რეალური ეკონომიკის ნაცვლად, თანაინვესტირების ფონდი თანხებს ვირტუალურ ვალუტაში დებს.ექსპერტებს ამ შეფასების საფუძველს თანაინვესტირების ფონდის მიერ განხორციელებული ერთ–ერთი პირველი პროექტი „ბიტკოინი" აძლევს.
ფონდის დაარსებისას ითქვა, რომ მის მიერ დაფინანსებული პირველი პროექტი რძის საწარმო იქნებოდა. თუმცა, ფონდმა პირველი ინვესტიცია განახორციელა ენერგეტიკის სფეროში, პროექტში„მტკვარი ჰესი", რომელიც ახალციხის რაიონში მდებარეობს.
პროექტის სრულად განხორციელებით ენერგეტიკის სფეროში $98 მლნ ამერიკული დოლარის ინვესტიცია ჩაიდებამ და 100 კაცი დასაქმდება.
"ადმირალ მარკეტსის" საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორის დავით წიქარიძის განცხადებით, მან, ვინც ბიტკოინზე ფსონი და ინვესტიციები ჩადო, ძალიან იზარალა, მათ შორის იზარალა „თანაინვესტირების ფონდმაც", რომელმაც ბიტკოინის წარმოებაში 10 მილიონი დოლარი ჩადო.
რაც შეეხება თანაინვესტირების ფონდის სხვა პროექტებს, ასეთი რამდენიმეა. მათ შორის ყველაზე მსხვილი პროექტი „პანორამა-თბილისია", 500 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროექტი, რომელსაც თანაინვესტირების ფონდის მიერ 2014 წლის მარტში დაფუძნებული კომპანია „ოლდ სითი დეველოპმენტი" განახორციელებს.
ერთ-ერთი განხორციელებული პროექტია გარდაბანში თანამედროვე ტიპის სასათბურე მეურნეობა, რომელიც თანაინვესტირების ფონდისა და სასათბურე მეურნეობის განვითარებაში წამყვანი ფრანგული კომპანია რიშელ ჯგუფის (RICHEL GROUP) ერთობლივი ინვესტირების შედეგად განხორციელდა.
4.4 ჰექტარზე გაშენებულ სასათბურე მეურნეობაში ამ დროისთვის დასაქმებულია 108 ადამიანი, ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობა.
თანაინვესტირების ფონდის კიდევ ერთი პროექტი „ნიბა დელისია," რომლის მშენებლობა სავარაუდოდ აპრილის შემდეგ დაიწყება.
პროექტის თანადაფინანსების შესახებ თანაინვესტირების ფონდთან ხელშეკრულება გაფორმებულია და დაწყებულია „დიუ დილიჯენსის" პროცესი, რაც გულისხმობს წარდგენილი პროექტისა და დოკუმენტების მხარეების მიერ მოწონებას.
პროექტის განსახორციელებლად 24 მილიონი დოლარია საჭირო. თანხის ნაწილი, თანაინვესტირების ფონდმა უნდა გამოყოს, ნაწილს კი „საქართველოს ბანკი" დაფარავს.
„ნიბა დელისის" პროექტი 35 ათას კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზეა გათვლილი, ის ითვალისწინებს 4 მიწისქვეშა საპარკინგე და 5 სართულიანი სავაჭრო ზონის მოწყობას. პროექტის დასრულდება 2016 წელს იგეგმება.
კიდევ ერთი პროექტი, რომელშიც თანაინვესტირების ფონდი წილში შევიდა. „აქსის თაუერსია", რომელიც 7 წლის მანძილზე გაჩერებული იყო.
დღეისათვის სამშენებლო სამუშაოები განახლებულია და მათი დასრულება 2017 წლისთვის იგეგმება.
პროექტ „აქსის თაუერსის" ჯამური საინვესტიციო ღირებულება 83 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს, ხოლო მის კაპიტალში კომპანია „აქსისის" და ფონდის მონაწილეობა თანაბარი წილებით განისაზღვრება.
„თანაინვესტირების ფონდი" 2013 წლის სექტემბერში დაფუძნდა ქართველი და უცხოელი ინვესტორების სახსრებით. მაშინ ითქვა, რომ უკვე იმ ეტაპზე ამჟამად 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ათამდე საინვესტიციო პროექტი განიხილებოდა და 2013 წლის ბოლომდე რამდენიმე სასტუმროს მშენებლობაში ინვესტიციების განხორციელება იყო ნავარაუდევი.
ეკონომიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ თანაინვესტირების ფონდი ქვეყანაში საჭირო საქმეს აკეთებს. ფონდის ინვესტორები არიან კერძო სტრუქტურები და ეს არ არის სახელმწიფო ფული. აქედან გამომდინარე, მათ აქვთ თავიანთი სტრატეგია და განვითარების ტაქტიკა. ხუხაშვილის თქმით, მათი სტრატეგია არის კონფიდენციალური, მათი ფულია და რომელ სფეროში ჩადებს ინვესტიციას, ეს მათი საქმეა.
„ხომ არ შეიძლება „კოკა-კოლა" ვაკრიტიკოთ იმის გამო, თუ კომპანია პროდუქტში შაქარს აკლებს? ეს მათი სტრატეგიის ნაწილია. როცა ფონდი რომელიღაც სფეროს ინვესტირებას ახდებს ქვეყანაში, უკვე პოზიტიურია. რაც შეეხება მათი მომქდეების სტარტეგიას, ეს მათი საქმეა, მათი ფულია და ჩვენი საქმე არ არის"-აცხადებს ხუხაშვილი.
თანაინვესტირების ფონდის მუშაობას „ახალი ეკონომიკური სკოლის" ხელმძღვანელი პაატა შეშელიძეც აფასებს და აცხადებს, რომ შეიძლება დღეს 1 ლარი ვირტუალურ სფეროში ჩადო და 10 მიიღო და რეალურიდან კი იზარალო.
მისი თქმით, ბიტკოინი ძალიან სერიოზული მოვლენაა. ამას პერსპექტივა საქართველოშიც აქვს. „ეს არის კერძო ფული, რომლის ემისია დამოკიდებულია ადამიანის ინტელექტზე და გაცვლითი ოპერაციების მასშტაბებზე. თუ თანაინვესტირებას ეს თემა აინტერესებს, ძალიან კარგია. ამ თემაზე მათ უფრო მეტი ღონისძიება უნდა ჩაატარონ"-აცხადებს ფონდი.