იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის, ალექსანდრე ბარამიძის განცხადებით, ნარკოტიკული საშუალებების გასაღებისა და შეძენა/შენახვისთვის პასუხისმგებლობები ერთმანეთისგან გაიმიჯნება.
როგორც „ლიბერალთან“ საუბრისას ბარამიძე განმარტავს, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მოქმედი რედაქციით, ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება, ერთგვაროვანი პასუხისმგებლობით - თერთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
იუსტიციის სამინისტროს ავტორობით მომზადებულ კანონპროექტით კი, გასაღება გაიმიჯნება დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნისგან და მათზე სხვადასხვა პასუხისმგებლობა დაწესდება.
მისი თქმით, კანონპროექტით, დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნისთვის პასუხისმგებლობა 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა იქნება, ხოლო გასაღებისთვის - 6-დან 11 წლამდე.
ალექსანდრე ბარამიძის თქმით, აღნიშნულის შესახებ საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტში უკვე წარდგენილია და განხილვა ამ კვირიდან დაიწყება.
http://www.liberali.ge/ge/liberali/news/124933/