2011 წლის 25 მარტს, მოსკოვის საპყრობილეში, საეჭვო ვითარებაში დაღუპული ბიზნესმენისა და ქველმოქმედის, სააკაშვილის რეჟიმის მიერ დევნილი თემურ ყორშიას მეუღლე, ლალი ჯინჭარაძე როლანდ ახალაიას ოჯახის ბიზნესის წართმევაში ადანაშაულება და ამის შესახებ გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ჰყვება.
„თემურ ჭყონია გამოვიდა ახლახან და თქვა - ბიზნესზე ზეწოლა ხდებაო! ჭყონია ახლა თუ განიცდის ზეწოლას, მაშინ ისიც თქვას, 2008 წლის ივნისში ვინ დაურეკა და ვინ უბრძანა, რომ ჩემი მეუღლისთვის წაერთმიათ „კოკა-კოლას" დისტრიბუცია და იგი ფრიდონ თოდუას დის ქმარზე გადაეფორმებინათ? შემდეგ დისტრიბუციის ხელმძღვანელად დანიშნეს კიკალეიშვილი, რომელსაც მოგვიანებით „ბორჯომის" დისტრიბუციაც შეუერთეს... ბევრჯერ ვცადე მამუკა ხაზარაძესთან შეხვედრა, მაგრამ ვერ მოვახერხე, სამაგიეროდ, შევხვდი ბიძას - თემურ ხაზარაძეს, რომელიც მთელი „ბორჯომის" დისტრიბუციას ხელმძღვანელობდა. თემურ ხაზარაძე და ჩემი მეუღლე ერთმანეთს კარგად იცნობდნენ და ჩემი მეუღლის დავალებით მივედი მასთან. თემურ ხაზარაძე დამპირდა, რომ ჩვენს მდგომარეობაში შევიდოდა მაგრამ რა ვიცოდი, თუ ესენი ერთიანი გეგმით მოქმედებდნენ და „თიბისი ბანკი" სააკაშვილის ხელისუფლების ხელში იყო ინსტრუმენტი ბიზნესმენების დასაყაჩაღებლად.
2007 წელს როლანდ ახალაიამ დაიბარა ჩემი მეუღლე და უთხრა - თემურ, ზუგდიდის პოლიციის ძველი შენობა აუქციონზე გააქვთ, ძალიან მინდა ეს ტერიტორია, მაგრამ მე ვერ გამოვჩნდები, მოდი, „თიბისი ბანკში" ჩავდოთ შენი ქონებები, გამოვიტანოთ კრედიტი, იყიდე შენობა, არჩევნების შემდეგ ფული შემომივა, ყველაფერს გაგისწორებ, ხოლო შენობას მე დავიტოვებო! ახალაიებს, აბა, უარს ვინ გაუბედავდა?! რამდენიმე დიდი ობიექტი, მიწები, მათ შორის კაფე-რესტორანი, რომელიც თითქმის დამთავრებული იყო, ჩემმა მეუღლემ „თიბისი ბანკში" ჩადო და ბანკმა მას მისცა 2-მილიონიანი ტრანში 20 წლის ვადით და ასევე კრედიტი, ასევე მილიონის ოდენობით. ბოლო მომენტში, როცა თემურმა პოლიციის ძველი შენობა აუქციონზე იყიდა, როლანდ ახალაიამ შენობაზე უარი თქვა, რადგან იქ ვანო მერაბიშვილის ინტერესები გამოიკვეთა და შეშინდა. სხვათაშორის, „თიბისი ბანკში" ჩემი მეუღლის ქონებებთან ერთად დათა ახალაიას მძღოლის სახლიც იყო ჩადებული, რომელიც როლანდ ახალაიამ ორ თვეში გამოიხსნა. როცა ჩემს მეუღლეს დაჭერა დაუპირეს, „თიბისი ბანკი" თითქოს ამას უცდიდაო, დაიწყო პრობლემები... „თიბისი ბანკმა" ჩემი მეუღლის კაფე-რესტორანი, რომლის გახსნასაც მხოლოდ ლენტის გაჭრა აკლდა, 18 ათას ლარად მიჰყიდა როლანდ ახალაიას დისშვილს - ბესო ცხადაიას, ხოლო „ბორჯომის" საფირმო მაღაზია, მას პირდაპირ გადაუფორმეს! 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ 10 ყვითელი ავტობუსი ლიზინგით შეაძენინეს ჩემს მეუღლეს ისევ „თიბისი ბანკის" საშუალებით და, როგორც კი კაცი საქართველოდან გააქციეს, ავტობუსები მიზერულ ფასად მიჰყიდეს ზაზა გოროზიასა და ალიკა ქობალიას!"- აცხადებს ლალი ჯინჭარაძე.
http://reportiori.ge/?menuid=3&id=63472