებით, ახლა კი, ამდაგვარი შემთხვევები აღმოიფხვრა. ხოლო ეს, - კარგია. - ვაშაა!! - დასჭექა კუმეომ. - ადამიანის გზა, - ჩუმად თქვა ალექსანდრომ,- ეს უნდა იყოს გზა უკეთესობისაკენ. ხოლო მე გეკითხებით, - ხალხისკენ გაიშვირა ხელები,- რა მიგვიყვანს უკეთესობისაკენ? - ჭეშმარიტება! - წამოიძახა ვიღაცამ და სიცილით კინაღამ გაიგუდა. - უფრო ზუსტად!- მოითხოვა ალექსანდრომ. - საპონი! - იოხუნჯა ვიღაცამ. - პირველი ასო სწორია! - გაეხარდა ალექსანდროს. - ს? ... სკამი! - არა! - თქვა ეშხში შესულმა ალექსანდრომ და უცებ ძალიან გაუკვირდა, - რა შუაშია სკამი? - სათნოება? - უფრო ზუსტად! - იმედი მიეცა ალექსანდროს. - რაინდული კეთილშობილება!!! - სად არის მანდ ს? - აბა რა, რა ალექსანდრო? - რა და... - ალექსანდროს რაღაც რბილმა და ნაზმა დაუარა სხეულში, ისე უცნაურად მოეშვა, ისე ჩამოყარა მხრები; თვალები კი ზემოთ, დარბაზის ჭერისაკენ აღაპყრო, ცალი ხელი ნელა, ნელა ასწია მაღლა და თქვა: - სიყვარული... დიდი მხიარულება ატყდა: - ოო, ო, შეყვარებული ყოფილა! მთვრალი წამოხტა, შუბლზე მიიდო თითი და ატინგიცდა: - სიყვარული რას არ შვრება, რას არ შვრება, რას არ შვრება! ... - არა ყმაწვილო, ეს მხოლოდ ის სიყვარული არაა, შსენ რომ გულისხმობ, - ნაღვლიანად შეაცქერდა ალექსანდრო, - მე უფრო დიდ, უფრო კარგ სიყვარულზე მოგახსენებთ. - რა იცი შენ სიყვარული რაა! - გაბრაზდა უცებ ვიღაც დარბაისელი კაცი,- ცოლი შენ არ გყავს და შვილი! - შენ თუ ცოლი გყავს და ნამდვილი სიყვარულიც იცი, იმიტომაც არ დაძვრები როზალინდასთან! - არანაკლებ გაბრაზდა ალექსანდრო. კაცი გაშრა. ყველამ მისკენ მიიხედაა, აჭარხლებული კაცი ერთხანს თითქოს სკამში ჩაიმალა, მაგრამ მერე წამოხტა და ალექსანდროს ფერდაკარგულმა დაუღრიალა ; - შტერი ხარ, შტერი, ყეყეჩი... რა უნდა გელაპარაკო!!! - აი, სიძულვილი, - უთხრა ხალხს ალექსანდრომ, - განა ეს კარგია? - მოვკლავ მაგ... მაგ... - სიტყვა გაუწყდა კაცს, - მაგ ღორს, მაგ ვირზე უარესს, მაგას! -იცი, ჯულიო ახლა რას გეტყვი? - ღიმილით კითხა ალექსანდრომ. სწორედ ის ჯულიო იყო, დარბაისელი, მამიდა არიადნას სიყრმის მეგობარი. - რას მეტყვი! მითხარი, აბა, აბა, გაბედე რამე, მითხხარი, აბა! - მე შენ მიყვარხარ, ჯულიო... - გადი აქედან, შენ და შენი სიყვარული, შე ძროხა, შე... - შეათვალიერა ჯულიომ, - შე მჭლე ძროხა, შენ! - როგორ მიყვარხარ, რომ იცოდე! გაცოფებულმა ჯულიომ სხვა ვერაფერი მოიხელთა, ფეხსაცმელი გაიძრო და ესროლა, მაგრამ ააცდინა. ალექსანდრო დაიხარა, თავისი ცხვირსახოცით გაწმინდა ფეხსაცმელი და პირველ რიგში მჯდარ ახალგაზრდას გაუწოდა: - აი, ესაა ნამდვილი სიყვარული, მიუტანე გეთაყვა... - მაგას როგორ ჩავიცვამ, მაგის ხელში გამოვლილს, მაგ მუდრეგის ხელში, მაგ... - აი, ეგაა სიძულვილი, - ჯულიოსაკენ გაიშვირა ხელი ალექსანდრომ, მერე კი მკერდზე ჩამოისვა, - ხოლო ეს - სიყვარულია, ა, რომელი სჯობს? მაინც მიყვარხარ, ჯულიო... - ამდენი ხალხი იმიტომ მოვედით, თქვენს არშიყობას რომ ვუყუროთ? - წამოიძახა ვიღაცამ და მთელი დარბაზი ახორხოცდა. ჯულიოსაც ჩაეცინა. ხელი ჩაიქნია, თქვა: "ეჰ, რა ველაპარაკო, შტერია..." და დაჯდა. - რაც გინდა ვიყო, - დანაღვლიანდა ალექსანდრო,- გინდა შტერი, გინდა პირიქით, მე თქვენ მიყვაარხართ... მე გული მტკივა თქვენ რომ შეგცქერით, ოო, ისე მწყინს თქვენი ყოველი უმსგავსობა, მაგრამ მაინც მიყვარხართ, ეჰ რა კარგია, რა შესანიშნავი გრძნობაა რომ იცოდეთ... მეც თქვენსავით ვიყავი ერთ ხანს, მხოლოდ ჩემიანები მიყვარდა, და მერე, ჩემთვის მოულოდნელად, სულში გამეფურჩქნა უცნაური, სიყვარულის მცენარე - აბა, თუ მიხვდებით, რომელი? - ყაყაჩო! - არა, - ჩქარა ჭკნება! - ენძელა! - ნაზია ძალზე... - გეორგინი! - გაფოფრილია... - ვარდი? - შაბლონურია... - აბა რა? - და უცებ სულში გამეფურჩქნა უცნაური მცენარე, სიყვარულის კაქტუსი - ეკლიანი და ეკლებიანი, ოღონდ საოცრად ტკბილი იყო მისი მისი ყოველი ჩხვლეტა, და აი ახლაც, თქვენ რომ გიყურებთ, ახლა მჩხვლეტს...
--------------------
ნადირობა ბინებზე კი არა, ჭვავის ყანაში მორბენალ ბალღებზე მიდის.
Et facta est lux!
無名天地之始, 有名萬物之母。
https://bilingua.ge/
|