***
შენს არყოფნაში გავიღვიძე.
იქ არ იყო დიდი ხეები,
რომ ჩრდილისთვის შემეფარებინა თავი.
როგორ გავდა ის ქალაქი ჩემს სიმშვიდეს.
შენთან მოვდიოდი და
თვალები სიტყვებით მევსებოდა,
შენთან მოვდიოდი და
სიჩუმე სიტყვებით მევსებოდა,
შენთან მოვდიოდი და
სიტყვებით სავსე სიჩუმე -
მაინც სიჩუმე იყო.
შენს არყოფნაში გავიღვიძე.
ყველაფერი იღონა შენმა არყოფნამ,
რომ ამ ქალაქში პატარა ჩეროც ვერ მეპოვნა.
დავიძინე და სიზმარში გავიღვიძე,
სადაც ჩემმა არ ყოფნამ
შენი არ ყოფნა შეჭამა.
გარეთ შემოდგომა იყო,
ვინ ეკითხებოდა.
***
ის დღეები მენატრება,
რომ არ ყოფილა,
მაგრამ მახსოვს.
***
იცი როგორი ქალი იყო,
მზე თითებიდან ამოჰყავდა
და პურს ზელდა.
პურს ჰყიდდა, ჰყიდდა
მთელი ცხოვრება ბებიაჩემი.
მტრედების გუნდი ესია და მათ აპურებდა.
მტრედებმა წაიღეს მისი სიცოცხლეც
და არეკლილი სუსტი კვალივით
ირგვლილ მოფანტეს.
***
ჯერ ფიქრი რაა,
ცხოვრებით რო
ნელ - ნელა გწამლავს.
სხვები ყოველთვის
ბრუნდებოდნენ
ანდა ითმენდნენ.
ის ისეთია,
თუ წავიდა -
უცხო გზით წავა
და ღამესაც კი არ შერჩება
მისი სითეთრე.
***
შენი ბავშვობა მენატრება
რაც არ მინახავს.
ახლა შენს ფოტოს
ვუყურებ და ასე მგონია,
რომ ფოტოს უკან
ლანდივით დგას
ჩემი ცხოვრება,
და რაღაც მახსოვს
იმ უჩემო წარსულიდანაც.
***
შენ დუმილის კოლექციონერი ხარ
და მხოლოდ თეთრი ჩიტები გიყვარს
სათქმელად.
და ასე იყოს, რაც ნაღდია იმან მოგვკლას.
რადგან ზოგია,
მხოლოდ ბედნიერებაზე ფიქრობს.
ჩვენ კი, ჩემო, ეს რას გვეყოფა,
ჩვენ ხელებივით გაწვდილი გვაქვს
ერთმანეთის ყველა ნერვი,
რომელიც არყოფნის საყვარელ
სიზმარს ირეკლავს
ანუ ყოფნას,
ანუ მე და შენ.
***
არა, ერთხელაც ვერ დავიჯერე
სადღაც ღრმად ჩემში
სხვა ცხოვრებაც
თუ არსებობდა.
თითქოს თუთარჩელა
ხელებიდან
გადამიგორდა
და გაფუჭებული ფოტოებივით
ამოიყარა ის დღეები
შენ რომ არ იცი.
ზუსტად ისეა,
რომ არც გახსოვს
და ვერც ივიწყებ.
სამკუთხედი სხვა დღეებიდან
***
უთხრეს - ეს არ არის შენი ადგილიო.
წავიდა და ხელისგულებზე მზერა წაიფარა,
ჯერ თავისი, შემდეგ რაღაც გამოგონილი,
ორივეს გამო შერცხვა. ისევ სხვა მოიგონა.
უფრო მკვეთრი და უდარდელი - ის კი ნელ-ნელა,
შეუმჩნევლად, მის მზერაში გადაიზარდა.
ხალხმრავალი დღე იყო და იმ დღემ დამალა,
საკუთარი თავისაგან იხსნა. ესეც დროებით.
