სასტუმრო „თორის" დემონტაჟი მაისის ბოლოდან დაიწყებასასტუმრო „პარკ ინ ბაი რედისონ თბილისის" მშენებლობისთვის დღეს, კომპანია „ბლოკ ინვესტსა" და „კარლსონ რეზიდორ ჯგუფს" შორის ხელშეკრულება გაფორმდა.
როგორც "კომერსანტთან" საუბარში "ბლოკ ინვესტის" გენერალურმა დირექტორმა, თორნიკე ჯანაშვილმა აღნიშნა, სასტუმრო იქნება საშუალო სეგმენტზე გათვლილი, 3-4 ვარსკვლავიანი, რომელიც კონკურენციას მაგალითად "ქორთიარდ მერიოტსა" და "თბილისი მერიოტს" გაუწევს.
კომპანიის ცნობითვე, გადაწყდა სასტუმრო „თორის" დემონტაჟი, რადგან შენობის გადაკეთება უფრო ძვირი ჯდებოდა, ხოლო დემონტაჟი მაისის ბოლოდან დაიწყება. „პარკ ინ ბაი რედისონის" სასტუმრო კი 2017 წელს გაიხსნება.
120 ათას კვ.მ-ზე მდებარე სასტუმრო 200 ნომრიანი იქნება, 120 ადამიანზე გათვლილი რესტორნით, ბარით, საკონფერენციო დარბაზებით, და 40 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომით. პროექტის ჯამური ინვესტიცია $25 მილიონს შეადგენს.
„კარლსონ რეზიდორ ჯგუფის" განვითარების დირექტორის, დარენ ბლანშარდის განცხადებით, მათი კომპანიის განვითარებისთვის საქართველო მიმზიდველი ქვეყანაა.
ჯანაშვილი „კომერსანტთან" აღნიშნავს, რომ ეკონომიკის სამინისტროს შენობის მიმართ კვლავ არსებობს ინტერესი. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა თანხებთან იქნება ეს ყველაფერი დაკავშირებული.
ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კი აღნიშნავს, რომ სამინისტროს შენობას საპრივატიზაციოდ უახლოეს დღეებში გამოიტანენ.