თუმცა ცხოვრებაზე არ უფიქრია, არც პირიქით.
რაღაც კონკრეტულზე ფიქრობდა. თორემ,
სხეულში რომ სული იყო - კარგად იცოდა,
მას კი სჯეროდა,
რომ იმ სულშიც იყო ვინმე,
ვიღაც მესამე.
***
იქ უკეთ გხედავ სადაც არა ხარ.
მე ჩრდილში ვტოვებ მაინც სინათლეს.
შენ კი ამ შუქის ძალით დახრილი,
ქრები, რომ უფრო მძაფრად ინათო
მერე.
და მაინც
შორი-ახლო ხარ,
იქ, სადღაც მალვით ხავსის იმედებს
ზრდი. არაფერი, ოღონდ ნაპერწკალს,
ოღონდ რაღაცას გადამირჩენდე.
***
როცა ყველაფერი
კარგად იყო -
ეჭვი აიღო.
და ცუდ დღეებში
დაიწყო ქექვა.
***
ხიდთან რომ იდგა
ის კაცი
შეიძლება მე ვიყავი
და არ მახსოვდა
რომ ვიყავი
ან აღარ მახსოვს.
მხოლოდ ის ვიცი
ნიჟარები მიყვარდა.
ზღვა რა შუაშია.
***
ეს ყველაფერი ისე ნადღია,
თითქოს კანკალი დაგაქვს მუხლებით.
იმედად მაინც შეგრჩება რაღაც,
რაღაც ცასავით ამოუხსნელი.
ხო, არის კაცში რაღაც ულევი,
რასაც სხეულით ვერაფრით მართავ.
და გადიოდნენ არ მოუსვლელად
დღეები, როგორც გადიან მართლა.
შენ კი წასული დავიწყებისთვის,
ამ დავიწყებას ივიწყებ ახლა.
***
ჩვენ აქ ვიქნებით,
საკუთარ სიფრთხილესა და ქვებს შორის.
ქვები, რომლებიც დიდხანს ვაგროვეთ,
გზის ჩასახერგად,
რათა არაფერი შეცვლილიყო
და თავიდან აგვეცილებინა მოულოდნელობები.
ცხოვრებაც ხო ეგრეა,
რაც მეტად ეჩვევი - მით მარტივია ყველაფერი,
მათ შორის ორმოც, რომელშიც ვწევართ
და თვალებში ჩაგუბებულ
გაფრენას ვითმენთ.
ერთი ეგაა ქვები გაცვდა, ხვრელები გაჩნდა,
ეს კი თვალისთვის საკმარისია უკვე სავსებით,
რომ სული აგიფეთქოს.
მაგრამ სიყვარულში? - ყველაფერი პირიქითაა,
ვერ მოიშენებ ,როგორც კედელს.
წყალივითაა თუ დააგუბებ აყროლდება
და ხავსს მოიდებს.
შენ უნდა იგრძნო, იგრძნო და გაყვე.
აი, ეს არის.
ხო, აქ ვიქნებით - ამ სიჩუმის გადასარჩენად
და არავის შევაწუხებთ იმაზე მეტად,
ვიდრე ქვების შეგროვებაა და სიყვარული.
ნინის
სადმე გვიპოვნის ერთმანეთი. სადმე კი არა,
ან სადმე, როგორც რომელიმე დროის ნაპირზე.
წამში, საათში, წელიწადში, რაც გავიარეთ
იმაში, რასაც ვაპირებდით, რასაც ვაპირებთ.
ხომ იცი მაინც შემოგვრჩება რაღაცა ვალად,
რაღაცა მაინც წამოგვცდება ანდა ვახსენებთ.
ჩვენ დავიშლებით,
გავქარწყლდებით,
ჩვენ სხვაგან წავალთ,
და ერთმანეთი გადარჩება და იარსებებს.
მიშო დადიანი
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)